Facebook Twitter

საქმე №ას-102-2022 27 მარტი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის და 2022 წლის 10 იანვრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ას“ განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. მოპასუხე შპს „მ–ს“ აეკრძალა საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვა ჯამურად 27 571.84 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა.

2. 2021 წლის 24 დეკემბერს, შპს „მ–მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება, საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა.

საჩივრის ავტორის მითითებით: წინამდებარე საქმეში სასამართლომ ისე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ყველაზე შემზღუდავი ღონისძიებები - უძრავი ქონების დაყადაღება და ანგარიშებზე განთავსებული თანხების დაყადაღება, რომ არ გამოუკვლევია არსებობდა, თუ არა, მისი დაკმაყოფილების წინაპირობები. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი კი, მოსარჩელე მხარეზე იყო, რაც მან ვერ დასძლია.

ამასთან, მხარის განმარტებით, წინამდებარე საქმეში სასამართლომ ისე გამოიყენა უძრავი ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ არც კი შეუმოწმებია ქონების ამონაწერი, არ შეუმოწმებია ქონება შპს „მ–ის“ საკუთრება იყო თუ არა. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ყადაღა იქნა გამოყენებული ქონებაზე, თუმცა წარმოდგენილი არ არის უძრავი ქონების ამონაწერი და გაუგებარია რომელი საკადასტრო კოდი დააყადაღა სასამართლომ.

გარდა ამისა, მხარე მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე, რაც ფაქტობრივად, ნიშნავდა კომპანიის ფუნქციონირების გაჩერებას. საჩივრის ავტორის აზრით, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების დაყადაღება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რომელიც სასამართლომ მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა სხვა შანსი სარჩელის უზრუნველყოფისა, აღარ არსებობს, აღნიშნული კი, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „მ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის საგანს 27 571,84 ლარი წარმოადგენდა, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ურთიერთობიდან იყო წარმოშობილი. განმცხადებელს სასამართლოში, მტკიცებულების სახით, საჯარო რეესტრის ცნობა ჰქონდა წარმოდგენილი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შპს „მ–ს“ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება არ გააჩნდა, ამასთანავე განცხადებას თანდართულია მოპასუხის სავარაუდო საკუთრებაში მყოფი მოძრავი ნივთების მცირე ჩამონათვალი, რომლებზე ყადაღის დადებითაც, სარჩელის დაცვის რეალური მექანიზმები არ შეიქმნებოდა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ სამეწარმეო სუბიექტების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფრთხეები გამოკვეთა, განმარტა, რომ მის ანგარიშებზე ყადაღის დადების გარეშე, სავარაუდო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას შესაძლებელია სერიოზული საფრთხე შექმნოდა ან/და სულაც, აღუსრულებელი დარჩენილიყო. ამიტომ, გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გაკეთებული დასკვნა შპს „მ–ის“ საბანკო ანგარიშებზე, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ყადაღის დადების შესახებ.

ამავე განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

6. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო დავაზე, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „მ–ის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე (გარდა საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემისა).

7. როგორც საერთო სასამართლოებში მოქმედი ერთგვაროვანი პრაქტიკითაა დამკვიდრებული, სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით ისე იმოქმედოს, რომ საბოლოოდ შეუძლებელი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის განჩნება საქმეზე Nას-54-2019).

პალატა აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინს (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq).

8. "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

9. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1971-ე მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-970-2019).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება საქმეზე Nას-587-2019).

10. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ გარემოებებზე, კერძოდ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოსადმი მომართვა განპირობებულია 2019 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით. მხარის მითითებით, შპს „მ–ი“ თავდაპირველად ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებას, ხოლო 2019 წლის შემდგომ, ვალდებულების შესრულება დაიწყო არასრულად. ჯამში შპს „მ–ს“ 24 571,84 ლარი ჰქონდა გადახდილი და დავალიანების სახით დარჩენილი თანხა შეადგენს 27 571,84 ლარს.

მისივე მითითებით, 2020 წლის დეკემბრის თვეში, შპს „მ–მა“ დახურა საიჯარო ობიექტი და ხელშეკრულება შეწყვიტა, რაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე გონივრულ მოლოდინს უქმნიდა. გარდა ამისა, განცხადებას თანდართულია შპს „მ–ის“ მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების მცირე ჩამონათვალი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ირკვევაა, რომ მოპასუხის სახელზე უძრავი ქონება აღრიცხული არ არის, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ საქმეზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება.

11. საკასაციო პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რადგან იმთავითვე პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას, იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის, (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაზე წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით დგინდება, რომ შპს „მ–ს“ უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, 2020 წლის დეკემბრიდან სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს და რაც მთავარია, მის სავარაუდო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამონათვალი ძალიან მწირეა, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გამოყენების აუცილებლობისა და მართლზომიერების თაობაზე.

პალატა აქვე განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებებით ყადაღა გამოყენებულ იქნა არა საბანკო ანგარიშების სრულ მოცულობაზე, არამედ მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და ამავდროულად ყადაღისგან სახელფასო და საბიუჯეტო (საგადასახადო) გასაცემლები გამოთავისუფლდა, რაც სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისთვის ხელშეწყობას წარმოადგენს.

ამასთან, საჩივარში მხარე მიუთითებს სასამართლოს არამართლზომიერ ქმედებაზე, რომელიც გამოიხატა სამეწარმეო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე ყადაღის დადებაში, თუმცა ხაზგასასმელია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მხოლოდ ერთი უზრუნველყოფა - საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, გამოიყენა. ამიტომ, ამ მიმართებით საჩივრის ავტორის დასაბუთება სრულიად არარელევანტურია და გაზიარებული ვერ იქნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებაში ადეკვატური და თანაზომიერია.

12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „მ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე