Facebook Twitter

26 აპრილი 2022 წელი

საქმე №ას-1236-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ბ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შვებულების ფულადი კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.გ–მა სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „ს.ლ“-ს მიმართ და მოითხოვა ბ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შ.პ.ს. „ს.ლ“-ს 01.08.2019 წლის ბრძანების ბათილად ცნობა. ბ.გ–ის აღდგენა შ.პ.ს. „ს.ლ“-ში ხარაჩოს სპეციალისტის პოზიციაზე. მოპასუხე შ.პ.ს. „ს.ლ“-სათვის მოსარჩელე ბ.გ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 01.08.2019 წლიდან სამსახურში აღდგენამდე 1188.86 ლარის ოდენობით. შ.პ.ს. „ს.ლ“-სათვის 4 თვის საშვებულებო თანხის ანაზღაურების დაკისრება 4755.44 ლარის ოდენობით. შ.პ.ს. „ს.ლ"-სათვის მოსარჩელე ბ.გ–ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ვნებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 4000 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ბ.გ–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შ.პ.ს. “ს.ლ”-ს 01.08.2019 წლის უნომრო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელე ბ.გ–ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე ბ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შ.პ.ს. „ს.ლ–ი“-ს დაეკისრა მოსარჩელე ბ.გ–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ ბოლო ერთი წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის სახით დასაბეგრი 1188.86 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. ბ.გ–მა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.ლ“-მ და მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის უარყოფის ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2029 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. შ.პ.ს. „ს.ლ“-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება ბოლო წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ბ.გ–ის სარჩელი ბოლო წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ბ.გ–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ მ.გ–ს გაეგზავნა და ჩაბარდა 2021 წლის 08 დეკემბერს. 2021 წლის 23 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა სქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 20 დღით გაგარძელება იშუამდგომლა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ბ.გ–ის წარმომადგენლის მ.გ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 05 იანვარს. 2022 წლის 20 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადავადების ან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ბ.გ–ის წარმომადგენლის მ.გ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მისი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 5 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული ხარვეზის განჩინება კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 25 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ბ.გ–ის წარმომადგენლის მ.გ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მისი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 5 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

13. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ მ.გ–ს (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 102-103) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 25 მარტს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

15. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2022 წლის 25 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 26 მარტს და ამოიწურა 2022 წლის 30 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი