Facebook Twitter

საქმე № ას-500-2021 26 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტი განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ.ბ–ძემ, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე კრედიტორების უფლებამონაცვლედ ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

2. განმცხადებლის განმარტებით, 2012-2015 წლებში გააფორმა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება და კორპორაცია „ქ–ის“ და შპს „ა–ას“ (შემდეგში: კომპანიები) მეანაბრებიდან, მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულებიდან და მისი მარწმუნებლებიდან, მსხვილი კრედიტორებიდან, მიიღო ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ გააჩნდათ კომპანიებისა და კოოპერატივ ქვემო ქედის მიმართ.

3. განმცხადებლის მოთხოვნა იყო, კომპანიების მეანაბრეების - ნ.გ–ძის, კ.ლ–ძის მემკვიდრის ო.ლ–ძის, ზ.ლ–ძის, ი.პ–ძის, დ.წ–ას და გ.ჩ–ძის მიმართ წარმოებულ საქმეებზე უფლებამონაცვლედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა. განმცხადებლის განმარტებით სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება სრულად არ იყო განხორციელებული.

4. უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა წერილობითი მასალა - 2012 წლის 23 მაისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #2ბ/1966-02), 2003 წლის 10 ნოემბრის სააღსრულებო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება და 2016 წლის 22 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი (საქმე #1012616-15), თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ (საქმე #790486-15)

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით განცხადება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #2ბ/1966-02) კრედიტორების უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გადაგზავნილ სამოქალაქო საქმეზე - #2/153, რომელიც თორმეტი ტომისგან შედგებოდა, არ აღმოჩნდა #2ბ/1966-02 სამოქალაქო საქმის მასალები.

7. არქივიდან გადაგზავნილი #2/153 საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ 2014 წლის 8 იანვარს, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა განცხადება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა (2ბ/1966-02) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ასევე ირკვეოდა, რომ 2014 წლის 15 იანვარს, არქივიდან გადაგზავნილი იყო სამოქალაქო საქმე #2/153. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის მიერ, 2015 წლის 25 მარტს შედგენილი აქტით დგინდებოდა, რომ 2014 წლის 15 იანვარს დეპარტამენტის არქივიდან შესულ სამოქალაქო საქმეში #2/153 არ აღმოჩნდა 2ბ/1966-02 საქმის წარმოება, რის გამოც გადაგზავნილი საქმე დაუბრუნდა დეპარტამენტის არქივს.

8. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა გამოითხოვა დასახელებული სამოქალაქო საქმის მასალები, ასევე, დეპარტამენტის არქივს დამატებით გაეგზავნა განმცხადებლის მიერ წარდგენილი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების და 2003 წლის 10 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის ასლები.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დეპარტამენტის არქივიდან, 2021 წლის 9 მარტს შესული მიმართვის თანახმად, განცხადებაში მითითებული მონაცემებით სამოქალაქო საქმე 2ბ/1966-02 არ მოიძებნა.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განმცხადებელს სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია მის მიერ მითითებულ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2003 წლის 10 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ინფორმაცია იმის თაობაზე, დასახელებული სააღსრულებო ფურცელი იყო თუ არა წარდგენილი აღსასრულებლად.

11. განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოითხოვა აგრეთვე ინფორმაცია, 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, 2003 წლის 10 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იყო თუ არა წარდგენილი აღსასრულებლად, ან თუ მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, აღსრულების რა ეტაპზე იყო, ხოლო თუ დასრულებული იყო სააღსრულებო წარმოება, რა ნაწილში აღსრულდა გადაწყვეტილება.

12. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს #5945 მომართვის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროში არ იძებნება, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმის წარმოების პროგრამაში, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში, სააპელაციო სასამართლოს მიმართვაში მითითებული აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, კერძოდ, სააღსრულებო წარმოება უნდა დაწყებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2003 წლის 10 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

13. ამდენად, ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დეპარტამენტის არქივიდან თავდაპირველად გაიგზავნა საქმე #2/153 თორმეტ ტომად, თუმცა დასახელებული საქმის მასალებში არ აღმოჩნდა სამოქალაქო საქმე 2ბ/1966-02 წარმოება. ხელმეორედ გამოთხოვის შემდეგ, დადგინდა, რომ სამოქალაქო საქმე 2ბ/1966-02 არ იძებნებოდა. ასევე, არ დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული 2003 წლის 10 ნოემბერს გაცემული სააღსრულებუ ფურცელი წარდგენილი იყო აღსასრულებლად.

14. დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება.

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, უფლების დათმობის ხელშეკრულებით მიღებული აქვს უფლებები, სააღსრულებო ფურცლები, რომლის ნაწილიც აღსრულებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილის აღსრულებისთვის საჭიროა კერძო საჩივრის ავტორის უფლებამონაცვლედ ცნობა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

18. კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მის უფლებამონაცვლედ ჩართვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გადაგზავნილ სამოქალაქო საქმეზე - #2/153, რომელიც თორმეტი ტომისგან შედგებოდა, არ აღმოჩნდა #2ბ/1966-02 სამოქალაქო საქმის მასალები. აღნიშნული საქმის ხელმეორედ გამოთხოვისასაც არ მოიძებნა დასახელებული სამოქალაქო საქმეები. არც დეპარტამენტის არქივში შენახულ საქმის მასალებში და არც სააღსრულებო ბიუროდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით არ დგინდეობა საქმეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ ამავე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების, ნაწილობრივ აღსრულებისა თუ აღუსრულებლობის საკითხი, დამატებით კერძო საჩივრის ავტორს, არც სააპელაციო და არც უზენაეს სასამართლოში მისი საჩივრის განხილვისას არ წამოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფდა მისი მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებულობასა და განხორციელებადობას.

21. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეუძლებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნაზე მსჯელობა და დაკმაყოფილება, იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით საერთოდ ვერ იძებნება დასახელებული სამოქალაქო საქმე, აგრეთვე არ დგინდება გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შედეგები.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე