საქმე №ას-478-2022 29 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ნ.გ–კო (მ.ბ–ვას უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ა–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ვას (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობისა და წილის მიკუთვნების მოთხოვნით.
მოპასუხის შესაგებელი:
2. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 26 თებერვლის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი, კერძოდ, ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ქ. თბილისში, ......., 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 20.16 კვ.მ შენობა №01/1, შენობა-ნაგებობა №02/1, 03/1 მოპასუხის საკუთრებადაა დადგენილი და აღნიშნული ქონების (ქ. თბილისში, ......., 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა №01/1 ფართით 20.16 კვ.მ; შენობა-ნაგებობა №02/1, 03/1) თანამესაკუთრეებად ცნობილ იქნენ მოსარჩელე და მოპასუხე ½-½ წილის უფლებით (მიწის გამიჯვნის ნახაზზე ნაკვეთი №3), რაც მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
განმცხადებლის მოთხოვნა:
4. მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენელმა 2021 წლის 27 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ........ (ს/კ ......).
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, საქმისწარმოება შეჩერდა აწ გარდაცვლილი მოპასუხის (აპელანტის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. კანონმდებლობით დადგენილია, რომ სანოტარო წესით სამკვიდროს მიღების ვადა 6 თვეა. ამ ვადის გასვლის შემდგომ, უფლებამონაცვლის დადგენამდე და საქმისწარმოების განახლებამდე არსებობს შესაძლებლობა, რომ სადავო უძრავი ქონება გადავიდეს მესამე პირის საკუთრებაში ან უფლებრივად დაიტვირთოს, რისი გათვალისწინებითაც დასაბუთებულია იმის თაობაზე ვარაუდი, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
საჩივრის ავტორის მოთხოვა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით, აპელანტ (მოპასუხის) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა (როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, საქმისწარმოება შეჩერდა აწ გარდაცვლილი მოპასუხის (აპელანტის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით) ნ.გ–კო (შემდგომ - საჩივრის ავტორი), რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა.
8. საჩივრის ავტორის განმარტებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ტოლფასი სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, ვინაიდან მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს უძრავი ქონების ნახევარზე, სასამართლომ კი მთლიან უძრავ ქონებას დაადო ყადაღა. ამასთან, არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა - დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით, საჩივრის ავტორის (მოპასუხის უფლებამონაცვლის) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ ნაწილს, მდებარე: ქ. თბილისში, ........ (ს/კ ......); დაუკმაყოფილებელ ნაწილში საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
10. სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე მუხლით, მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მოთხოვნა დაყადაღებული უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გართულდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტული სახე ადეკვატური უნდა იყოს დავის საგნისა და გაუმართლებლად და არაპროპორციულად არ უნდა ზღუდავდეს მოპასუხის უფლებებს, ამიტომ გაიზიარა გამოყენებული ღონისძიების სასარჩელო მოთხოვნის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით საჩივრის ავტორის მოსაზრება და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უძრავი ქონების 1/2-ზე საკუთრების უფლების აღდგენა, რისი გათვალისწინებითაც უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ დავის საგნის ადეკვატურ 1/2 ნაწილზე უნდა იქნეს გამოყენებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 17 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისში, ....... (ს/კ ......)) 1/2 ნაწილზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი) გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება, რომელსაც საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობა - დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
14. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
15. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
16. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობის არარსებობის შესახებ საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის უმთავრესი მიზანია დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეწყობა და მოსარჩელის ინტერესების დაცვა (დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელება და სხვა). მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 26 თებერვლის უძრავი ქონებს გამიჯვნის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი, კერძოდ, ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ქ. თბილისში, ......, 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა №01/1 ფართით 20.16 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №02/1, 03/1 მოპასუხის საკუთრებადაა დადგენილი და აღნიშნული ქონების (ქ. თბილისში, ........, 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა №01/1 ფართით 20.16 კვ.მ; შენობა-ნაგებობა №02/1, 03/1) თანამესაკუთრეებად ცნობილ იქნენ მოსარჩელე და მოპასუხე 1/2-1/2 წილის უფლებით, ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვის საჭიროება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ, ასევე - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად წარიმართა.
18. საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოპასუხე გარდაიცვალა და მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე არ არსებობს საშიშროება სადავოდ გამხდარი ქონების განსხვისების ან მისი უფლებრივად დატვირთვის, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საჩივრის ავტორმა 2022 წლის 12 იანვრის სამკვიდრო მოწმობით აწ გარდაცვლილი მოპასუხის სამკვიდრო მიიღო და მას თავისუფლად შეუძლია სადავო უძრავ ქონების (მათ შორის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული 1/2 ნაწილის) გასხვისება (ამასთან, საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით ცნობილ იქნა მოპასუხის უფლებამონაცვლედ), რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სრულად ამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს და იცავს მოსარჩელეს შემდგომში შესაძლო მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებისაგან.
19. პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება ემსაურება მოცემულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას და დასაბუთებული ვარაუდის არარსებობის შესახებ საჩივრის ავტორის მითითება, რომელიც არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლების დანაწესის ფარგლებში, სწორად გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავის არაერთ გადაწყვეტილებაში, ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
21. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, საჩივრის ავტორმა საჩივრის ფარგლებში ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გამოყენების არამართლზომიერება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–კოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე