საქმე №ას-1617-2019 9 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ის უფლებამონაცვლე ზ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა და საკუთრების უფლების აღიარება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ.ლ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ის (უფლებამონაცვლე ზ.ბ–ი) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის - ქ. ბორჯომში, ...... მდებარე 51.4 კვ.მ. ფართის (ს/კ: ........) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო საცხოვრებელი სადგომი“) მესაკუთრედ ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. აწ გარდაცვლილი ვ.ა–ი და მისი ოჯახი, მათ შორის, მოსარჩელე 1953 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ფლობს და სარგებლობს სადავო საცხოვრებელი სადგომით, იხდის კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებულია მითითებულ მისამართზე.
2.2. მოსარჩელე (ვ.ა–ის უფლებამონაცვლე, მემკვიდრე), „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) შესაბამისად, წარმოადგენს მოსარგებლეს, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.
2.3. ქ. ბორჯომში, ... (ყოფილი .....) ქუჩა №20-ში მდებარე 112 კვ.მ. ფართის, რაც მოიცავს სადავო 51.4 კვ.მ. ფართს, მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე. მოპასუხემ აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში მიიღო ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცა მისი დედის - ე.ჩ–იას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
2.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 30.03.2018 წლის ექსპერტიზის №002072418 დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 57 054 ლარს.
2.5. 27.04.2018 წელს მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის თანხა - 14 263.50 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი სპეციალური კანონიდან გამომდინარე არ არის კეთილსინდისიერი მოსარგებლე. მხარეებს შორის მუდმივად იყო დავა და მოპასუხე მუდმივად ითხოვდა მოსარჩელის, როგორც უკანონო მფლობელის, გამოსახლებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.12.2017 წლის განჩინება.
3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 159-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვერ იქნება კეთილსინდისიერი მფლობელი, რადგან იგი ნივთს ფლობს უკანონოდ და არამართლზომიერად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 12.09.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. ქ. ბორჯომში, ...... მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 512 კვ.მ., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა: საცხოვრებელი სახლი, სართული 1, ფართი 112.5 კვ.მ. (ს/კ: ........; ნაკვეთის წინა ნომერი: ......), წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. მოპასუხემ აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში მიიღო ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცა მისი დედის - ე.ჩ–იას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
4.2. ქ. ბორჯომში, ...... მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა თანასაკუთრების ობიექტს, რომლის თანამესაკუთრეები იყვნენ: მოპასუხე - სართული 1; 112.50 კვ.მ.; ს.ქ–ი - სართული 1; 56.90 კვ.მ.; აწ გარდაცვლილი ვ.ა–ი - სართული 1; 61.60 კვ.მ.. ამ უკანასკნელის მემკვიდრეა მისი მეუღლე - მოსარჩელე.
4.3. მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის 112.5 კვ.მ. ფართიდან 51.4 კვ.მ. ფართს 1953 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს ვ.ა–ი და მისი ოჯახი, მათ შორის, მოსარჩელე. მოსარჩელე 1991 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ქ. ბორჯომში, ......
4.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 30.03.2018 წლის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ დაკავებული სადავო საცხოვრებელი სადგომის მთლიანი საბაზრო ღირებულება 28.03.2018 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 57 054 ლარს. მოსარჩელემ 27.04.2018 წელს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მოპასუხის სასარგებლოდ განათავსა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის თანხა - 14 263.50 ლარი.
4.5. მოსარჩელის განმარტებით, ვ.ა–ის ოჯახმა სადავო ფართზე სარგებლობის უფლება მოიპოვა არა ე.ჩ–იას ან მოპასუხისაგან, არამედ თავდაპირველი მესაკუთრისაგან, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა აღნიშნული მესაკუთრის ვინაობა; ამასთან დაკავშირებით საქმეში არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს როგორც ეს გარემოება, ასევე ის ფაქტი, თუ რამდენად უფლებამოსილმა პირმა განახორციელა სარგებლობის უფლების დათმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.6. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვ.ა–ი და მისი მემკვიდრე - მოსარჩელე ცხოვრობდნენ და სარგებლობდნენ სადავო ქონებით, არ ანიჭებს მოსარჩელეს სადავო ფართზე მოსარგებლის სტატუსს სპეციალური კანონიდან გამომდინარე, ხოლო მითითებულ მისამართზე მოსარჩელის რეგისტრაცია პირდაპირ უკავშირდება მისი მესაკუთრის სტატუსს, რომელიც მას ამავე მისამართზე მდებარე 61.60 კვ.მ. ფართთან დაკავშირებით გააჩნია. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც რეგისტრაციასთან ერთად აუცილებელ ფაქტს წარმოადგენს დათმობის შესახებ გარიგების დასადგენად.
4.7. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არაერთი დავა სადავო ფართის მოსარჩელისა და მისი მამკვიდრებლის მიერ უკანონო მფლობელობასთან დაკავშირებით, რაც ამყარებს სასამართლოს რწმენას, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს სპეციალური კანონიდან.
4.8. სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-5 მუხლით და განმარტა, რომ სპეციალური კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელსაც მესაკუთრემ „დაუთმო“ საცხოვრებელი სადგომი. ამასთან, ამგვარი „დათმობა“ უნდა დასტუდებოდეს ან წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით ან ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სარწმუნოდ მიუთითებენ საცხოვრებელი სადგომის დათმობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია აღნიშნულ სახლთმფლობელობაში, თუმცა არ დგინდება საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება – მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მოსარჩელისათვის დათმობის ფაქტი გარიგებით ან რაიმე ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. გარდა ამისა, არ დგინდება მოსარჩელის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.05.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. სადავო მისამართზე მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, შესაბამისად, ამ მისამართზე მოსარჩელის რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელე მიჩნეული იქნას სადავო ფართის მოსარგებლედ (მოსარგებლის უფლებამონაცვლედ), რომელსაც ეს უფლება მოპოვებული აქვს მართლზომიერად. როგორც მოსარჩელე განმარტავს, ვ.ა–ის ოჯახმა სადავო ფართზე სარგებლობის უფლება მოიპოვა არა ე.ჩ–იას ან მოპასუხისაგან, არამედ თავდაპირველი მესაკუთრისაგან, თუმცა მოსარჩელე ვერ ასახელებს მესაკუთრის ვინაობას. პირის მოსარგებლედ მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, გარიგების მხარე იყო თუ არა მესაკუთრე. მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით მფლობელობის უფლება ვ.ა–მა მიიღო 1953 წლიდან, თუმცა მოსარჩელემ არ წარმოადგინა მტკიცებულება ვ.ა–ის სწორედ ამ დროიდან რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 1991 წლიდან. მართალია, ვ.ა–მა საკუთრების უფლება მითითებულ მისამართზე მოიპოვა 1999 წელს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული უძრავი ნივთი სამი პირის თანასაკუთრებაში იყო, გაურკვეველია, მოსარჩელე 1991 წლიდან რომელი თანამესაკუთრის თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდა სადავო მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, რომ ვ.ა–ი და მისი ოჯახის წევრები 1953 წლიდან ფლობენ მოპასუხის უძრავი ნივთის ნაწილს და მოსარჩელე 1991 წლიდან რეგისტრირებულია მითითებულ მისამართზე, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რომ ვ.ა–ს მოსარგებლის უფლება მოპოვებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით და მოსარჩელე წარმოადგენს სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის უფლებამონაცვლეს.
6.2. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული საქმის წარმოებიდან დგინდება, რომ მოპასუხე ითხოვდა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც გამოიხატებოდა იმ თანხაში, რომელსაც იგი თავისი კუთვნილი ფართის გაქირავების შემთხვევაში მიიღებდა და რაც ვერ მიიღო მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის გამო. დადგენილია, რომ მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული საქმისწარმოების პროცესში კი სადავო არ გამხდარა მოსარჩელის უფლება სადავო ფართთან მიმართებით.
6.3. საქმის მასალებით არ დასტურდება მითითებულ მისამართზე 1953 წლიდან რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, არც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება და არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაძლოა დადასტურებულიყო სადავო ფართზე მფლობელობის უფლების მოპოვების ფაქტი.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. მოპასუხეს შესაგებელი სარჩელის ჩაბარებიდან 10-დღიან ვადაში არ წარუდგენია, რის გამოც ახალციხის რაიონული სასამართლო ვალდებული იყო გამოეტენა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რადგან სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღო, სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა მიეჩნია დადგენილად და მოპასუხეს მათი გაქარწყლების უფლება აღარ უნდა მისცემოდა. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რის გამოც შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს შესაგებლის ვადაში წარუდგენლობა.
7.2. მოსარჩელე მისამართზე დარეგისტრირდა მოპასუხისა და მისი დედის მიერ ფართზე საკუთრების მოპოვების შემდეგ. არ დასტურდება მოპასუხისა და მისი დედის მიერ მოსარჩელის რეგისტრაციისა და მის მიერ ფართის ფლობის იმ პერიოდში შედავების ფაქტი (1997 წლის 25 ნოემბრამდე).
7.3. სააპელაციო პალატამ ისე წარმოაჩინა, თითქოს მოსარჩელეს ევალებოდა 1953 წლიდან მოყოლებული 1997 წლის 25 ნოემბრამდე ან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში ყველა მამკვიდრებელი და უფლებამონაცვლე სახელდებით მოეხსენიებინა, რითაც სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს გაუმართლებელი მტკიცების ტვირთი დააკისრა. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს, რომელი სამი მესაკუთრე არსებობდა 1991 წელს და არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არც იმაზე უთითებს, თუ რომელ წლებში მიმდინარეობდა დავა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი)). აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე 30 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ფლობდეს საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მას მიღებული უნდა ჰქონდეს მესაკუთრისგან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე.
12. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც (იხ. სუსგ №ას-1115-1072-2016, 17.02.2017წ.). სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
13. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის კომუნალური გადასახადების გადახდის ან სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ისეთ პირობებში, როცა მოსარჩელე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობას ითხოვს როგორც ვ.ა–ის უფლებამონაცვლე, თუმცა ვერ ადასტურებს მისი მამკვიდრებლის (რომელიც მოგვიანებით ქ. ბორჯომში, ....... მდებარე უძრავი ნივთის ერთ-ერთ მესაკუთრედ აღირიცხა) 1953 წლიდან საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციას და ვერც იმ მესაკუთრის ვინაობას ასახელებს, რომელმაც მის მამკვიდრებელს სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება დაუთმო (მოსარჩელის მითითებით, გარიგების მხარე მოპასუხე ან ამ უკანასკნელის მამკვიდრებელი არ ყოფილა (გვ.190, 203)), სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშიც არის აღნიშნული, სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესში, სადაც მოპასუხე (იმ დავაში მოსარჩელე) მოსარჩელისაგან (იმ დავაში მოპასუხე) ითხოვდა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (კუთვნილი ფართის სარგებლობის ხელშეშლის გამო მიუღებელი ქირის დაკისრებას), მოსარჩელეს (იმ დავაში მოპასუხეს) არ მიუთითებია ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი გარემოება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა (ს.ფ.152-169).
14. კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს 17.07.2018 წლის განჩინებით მოპასუხეს აღუდგა შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადა და ამ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად განჩინების გამოტანიდან ხუთდღიანი ვადა მიეცა (ს.ფ, 119-122); მოპასუხემ შესაგებელი ამ ვადის დაცვით წარადგინა (ს.ფ, 125-133). მოსარჩელეს საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 17.07.2018 წლის განჩინება მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), იგი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში (სუსგ №ას-273-2019, 24.05.2019წ., პუნ. 55). თუმცა ასეც რომ არ იყოს, მაინც არ იარსებებდა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ს.ფ, 105,116), რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარდგენის ვადა მართლზომიერად აღუდგინა.
15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია