თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ჯ–ვი
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ე.ჯ–ვმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ე.ჯ–ვის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის 2017 წლის 30 მაისის ბრძანება და მოპასუხეს ე.ჯ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 10 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ე.ჯ–ვის მიერ ჩადენილი დარღვევის შინაარსი და დაუსაბუთებლად არ მიიჩნია იგი „უხეშ“ დარღვევად. კასატორის მოსაზრებით, დასაქმებულმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხანგრძლივი პერიოდით მიატოვა სამსახური. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ე.ჯ–ვმა სამსახურს დროულად არ წარუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან და სამსახურში გამოცხადების შეუძლებლობასთან დაკავშირებული სათანადო მტკიცებულებები, ამიტომ კასატორის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სასამართლოს კანონშესაბამის ღონისძიებად უნდა მიეჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბერის განჩინებით შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.
საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).
განსახილველ შემთვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, შეწყდა 2020 წლის 30 მაისს, მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, რაც დამსაქმებელმა ნაკისრი ვალდებულების „უხეშ“ დარღვევად შეაფასა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აპრილიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, მოსარჩელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი. ხოლო, 2017 წლის 17 მაისიდან მოსარჩელე იმყოფებოდა შრომისუუნარობის ფურცელზე. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მართალია დასაქმებული სამსახურში არ გამოცხადებულა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებებით დასტურდება სადავო პერიოდში მისი დროებითი შრომისუუნარობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი და ჩადენილი ქმედება, ამ ქმედებით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, ვერ შეფასდება იმგვარ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ზომის - დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამოყენებას. საკასაციო პალატა დამატებით ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებამდე რაიმე დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან ნიშანდობლივია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი.
ზემოაღნიშნული არგუმენტაციის და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის 2021 წლის 30 მაისის ბრძანება არამართლზომიერია.
სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულების კომპენსირებას. საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს, ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით, მართებულად დაეკისრა კომპენსაცია 10000 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. შპს „ბ.მ.ვ.გ.ს. ს.ვ.თ. სს“-ის საქართველოს წარმომადგენლობას (ს/კ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის (საგადახდო დავალება №28418, გადახდის თარიღი 11.11.2021წ.) 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე