Facebook Twitter

საქმე №ას-955-2020 9 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.01.2020 წლის გადაწყვეტილებით პ.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, ან „დასაქმებული“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან "კასატორი") 19.07.2019 წლის #1325/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით დასაბეგრი 14 300 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 26.08.2014 წლის ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, 26.08.2014 წლიდან 26.11.2014 წლის ჩათვლით. 01.06.2018 წლის ბრძანებით მოსარჩელე, როგორც საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, 01.06.2018 წლიდან გადაყვანილ იქნა ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის ხელფასი გათავისუფლების დროისათვის შეადგენდა დასაბეგრ 1300 ლარს.

1.2. მოსარჩელე 23.05.2019 წლის წერილით გააფრთხილა დამსაქმებელმა ორგანიზაციული ცვლილებების გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

1.3. მოპასუხის 17.07.2019 წლის ბრძანებით დამტკიცდა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო.

1.4 19.07.2019 წლის ბრძანებით მოსარჩელესთან 22.07.2019 წლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის ((შემდეგში სშკ) წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეზე გაიცა 1 თვის კომპენსაცია, ასევე 2019 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხა.

1.5. 02.08.2019 წელს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება.

1.6. ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულები ლოჯისტიკის და ქონების მართვის სამსახური ჩამოყალიბდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და დაექვემდებარა ფინანსურ დეპარტამენტს. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საშტატო ნუსხა განისაზღვრა - 3 ერთეულით, ნაცვლად 9 ერთეულისა.

1.7. მოსარჩელე გათავისუფლების დროისათვის დასაქმებული იყო ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. ლოჯისტიკის და ქონების მართვის განყოფილების უფლებამოსილებები იყო: ა) მატერიალური ფასეულობების მართვა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; ე) სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა; ვ) სააგენტოს სამსახურებრივი საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

1.8. რეორგანიზაციის შემდეგ საფინანსო-ეკონომიკური სამსახური გადაკეთდა ფინანსურ დეპარტამენტად და ამავე დეპარტამენტში გადავიდა ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილება შეცვლილი სახელით. კერძოდ, მას კვლავ ეწოდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, სადაც 9 შტატის ნაცვლად დარჩა 4 შტატი: 1 სამმართველოს უფროსის შტატი, 2 მთავარი სპეციალისტის შტატი და კოორდინატორის შტატი. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს იმ უფლებამოსილებებსაც, რაც ჰქონდა ლოჯისტიკის და ქონების მართვის განყოფილებას.

1.9. მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების კოორდინატორის უფლებამოსილებებში შედის: სააგენტოსთვის გადაცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადაცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა; სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

1.10. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის კოორდინატორის თანამდებობა ვაკანტური იყო, თუმცა დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ეს თანამდებობა არ შეუთავაზებია. კოორდინატორის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი. 04.12.2019 წლიდან კოორდინატორის თანამდებობა გაუქმდა.

1.11. შტატები მოპასუხე სააგენტოში მართლაც შემცირდა მოსარჩელის გათავისუფლების მომენტისათვის და ამის მიზეზი გახდა საქართველოს ტყის კოდექსში და ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, სააგენტო აღარ ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის ფიზიკური დაცვის ფუნქციას და ეს ფუნქცია, სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის სახით, გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს. ამ ცვლილების გამო 2018 წლის დეკემბრის ბოლოს სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის საშტატო რიცხოვნობის მხრივ.

1.12. შეფასების საგანს წარმოადგენს, ორგანიზაციულ ცვლილებებს აუცილებლად მოჰყვებოდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის შემცირება და დამსაქმებელმა შესთავაზა თუ არა მოსარჩელეს რეორგანიზაციის დროს დასაქმებულის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით არსებული ყველა ვაკანსია, რათა თავიდან აეცილებინა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ასევე რეორგანიზაციის დროს სააგენტოს გააჩნდა თუ არა წინასწარ დადგენილი სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები, რითიც იხელმძღვანელებდა რეორგანიზაციის პროცესში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს გადაწყვეტილების მიღებისას.

1.13. ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ორგანიზაციული ცვლილების შედეგად გათავისუფლებამდე არსებული და მოსარჩელის კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების შესაბამისი ყველა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება, რაც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის არსებული ვაკანსიებიდანაც დგინდება. კერძოდ, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ კოორდინატორის თანამდებობა ვაკანტური იყო, კოორდინატორს დავალებული ჰქონდა იმ ფუნქციების განხორციელება, რასაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე ასრულებდა, თუმცა დამსაქმებელს მოსარჩელისათვის ეს თანამდებობა არ შეუთავაზებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თანამდებობაზე გამოცხადებული იყო ღია კონკურსი და მოსარჩელეს შეეძლო მიეღო მონაწილეობა, ვინაიდან მოპასუხეს ჯერ კონკურსის გარეშე უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის აღნიშნული თანამდებობა, ანუ დაეკმაყოფილებინა მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები მათი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ვისაც რეორგანიზაციის შედეგად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ემუქრებოდა და თუ იგი უარს იტყოდა შეთავაზებაზე - ვაკანსიაზე კონკურსის წესით შეერჩია დასაქმებული. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ რეორგანიზაციის ჩატარების დროს არ არსებობდა წინასწარ დადგენილი, კონკრეტული, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურები იმ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევასთან მიმართებით რაც რეორგანიზაციის შედეგად უნდა შევსებულიყო.

1.14. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ იმ მოცემულობაშიც, როცა რეორგანიზაცია კანონიერია, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს და არა გათავისუფლებულს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება სშკ-ის მოთხოვნებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

1.15. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ტოლფასი თანამდებობა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის აღარ არსებობს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. სასამართლომ სამართლიან და ადეკვატურ ოდენობად მიიჩნია კომპენსაცია მოსარჩელის 12 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რასაც გამოაკლდა მოსარჩელისთვის გადაცემული 1 თვის სახელფასო ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის ასაკის, უნარ-ჩვევების და შრომითი ურთიერთობის დროს მისი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, პროპორციულ და ადეკვატურ კომპენსაციად იქნა მიჩნეული 11 თვის ხელფასის (დასაბეგრი 14300 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ასევე მოიცავს იძულებით განაცდურს გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდისათვის.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის და კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება - ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).

9. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

10. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).

11. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, კომპანიის ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაანაწილეს მტკიცების ტვირთი.

12. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

13. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.

14. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.; Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).

15. ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა რეორგანიზაციის წინაპირობა და საფუძველი, დადგენილია სასამართლოების მიერ და, ბუნებრივია, არც მოპასუხის საკასაციო საჩივარი შეიცავს საწინააღმდეგოზე მითითებას, თუმცა ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დასაქმებულის შრომითი უფლების დაცვის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ იმ პირობებშიც, თუ გაუქმდება უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, დამსაქმებელს არსებული ვაკანტური ადგილებიდან გამომდინარე ევალება შესთავაზოს დასაქმებულს სხვა მსგავსი/ტოლფასი პოზიცია და თუ შეუძლებელი გახდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18.06.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების გარდაუვალობა - სასამართლოების მიერ დადგენილია და შედავებული არ არის, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის არსებობდა და ვაკანტური იყო კოორდინატორის თანამდებობა, რომელსაც იგივე ფუნქციების შესრულება ევალებოდა, რაც - მოსარჩელეს, თუმცა დამსაქმებელს ეს ვაკანსია დასაქმებულისთვის არ შეუთავაზებია.

16. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; Nას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. Nას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია - დასაბეგრი 14 300 ლარი (12 თვის შრომის ანაზღაურებას გამოაკლდა ერთ თვის ხელფასი, რომელიც მიღებული ჰქონდა მოსარჩელეს), როცა მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა დასაბეგრ 1300 ლარს, გონივრულია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 715 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 500.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ (ს/ნ: 204578581) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 715 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №11937, გადახდის თარიღი 19.08.2020წ.) 70% – 500.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე