საქმე №ას-1284-2021 5 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.კ–ძე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
თ.კ–ძემ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.კ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ.კ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2228/კ ბრძანება; სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კი, სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ 5400 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.კ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ.კ–ძე აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1400 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 5741,02 ლარი; სხვა ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ სააგენტომ გაასაჩივრა. ამრიგად, იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა, ვინაიდან რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება. ამასთან, სააგენტოში ჩატარდა კონკურსი, რათა მიღებული შედეგების მიხედვით გადაწყვეტილიყო, რომელი თანამშრომელი დარჩებოდა სამსახურში. თ.კ–ძემ კი კონკურსს თავი წარმატებულად ვერ გაართვა, რადგან გასაუბრებისას საკონკურსო კომისიის მიერ მისი სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკის თაობაზე დასმულ შეკითხვებს ბუნდოვანი პასუხები გასცა. მართალია, სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელე გასაუბრების ოქმის შინაარსს ნაწილობრივ არ დაეთანხმა, მაგრამ ოქმთან დაკავშირებით მას შენიშვნები დროულად - გასაუბრების დასრულების შემდგომ არ გამოუთქვამს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლდა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, უსაფუძვლოა სამსახურში აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, რადგან სააგენტოში არ არსებობს ვაკანტური პოზიცია, რასაც ადასტურებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წერილები. ამასთან, შტატის ვაკანტურობა არც მოსარჩელეს დაუსაბუთებია.
კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ იძულებითი განაცდურის გაანგარიშების სისწორეს. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს განაცდური უნდა განესაზღვრა არა 1400 ლარის ოდენობით, არამედ 900 ლარის (გათავისუფლებამდე მოსარჩელის ხელფასი) ოდენობით. გარდა ამისა, სასამართლოს მოსარჩელის მიერ სხვა დამსაქმებლისგან მიღებული ხელფასი იძულებითი განაცდურის საერთო ოდენობისთვის უნდა გამოეკლო არა 5 თვის განმავლობაში მიღებული ხელფასის ოდენობით, არამედ 6 თვის განმავლობაში მიღებული ანაზღაურების მოცულობით. ასევე, სასამართლომ განაცდურის გამოთვლისას არასწორად არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის გათავისუფლების შემდეგ გაცემული ერთთვიანი კომპენსაცია.
კასატორმა დამატებით იშუამდგომლა სს „ლ.ბ–დან“ და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან თ.კ–ძის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებიდან 4 ფურცლის დართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ - დაშვებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, ხოლო გათავისუფლების უკანონობის დადასტურების შემთხვევაში - სამსახურში აღდგენის საფუძვლიანობა და იძულებითი განაცდურის გაანგარიშების სისწორე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისთვის უნდა დასტურდებოდეს როგორც კანონში ჩამოთვლილი ცვლილების არსებობა, ისე შედეგად შტატების შემცირების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა. ამასთან, „დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის №ას-224-224-2018 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.კ–ძე 2006 წლის 30 იანვრიდან 2007 წლის 15 თებერვლამდე დასაქმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხაშურის სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე; 2007 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის 16 ივლისამდე - მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2012 წლის 16 ივლისიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №12682/კ ბრძანებით დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაერთიანდა ხაშურის, გორის, კასპის, ქარელისა და ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები და ჩამოყალიბდა შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. ამასთან, რეორგანიზაციამდე ხუთივე სამსახურში ჯამში 16 მთავარი სპეციალისტი იყო დასაქმებული, ხოლო შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიცია 21 ერთეულით განისაზღვრა.
საქმეზე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში გადასაყვანი და გასათავისუფლებელი თანამშრომლების გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი.
კონკურსის ფარგლებში თ.კ–ძემ ზოგადი უნარების გამოცდაზე მიიღო 62 ქულა (საერთო მაჩვენებლით იყო მე-5 შედეგი, ხოლო ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის პირველი), ქართული ენის გამოცდაზე - 65 ქულა (საერთო მაჩვენებლით იყო მესამე შედეგი, ხოლო ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის მეორე), პროფესიულ გამოცდაზე - 49 ქულა (საერთო მაჩვენებლით მესამე შედეგი, ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის - პირველი).
თ.კ–ძეს, ასევე, ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის მიმდინარეობის შესახებაც მხოლოდ წერილობითი ოქმია წარმოდგენილი. ოქმი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის მიერ გაცემული პასუხების თაობაზე, თუმცა აღნიშნულია, რომ დასაქმებულთა ნაწილს გაუჭირდა შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ამიტომ დაესვათ დამატებითი შეკითხვები, მათ შორის, თ.კ–ძესაც, რომელმაც სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკის თაობაზე დასმულ შეკითხვას ბუნდოვანი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ არ არის დატვირთული; შეკითხვაზე, დამატებით რა საქმის შესრულება შეუძლია იმავე სამსახურში, კანდიდატს პასუხი არ ჰქონდა. ოქმის თანახმად, თ.კ–ძე, გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი.
სწორედ რეორგანიზაციის საფუძვლით, გასაუბრების შედეგებზე მითითებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის სადავო ბრძანებით თ.კ–ძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
საკასაციო პალატა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ, მართალია, რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე სამსახური გაერთიანდა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, დამოუკიდებლად აღარ ფუნქციონირებდა, თუმცა უშუალოდ თ.კ–ძის მიერ დაკავებული პოზიციის - მთავარი სპეციალისტის შტატების ოდენობა გაიზარდა 5 ერთეულით. ამასთან, როგორც სააპელაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 8 ნოემბრის №10852 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების“ შესწავლით დაადგინა, მთავარი სპეციალისტის ფუნქციები არ შეცვლილა. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებასა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობის საკითხის წამოჭრის თაობაზე დამსაქმებლის არგუმენტები უსაფუძვლოა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას კონკურსის შედეგების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერებასთან მიმართებითაც. ვინაიდან ტესტირების შედეგებით თ.კ–ძე თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე იყო, არ იკვეთება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართებულობა. ამასთან, ტესტირების შედეგების გათვალისწინებითვე, მხოლოდ გასაუბრების ოქმი, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას და რომლის შინაარსიც მხარეთა შორის სადავოდ არის ქცეული, ვერ იქნება განხილული დასაქმებულის სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიჩნეული. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, შრომის კოდექსის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ისე მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამრიგად, გათავისუფლების უკანონობის დადასტურება, პირველ რიგში, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას განაპირობებს, თუკი სადავო პოზიცია ვაკანტურია. ამასთან, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თანამდებობის არავაკანტურობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს რელევანტური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის №ას-1135-2021 და 2021 წლის 18 ივნისის №ას-235-2021 განჩინებები). განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი პოზიციის არავაკანტურობის დასადასტურებლად მიუთითებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წერილებზე, რაც საკმარის უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული (იდენტურ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის №ას-235-2021 განჩინება). ამრიგად, მოსარჩელე კანონიერად იქნა აღდგენილი სამუშაოზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლო, დასახელებული ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ უნდა იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე. ამასთან, საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვებული ნაწილის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხზე იმსჯელოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებულ ნაწილზე გადაწყვეტილების მიღებისას.
საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვისა და ახალი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა ან ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა დაუშვებელია. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება;
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება (4 ფურცლად);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე