Facebook Twitter

საქმე №ას-1068-2021 18 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,რ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჯ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2015 წლის 1 ივნისის წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს „რ..-ში’’ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 1875 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით) შეადგენდა.

2. შრომითი ხელშეკრულების 5.2 პუნქტით, ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 1 ივნისამდე განისაზღვრა.

3. დასაქმებულს დამსაქმებლის მიერ 2015 წლის ივლისში დასაბეგრი ხელფასის სახით დაერიცხა - 3378.15 ლარი (1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2015 წლის 2 ოქტომბერს - 1675.17 ლარი (700 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2015 წლის 4 ნოემბერს - 3598.95 ლარი (1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2015 წლის 21 დეკემბერს - 3596.70 ლარი (1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2015 წლის 30 დეკემბერს 3610.05 ლარი (1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2016 წლის 2 თებერვალს - 2593.71 ლარი (1050 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2016 წლის 28 მარტს - 2675.39 ლარი (კურსი - 1 აშშ დოლარი - 2.3342 ლარი, 1146.17 აშშ დოლარის ეკვივალენტი), 2016 წლის 22 აპრილს - 1625 ლარი (კურსი - 1 აშშ დოლარი - 2.2317 ლარი, 728.15 აშშ დოლარის ეკვივალენტი) საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

4. დასაქმებულმა 2016 წლის 2 თებერვალს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის დამსაქმებელს მიმართა წერილობითი განცხადებით, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2016 წლის 1 მარტიდან შეწყდა.

სარჩელის საფუძვლები:

.

5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა დამსაქმებლისათვის სახელფასო დავალიანების, 11637 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს - 6068 აშშ დოლარის (2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისის ჩათვლით 1352.24 აშშ დოლარის, ხოლო 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე 11637 აშშ დოლარის 0.07%-ის - 4716 აშშ დოლარის) დაკისრება.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კომპანიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2016 წლის 4 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით, მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო 1625 ლარით (ხელზე მისაღები) განისაზღვრა.

7. მოპასუხის მითითებით, 2015 წლის 1 ივნისს ტელემაუწყებლობის დაწყება იგეგმებოდა, თუმცა მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამაუწყებლო საქმიანობის აკრძალვის გამო, კომპანიამ შრომით კოლექტივთან ერთად შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და თანამშრომლები ორი თვე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ამასთან, მოსარჩელეს აგვისტოს ხელფასი წინასწარ ჩაერიცხა.

8. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დამსაქმებელს სახელფასო დავალიანება 3875.68 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარი გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე) დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; ასევე - პირგასამტეხლოს - 2185.75 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა; დასაქმებულის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 1 მარტიდან, ამასთან, მოსარჩელე დავობს მისთვის 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის 1 მარტამდე მისაღებ ხელფასს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2018 წლის 3 იანვარს, არ გაიზიარა აპელანტის განმარტება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 1.2 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 144-ე, 129.2 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არც სახელფასო დავალიანებისა და, შესაბამისად, არც პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი დავობს მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის სახელფასო დავალიანების დაკისრებას და განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორის 2015 წლის 5 ივნისის ბრძანებით, მოსარჩელე სხვა თანამშრომლების მსგავსად, 2 თვით უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა, კერძოდ, 2015 წლის ივნისსა და ივლისში (ივლისში ჩარიცხულია წინსწრებით აგვისტოს ხელფასი), შესაბამისად, 2 თვის შრომის ანაზღაურებას - 3000 აშშ დოლარს ვერ მიიღებდა.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანების მოსარჩელესთან შეთანხმება არ დასტურდება. ამასთან, სშკ-ის 36.3 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერება შეუძლია, მოითხოვოს დასაქმებულმა, რაც გამორიცხავს დამსაქმებელის უფლებას, ცალმხრივი გადაწვეტილების მიღების გზით თანამშრომელთან შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა მისი ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაშვების გზით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2015 წლის 5 ივნისის №1/1-14 ბრძანებას მოსარჩელის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია და, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადაუხდელი ხელფასის გადახდა უნდა დაეკისროს.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაც დამსაქმებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მხარეს უფლება ჰქონდა მიეღო იმ პერიოდსა და თანხაზე მისთვის კანონით მინიჭებული ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დადგენილი ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით დადასტურდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამსაქმებელმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ მოუთხოვნია, რისი თანმდევი შედეგიც სახელფასო დავალიანების ანაზღაურება იქნებოდა, შესაბამისად, მოქმედებს ბრძანების ნამდვილობის პრეზუმფცია, იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

18. კასატორის მითითებით, მხარეთა ნება შრომითი ურთიერთობის შეჩერებისკენ იყო მიმართული, რათა არ გამოყენებულიყო უკიდურესი ზომის - შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა. მისი წერილობითი ფორმის სავალდებულოობა ემსახურება მტკიცების ტვირთის გამარტივებას, თუმცა კანონი არ კრძალავს ზეპირი ფორმით შეთანხმებას დასაქმებულის უხელფასო შვებულებაში გაშვებასთან დაკავშირებით.

19. კასატორის მტკიცებით, შრომით დავებზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მოკლევადიანი გასაჩივრების შემოღებით აღმოფხვრილიყო გრძელვადიანი შრომითი დავები. დასაქმებული მუდმივად თავდაცვასა და სარჩელის აღძვრას არ უნდა ელოდებოდეს. კასატორის მტკიცებით, ამ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად, სშკ-ის 38.6 მუხლი უნდა გავრცელდეს.

20. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებაც მოსარჩელის მოთხოვნა. სასამართლოს მხარეთა კეთილსინდისიერების კონტექსტით უნდა გამოეკვლია, რატომ მიმართა მოსარჩელემ სასამართლოს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 19 თვის შემდგომ. სასამართლოს უნდა შეესწავლა მხარის უფლების განხორციელების საკითხი სსკ-ის 115-ე მუხლის ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

26. საკასაციო პალატის განმარტებით, რაკი მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015 წელი; №ას-483-457-2015, 07.10.2015 წელი; №ას-182-171-2017, 27.12.2019წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სადავო გარემოებებს დაადასტურებდა.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო მოთხოვნის დასაბუთების არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს დამსაქმებლის (კასატორის) საკასაციო პრეტენზია, რომლის თანახმად, დასაქმებული კომპანიის დირექტორის 2015 წლის 5 ივნისის ბრძანებით, 2 თვით უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის ხელფასი მას არ ეკუთვნის.

28. სშკ-ის 36-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს შრომითი ურთიერთობის შეჩერების ლეგალურ საფუძვლებს, რომლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთობის შეჩერების საფუძველია - ანაზღაურების გარეშე შვებულება.

29. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნის უფლებით სარგებლობს დასაქმებული. სწორედ მის მიერ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნა (დასაქმებულის ნება) ხდება საფუძველი დამსაქმებლის ვალდებულებისა, რომ ურთიერთობა შეჩერდეს გონივრული ვადით (იხ. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ს V თავი). ამასთან, შრომის კოდექსი დამსაქმებელს დასაქმებულთან იმგვარი შეთანხმების გაფორმების უფლებას არ აძლევს, რომლითაც დასაქმებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნა მოუწევს (იხ. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 21.3-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-593-2019, 2 აგვისტო, 2019 წელი; საქმე №ას-140-140-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, საქმე №1028-2020, 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება). საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ნებისმიერი დამსაქმებელი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ სურს დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურება, გამოიყენებს უფლებას, რომ გაუშვას დასაქმებული უხელფასო შვებულებაში, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, რისი გათვალისწინებითაც, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეჩერება და დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაშვება შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება (შდრ. საქმე №ას-1028-2020, 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება).

30. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დაუდასტურებელია ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის მიმართვის ფაქტი, ასევე - მხარეთა მიერ ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გასვლის შესახებ 2015 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.4 ქვეპუნქტით განსაზღვრული ურთიერთშეთანხმებაც, ასეთ ვითარებაში, დამსაქმებელს დასაქმებულის მიერ მოთხოვნილი 2 თვის ხელფასისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს, რადგან მიუღებელი ხელფასის 0.07%-ის მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ საქმე №ას-461-429-2017, 10.11.2017 წელი).

31. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომლის თანახმად, დასაქმებულის უხელფასო შვებულებაში გაშვებასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმება არსებობდა და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ასეთი ზეპირი შეთანხმების არსებობას უარყოფს, მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება, თუ ის არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სადავო გარემოების დასადგენად.

32. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიკუთვნებითი სარჩელის შემთხვევაში, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის დაყენება არ არის აუცილებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება - საქმე №ას-664-635-2016).

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ვერც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია, ვინაიდან, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. საქმე №ას-566-2019, 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; საქმე №ას-1937-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება; საქმე №ას-1867-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება).

34. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ. და ა.შ.).

35. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო დავის საგანს წარმოადგენს არა იმ ბრძანების მართლზომიერება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების კვლევა, რომლის მიმართაც ვრცელდება სშკ-ის 38.6-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, არამედ მოპასუხის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა - სახელფასო დავალიანების (მათ შორის პირგასამტეხლოს) ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით სშკ არ აწესებს სპეციალურ ნორმას. საკასაციო პალატა სშკ-ის 1.2-ე მუხლზე (შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით) მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან სახელფასო ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე სსკ-ის 129.2-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელდება, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

36. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავოა 2015 წლის ივნისისა და ივლისის ხელფასი. 2018 წლის 3 იანვარს დასაქმებულმა მიმართა სასამართლოს, დაიწყო სასარჩელო წარმოება დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა ზემოაღნიშნული პერიოდისთვის. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში განახორციელა და არ არსებობს კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

37. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასაც და მიუთითებს, რომ არ დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ დროის გაჭიანურებისა და უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობა. მით უფრო, იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ დასაქმებული სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებელს არაერთხელ მიმართა და ამ გზით დარღვეული უფლების აღდგენა უშუალოდ დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან სცადა.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1429-2020, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-359-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება; №ას-260-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, საქმე №ას-1028.-2020, 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება).

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,რ..-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,რ..-ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 679.15 ლარის (საგადახდო დავალება 11937064746 / გადახდის თარიღი 08.11.2021), 70% - 475.4 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის 139.16 ლარის (საგადახდო დავალება 11967993253 / გადახდის თარიღი 12.11.2021), 70% - 97.41 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე