საქმე №ას-1391-2018 28 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს ს.კ. ,,უ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოსარჩელე)
მესამე პირი - სს ,,ა.დ–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საგარანტიო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ს.კ. უ–მა“ (შემდგომ - მოპასუხე, გარანტი, აპელანტი, კასატორი) შპს ს.კ. ,,ა.ჯ–სა" (შემდგომ - პრინციპალი, მესამე პირი) და სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ (შემდგომ - მოსარჩელე, ბენეფიციარი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2014 წლის 26 თებერვალს №218 წერილის/ოქმის საფუძველზე (საგანი: ავტოტრანსპორტის დაზღვევა ელექტრონული ტენდერის საშუალებით SPA140001709) გათვალისწინებული პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 4 მარტს, №016741 საბანკო გარანტია გასცა.
2. საბანკო გარანტიის პირობების თანახმად, თუ პრინციპალი ბენეფიციარის წინაშე 1.1. პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საბანკო გარანტიის მოქმედების განმავლობაში ვერ შეასრულებს, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გარანტი ბენეფიციარს 7 583.04 ლარს გადაუხდის.
3. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 4 მარტიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
4. მოსარჩელესა და მესამე პირს შორის, 2014 წლის 5 მარტს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №02/20/46-14 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესამე პირმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის გაეწია 252767.50 ლარის ღირებულების სადაზღვევო მომსახურება. ხელშეკრულების საფუძველზე, მზღვეველმა დააზღვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები: ,,ფიატოდუკატო”, სახელმწიფო ნომრით - .....; ,,ფიატოდუკატო”, სახელმწიფო ნომრით - .....; ,,ფიატოდუკატო“, სახელმწიფო ნომრით - ....; ,,ფიატოდუკატო”, სახელმწიფო ნომრით - .....; ჰიუნდაი ''i 10'', სახელმწიფო ნომრით - .....; ჰიუნდაი ''i 10'', სახელმწიფო ნომრით - ......
5. მოსარჩელემ საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 11 დეკემბერს, მოპასუხეს 2014 წლის 4 მარტს გაცემული საბანკო გარანტიის პირობების თანახმად, საგარანტიო თანხის - 7583.04 ლარის გადახდის თაობაზე პირველი მოთხოვნა წარუდგინა.
6. გარანტმა, 2014 წლის 17 დეკემბერს, უარი უთხრა ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ, ვინაიდან 2014 წლის 5 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მოქმედი იყო, მხარეებს მისი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების საკითხი არ განუხილავთ და არ არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილება, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე კი ივარაუდება, რომ ხელშეკრულება სრულდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
7. მოსარჩელემ 2014 წლის 22 დეკემბერს განმეორებით მიმართა მოპასუხეს 7583.04 ლარის მოთხოვნით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
8. მესამე პირს 2015 წლის 28 დეკემბერს შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,ა.დ–ა“.
9. მოპასუხეს, 2015 წლის 29 დეკემბერს შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,ს.კ. უ–ი“.
10. მოსარჩელის უფლებამონაცველედ ცნობილ იქნა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
სარჩელის საფუძვლები:
.
11. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის - 7583.04 ლარის დაკისრება იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მესამე პირის მიერ გამოიკვეთა, როგორც ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობა.
12. მოსარჩელის განმარტებით, გარანტისათვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მზღვეველს დაზღვეული ექვსივე ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ზიანისა და შესაბამისი პირგასამტეხლოს ანაზღაურება დაეკისრა. პრინციპალმა აღიარა ვალდებულება და, მართალია, ვადის დარღვევით, მაგრამ ამ მომენტისათვის შეასრულა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება, თუმცა ამის მიუხედავად, გარანტი კვლავ უარს აცხადებს საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
13. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითება თავისთავად არ გულისხმობს, რომ ვალდებულება ნამდვილად დარღვეულია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რისი გათვალისწინებითაც გარანტმა უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მესამე პირის პოზიცია:
14. მესამე პირმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ ვლინდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 7583.04 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
18. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგეომ - სსკ) 879-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 885.1 და 887-ე მუხლებზე დაყრდნობით იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობაზე.
19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხემ საბანკო გარანტია გასცა და საგარანტიო თანხად განისაზღვრა 7 583.04 ლარი. უდავოა, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნით, ბენეფიციარმა გარანტს თავდაპირველად საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში 2014 წლის 11 დეკემბერს მიმართა, რაზეც მას უარი ეთქვა იმ მოტივაცით, რომ არ დგინდებოდა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, 2014 წლის 22 დეკემბერს, ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა გარანტს საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნით, მითითებული გარემოება კი, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, უდავოდ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
20. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს, მესამე პირმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით დამტკიცებული მას და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მორიგების აქტი წარადგინა, რომლის 1.5 პუნქტის შესაბამისად, "ამ მორიგების აქტის გაფორმებით მხარეები ადასტურებენ, რომ ეს მორიგება ორმხრივი, ნებაყოფილობითი და რაციონალურია, შესაბამისად, 2014 წლის 5 მარტის №02/20/46-14 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არცერთ მხარეს ერთმანეთის მიმართ არ ექნება დამატებითი მოთხოვნა ამ მორიგების აქტით გაუთვალისწინებელ სხვა ხარჯებთან ან ზიანთან, მათ შორის, პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. ასევე, ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ჩაითვლება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებად“.
23. კასატორის მითითებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა გაცხადებული პოზიციით დასტურდება, რომ პრინციპალმა, მორიგების აქტიდან გამომდინარე ვალდებულებები, შესაბამისად, 2014 წლის 5 მარტის №02/20/46-14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად შეასრულა.
24. კასატორი მიუთითებს, რომ გარანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული, აენაზღაურებინა გარანტიის თანხა ბენეფიციარისათვის, თუ პრინციპალი დაარღვევდა მოსარჩელესთან რაიმე ნაკისრ ვალდებულებას, აღნიშნული კი უნდა დადასტურებულიყო სათანადო დოკუმენტებით. მხოლოდ მითითება ვალდებულების შეუსრულებლობაზე, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ვალდებულება დარღვეულია.
25. კასატორის მითითებით, სსკ-ის 890-ე მუხლით განსაზღვრულია გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული განჩინება დარჩება ძალაში, კასატორს წარმოეშობა უფლება მესამე პირის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულებული აქვს სრულად მორიგების აქტიდან გამომდინარე.
26. კასატორის განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რეგრესის უფლების წარმოშობის საფუძვლები და მისი სამართლებრივი შედეგები, როგორც მხარისათვის, ასევე - საქმეში ჩაბმული მესამე პირის მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე, ფაქტობრივად მიუხედავად ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულებისა, მიიღებს საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხასაც, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
31. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის საფუძველზე.
32. საბანკო გარანტიით განსაზღვრული ფულადი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.
33. კასატორის პოზიცია საბანკო გარანტიის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობების არარსებობაში მდგომარეობს.
34. საკასაციო პალატის განმარტებით, „საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ“ (იხ., სუსგ №ას-749-709-2015, 2015 წლის 25 სექტემბერის განჩინება; №ას-1231-1151-2017, 2017 წლის 1 დეკემბერის განჩინება). რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (იხ. სუსგ საქმე №ას-492-460-2017, 2017 წლის 1 ივნისის განჩინება).
35. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე და მესამე პირი იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მათ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესამე პირმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის გაეწია 252767.50 ლარის ღირებულების სადაზღვევო მომსახურება, რომლის ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით, რომლის პირობების თანახმად, თუ პრინციპალი ბენეფიციარის წინაშე ვერ შეასრულებდა 1.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საბანკო გარანტიის მოქმედების განმავლობაში, გარანტი ბენეფიციარს გადაუხდიდა 7583.04 ლარს ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
36. მოსარჩელემ მესამე პირის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ს.კ–ს ორჯერ წერილობით წარუდგინა მოთხოვნები და საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოითხოვნა, თუმცა გარანტმა პირველად წარდგენილ მოთხოვნაზე იმაზე მითითებით განაცხადა უარი საგარანტიო თანხის გადახდაზე, რომ 2014 წლის 5 მარტის ხელშეკრულება მოქმედი იყო, მხარეებს მისი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების საკითხი არ განუხილავთ და არ არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილება, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე კი ივარაუდებოდა, რომ ხელშეკრულება შეთანხმებული პირობების შესაბამისად სრულდებოდა. რაც შეეხება ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის 2014 წლის 22 დეკემბერს განმეორებით წარდგენილ წერილობით მოთხოვნას, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.
37. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო სასამართლოსეულ სამართლებრივ შეფასებებს, ასევე, განმარტებებს საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან მიმართებით და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც გარანტის მიერ გაცემულია საბანკო გარანტია, პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულება. ამასთან, ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წერილობით წარუდგინა მოთხოვნა გარანტს და დაურთაო გარანტიით განსაზღვრულ დოკუმენტები (სსკ-ის 885-ე მუხლი), რაც ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილბის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უდავოა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რის გამოც მხარეებს შორის წარმოებული სამოქალაქო დავის ფარგლებში, მხარეები მორიგდნენ და პრინციპალის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები მორიგების აქტით განისაზღვრა. რაც შეეხება გარანტის შედავებას რომელის წინამდებარე განჩინების მე-24 პუნქტშია მითითებული, პალატა სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილზე (გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) მითითებით განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარება მხოლოდ ფორმალური საფუძვლით შემოწმებას და პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა თავისთავად არ იწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (სუსგ №ას-749-709-2015, 2015 წლის 25 სექტემბერი), შესაბამისად, საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენას, რაც სამართლის დოქტრინაში ცნობილია „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპით (Principle of Strict Compliance). აღნიშნული პრინციპის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა ზუსტად შესაბამისი უნდა იყოს საბანკო გარანტიის პირობებთან და მასვე უნდა დაერთოს გარანტიაში გათვალისწინებული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპი გათვალისწინებულია დამოუკიდებელი გარანტიების შესახებ (The Uniform Rules for Demand Guarantees) საერთაშორისო სავაჭრო პალატის №458 უნიფიცირებული წესების მე-9 მუხლით, რომლის თანახმად, „ყველა დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია ან წარდგენილია საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მათ შორის მოთხოვნა, შემოწმებული უნდა იქნეს გარანტის მიერ გონივრული წინდახედულობის გათვალისწინებით, შეესაბამება თუ არა ისინი საბანკო გარანტიის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები არ შეესაბამება პირობებს, გარანტია უნდა იქნას უარყოფილი“ (იხ. სუსგ-ები.: №ას-1633-2019; 2020 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-950-886-2017; 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება).
39. საკასაციო პალატის განმარტებით, საგარანტიო პირობების თანახმად, გარანტი ბენეფიციარის წინაშე კისრულობდა თანხის გადახდის ვალდებულებას პრინციპალის მიერ 2014 წლის 5 მარტის ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო, თუ რაში გამოიტახებოდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა. რაც შეეხება ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ წარდგენას, ასეთ პირობას გარანტია არ ითვალისწინებდა. ერთადერთი, რასაც გარანტია ითვალისწინებდა იყო წერილობითი მოთხოვნა და მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტები, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო, თუ რით გამოიხატა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რაც მოსარჩელის მიერ შესრულდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, გარანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული, აენაზღაურებინა გარანტიის თანხა ბენეფიციარისათვის, თუ პრინციპალი დაარღვევდა მოსარჩელის მიმართ რაიმე ნაკისრ ვალდებულებას, რაც უნდა დადასტურებულიყო სათანადო დოკუმენტებით.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, თავისთავად საკმარისი საფუძველი იყო გარანტიის ამოქმედებისათვის, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება საგარანტიო ვადაში არ შესრულდა, ხოლო ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მიმართვა, აკმაყოფილებდა კანონმდებლობით საბანკო გარანტიის მოთხოვნების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებსა და ფორმებს (იხ. სსსკ-ის 879-ე-881-ე, 885-ე მუხლები), კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ ვლინდებოდა გარანტის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ან ასეთი ვალდებულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები (იხ. სსკ-ის 887-ე, 889-ე მუხლები), მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარმა გარანტს 2014 წლის 22 დეკემბერს, განმეორებით მიმართა გარანტს საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნით, რაც სსკ-ის 887-ე მუხლიდან გამომდინარე, უდავოდ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
41. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ფარგლებში (2014 წლის 5 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №02/20/46-14 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) ამ უკანასკნელთა მორიგება, მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, საბანკო გარანტიის უპირველესი დანიშნულება ისაა, რომ გარანტორმა ბენეფიციარს თანხა უნდა გადაუხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ პრინციპალს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ბენეფიციარის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეუსრულებია, რის უზრუნველსაყოფადაც გაცემული იქნა საბანკო გარანტია, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა სასამართლო დავის ფარგლებში მორიგება, გარანტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს დისპოზიციურობის ფარგლებში მხარეთა ნების გამოვლენის შედეგს, რომელიც საგარანტიო ურთიერთობების მონაწილე სუბიექტებისათვის განსაზღვრავს სამოქმედო წესებს და ნებისმიერი უთანხმოება სწორედ საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში, პრინციპალს საგარანტიო მოქმედების ვადაში ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევით, რომელიც უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით, გარანტს საგარანტი თანხის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
42. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1511-2018, 2019 წლის 26 მარტის განჩინება; №ას-492-460-2017, 2017 წლის 1 ივნისის განჩინება, №ას-476-2020, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება; საქმე №1681-2018, 2019 წლის 1 მარტის განჩინება).
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ს.კ. ,,უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს ს.კ. ,,უ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 379.15 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება 1779 / გადახდის თარიღი 27.07.2018), 70% - 265.40 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე