Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-14-გ-03 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის სარჩელი და მოპასუხე ა. ა-ეს ქ.თბილისში, პროექტის გარეშე კედელზე მიშენებული კიბის დანგრევა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ა-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა იმ მოტივით, რომ დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა და იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა განხილულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 10 მარტის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი იყო, რადგან, მართალია, გამგეობა გარკვეული მოქმედების შესრულებას ითხოვდა, მაგრამ დავა მხოლოდ მიშენებელი კიბის მოშლას ეხებოდა და ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შეხება არ ჰქონდა.

საბოლოოდ, მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მშენებლობის დაწყებისათვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად მშენებლობის პროექტის განხორციელების საფუძველია, ხოლო ობიექტის უპროექტოდ მშენებლობა აღნიშნული კანონით ცალკე რეგულირდება და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევას წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ა-ეს, მართალია, კიბის მიშენების ნებართვა მიღებული ჰქონდა, მაგრამ მან აღნიშნული შესაბამისი პროექტის გარეშე განახორციელა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ ა-ისათვის ქმედების აკრძალვისას ადგილი ჰქონდა საჯარო ფუნქციების განხორციელებას და მითითებული ზემოხსენებული კანონის რეგულირების სფეროში ჯდებოდა, რადგან ნებართვისა და პროექტის გარეშე მშენებლობის საკითხები სწორედ რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად რეგულირდება.

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგნის კონკრეტულ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც არ არის ამომწურავი.

საკასაციო სასამართლო ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და მოცემული სფერო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დავა, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სფეროში არ ჯდება, მაგრამ იგი ამავე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რაც გამორიცხავს მის სამოქალაქო სამართლებრივ დავად მიჩნევას და მას ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიაკუთვნებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცეს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.