საქმე №ა-3410-შ-95-2021 27 იანვარი, 2022 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ა. კიზი ნ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხატაინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების (დადგენილება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხატაინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით (დადგენილება):
1.1. შეწყდა, ს.ა.კიზი ნ–ასა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ნ. ნ–ს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2015 წლის 27 თებერვალს, ბაქოს რეგისტრაცის განყოფილების ცენტრ „АSАN Хидмет-ში“ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №4;
1.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 12 აპრილიდან დაეკისრა ალიმენტი - 2016 წლის 9 მაისს დაბადებული ნ. ფ. ნ. კიზისა და 2019 წლის 6 თებერვალს დაბადებული ნ. ს. ნ. კიზის სარჩენად, სრულწლოვანებამდე, ალიმენტის საერთო თანხის - 320 მანათის ფარგლებში, ერთ ბავშვზე 160 მანათის ოდენობით. აღნიშნული თანხის ანაზღაურება გადაწყდა ს.ა.კიზი ნ–ას სასარგებლოდ.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხატაინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით (დადგენილება):
- შეწყდა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2015 წლის 27 თებერვალს, ბაქოს რეგისტრაცის განყოფილების ცენტრ „АSАN Хидмет-ში“ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №4;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 12 აპრილიდან დაეკისრა ალიმენტი - 2016 წლის 9 მაისს დაბადებული ნ.ფ.ნ. კიზისა და 2019 წლის 6 თებერვალს დაბადებული ნ.ს.ნ.კიზის სარჩენად, სრულწლოვანებამდე, ალიმენტის საერთო თანხის - 320 მანათის ფარგლებში, ერთ ბავშვზე 160 მანათის ოდენობით. აღნიშნული თანხის ანაზღაურება გადაწყდა ს.ა.კიზი ნ–ას სასარგებლოდ.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5.1. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა. საერთაშორისო ხელშეკრულების 42-47 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. საერთაშორისო ხელშეკრულების 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
5.2.უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: 1). გადაწყვეტილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; 2). მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სათანადო წესით იქნა შეტყობინებული იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, ჰქონდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 3). ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს მიერ ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე; 4) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ხოლო ხელშეკრულებით გაუთვლისწინებელ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება), ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
5.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული მოთხოვნები დაცულია, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და უცხო ქვეყნის სასამართლოს წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
6. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების, ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ა.კიზი ნ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ხატაინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (დადგენილება) იმ ნაწილში, რომლითაც:
- შეწყდა, ს.ა.კიზი ნ–ასა და ნ. ნ–ს შორის, 2015 წლის 27 თებერვალს, ბაქოს რეგისტრაცის განყოფილების ცენტრ „АSАN Хидмет-ში“ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №4;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 12 აპრილიდან დაეკისრა ალიმენტი - 2016 წლის 9 მაისს დაბადებული ნ.ფ.ნ.კიზისა და 2019 წლის 6 თებერვალს დაბადებული ნ.ს.ნ.კიზის სარჩენად, სრულწლოვანებამდე, ალიმენტის საერთო თანხის - 320 მანათის ფარგლებში, ერთ ბავშვზე 160 მანათის ოდენობით. აღნიშნული თანხა ნ. ნ–ს დაუკავდეს, ს.ა.კიზი ნ–ას სასარგებლოდ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. კაკაბაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
მ. ერემაძე