24 მარტი 2022 წელი
საქმე №ა-109-შ-5-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „ჰ–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №4-9/2020)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №4-9/2020) შ.პ.ს. „ჰ“-ს (საქართველო, ქ. თბილისი, ......, საიდენტიფიკაციო ნომერი ........) ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს (ბელორუსიის რესპუბლიკა, გროდნენსკაიას ოლქი, ქ. სმორგონი, ...........გამზირი, 27, რეგისტრაციის ნომერი 500232200) სასარგებლოდ დაეკისრა 71 467.32 ა.შ.შ. დოლარი _ ძირითადი ვალი გაგზავნილი პროდუქციისთვის, 1 221.84 ა.შ.შ. დოლარი _ ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის, ჯამურად _ 72 689.16 ა.შ.შ. დოლარი. გარდა ამისა, 6 100.00 ბელორუსული რუბლი _ ხარჯები სახელმწიფოსთვის, რაც 2 443.13 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტია გადაწყვეტილების გამოტანის თარიღში ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკში არსებული კურსის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ჰ“-ს (საქართველო, ქ. თბილისი, ......, საიდენტიფიკაციო ნომერი ........) ბელორუსიის რესპუბლიკის სასარგებლოდ 7.49 ა.შ.შ. დოლარი დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით.
2. ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების, ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ცნობებისა და ბელორუსიის რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს სარჩელზე შ.პ.ს. „ჰ“-ს მიმართ 72 689.16 ა.შ.შ. დოლარის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 25 აგვისტოს და ექვემდებარება აღსრულებას.
3.2. შ.პ.ს. „ჰ“-ს კანონით გათვალისწინებული ფორმით და ვადაში ეცნობა სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. ამასთან, სასამართლო სხდომამდე 2021 წლის 27 ივლისს სასამართლოში შევიდა შ.პ.ს. „ჰ“-ს დირექტორის შუამდგომლობა, რომლითაც მან დაადასტურა, რომ ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე.
3.3. ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შ.პ.ს. „ჰ“-ს ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 72 689.16 ა.შ.შ. დოლარი, გარდა ამისა, 6 100.00 ბელორუსული რუბლი _ ხარჯები სახელმწიფოსთვის, რაც 2 443.13 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტია გადაწყვეტილების გამოტანის თარიღში ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკში არსებული კურსის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №4-9/2020), საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება და ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს შუამდგომლობა თანდართული მასალებით შ.პ.ს. „ჰ–ს“ ჩაბარდა 2022 წლის 24 თებერვალს.
6. 2022 წლის 01 მარტს და ამავე წლის 18 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს განცხადებები, რომლებითაც შუამდგომლობის ავტორი სასამართლოს ატყობინებს, რომ 2022 წლის 01 მარტის მდგომარეობით შ.პ.ს. „ჰ“-ს დავალიანება ჯამში 71 467.32 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით არ არსებობს. 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2021 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში შ.პ.ს. „ჰ“-მ გადახდები განახორციელა ქარხნის სავალუტო ანგარიშზე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. თანხების მთლიან ოდენობაში შედიოდა დარიცხული ჯარიმაც _ 1 221.84 ა.შ.შ. დოლარი და სახელმწიფო ბაჟიც _ 2 443.13 ა.შ.შ. დოლარი. განცხადებას თან ერთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება იმ მიზეზით, რომ მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულია და შ.პს. „ჰ“-ს მიმართ პრეტენზიები არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
13. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით შუამდგომლობის ავტორი მოითხოვდა ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების, რომლითაც შ.პ.ს. „ჰ“-ს ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 72 689.16 ა.შ.შ. დოლარი, გარდა ამისა, 6 100.00 ბელორუსული რუბლი _ ხარჯები სახელმწიფოსთვის, რაც 2 443.13 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტია გადაწყვეტილების გამოტანის თარიღში ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკში არსებული კურსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, თუმცა შუამდგომლობის ავტორის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შუამდგომლობის წარმოდგენის შემდგომ, მოწინააღმდეგე მხარემ ნებაყოფლობით შეასრულა 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება და შუამდგომლობის ავტორს აღარ გააჩნია მოთხოვნა მის მიმართ.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება, ღია სააქციო საზოგადოება „ს.ა.ქ“-ს შუამდგომლობაზე ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №4-9/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი