თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „ე.ე–სი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.კ–ნ
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ლ.კ–ნმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სს „ე.ე–სის“ მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ–ნმა, მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.კ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს „ე.ე–სის“ №HR-03790/10000 ბრძანება ლ.კ–ნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და სს „ე.ე–სს“ ლ.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 5000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ სრულად უგულვებელყო მოპასუხის არგუმენტაცია ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ამით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მოპასუხე ორგანიზაცია. კასატორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო კვალიფიკაციის, სტაჟის და ერთი წლით ადრე ჩატარებული ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით. ამიტომ, კასატორი ლ.კ–ნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მართლზომიერად. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ლ.კ–ნს დამსაქმებელმა შესთავაზა რამდენიმე თვით ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რაზეც მოსარჩელემ განაცხადა უარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბერის განჩინებით სს „ე.ე–სის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ე.ე–სის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.
საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომი კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა, იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის №ას-1334-2021 განჩინება).
განსახილველ შემთვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, შეწყდა 2020 წლის 22 ივნისს. ლ.კ–ნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებული ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც განპირობებული იყო კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის არგუმენტაციაზე კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ვითარებასთან დაკავშირებით. მართალია, საკასაციო სასამართლო კოვიდ პანდემიის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეიუდიციულ ფაქტად მიიჩნევს, თუმცა შრომისსამართლებრივ დავებში დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს, პანდემიის შედეგად ორგანიზაციისთვის ეკონომიკური მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რომელმაც კადრების შემცირების აუცილებლობა გამოიწვია. პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა, მასზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ უზრუნველყო უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა დამსაქმებელ ორგანიზაციაში სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას.
რაც შეეხება ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერებას, დადგენილია, რომ სს „ე.ე–სის“ მოლარე-ოპერატორების პროფესიული განვითარების და შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში, ლ.კ–ნის სამსახურიდან განთავისუფლებამდე 9 თვით ადრე კომპანიაში ჩატარდა მოლარე-ოპერატორების ტესტირება სასწავლო მიზნებით.
პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ტესტირება ვერ გახდებოდა კადრების გადასარჩევი მექანიზმი, რადგან დასაქმებულების პროფესიული განვითარების მიზნით გამოცდა თვისობრივად განსხვავდება მათი პროფესიული კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით შეფასებისგან. პროფესიული განვითარების და შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით ტესტირების ჩატარება ორიენტირებულია ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე. შრომის კანონმდებლობა არ კრძალავს დამსაქმებლის მხრიდან თანამშრომლებისთვის უნარ-ჩვევების შემოწმების და კვალიფიციური თანამშრომლების გამორჩევის მიზნით გამოცდების ჩატარებას, რაც სამომავლოდ შესაძლებელია გახდეს ზოგიერთი თანამშრომლის სამსახურეობრივი დაწინაურების, დაქვეითების ან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. პალატის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, გამოსაცდელ თანამშრომლებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია გამოცდის ჩატარების მიზნობრიობის, გამოცდის შინაარსის და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა ორგანიზაციამ გამოცდის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება, უნდა მიიღოს გამოცდის შედეგების მიღებიდან გონივრულ ვადაში. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად, გაუმართლებრად მიიჩნევს ლ.კ–ნის სამსახურიდან გათავისუფლებას.
ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სს „ე.ე–სს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ე.ე–სის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სს „ე.ე–სს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №1628849263, გადახდის თარიღი 13.08.2021 წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე