საქმე №ას-384-2020 28 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ს.ტ. და ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომ - მყიდველი, სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ს.ტ. და ს–ის“ (შემდგომ - გამყიდველი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისათვის“ სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობის შესყიდვის მიზნით, 2016 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელემ და მოპასუხემ დადეს №პ/3504-51 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამინისტრომ მოპასუხისაგან შეისყიდა სამედიცინო მოწყობილობები. მყიდველს გამყიდველისათვის ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში (12.01.2017წ. ჩათვლით) უნდა მიეწოდებინა, ხოლო ნაწილი აპარატები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში (26.02.2017წ. ჩათვლით). ხელშეკრულების ღირებულება 530 000 ლარით განისაზღვრა.
3. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა აიღო ვალდებულება, საქონელი მიეწოდებინა დროულად და ხარისხიანად, ხოლო შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - შესასრულებელი ვალდებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ დაარღვია სამედიცინო აპარატურის მიწოდების ვადები, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო -18 292.16 ლარი.
4. ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით (ღირებულებით 10 600 ლარი). შესაბამისად, სამინისტრომ ბანკს წარუდგინა 10 600 ლარის თაობაზე მოთხოვნა, რომელიც ბანკმა დააკმაყოფილა. ამის გამო, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა პირგასამტეხლო - 7 692.16 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხის შესაგებელი
5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, „ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) გამყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია, განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით“. პირგასამტეხლოს რეკომენდაციის შესაბამისად დათვლის შემთხვევაში, მისი ოდენობა იქნებოდა მოსარჩელის მიერ დაკისრებულ ოდენობაზე 5-ჯერ ნაკლები. რაკი საბანკო გარანტის სახით მოსარჩელეს უკვე მიღებული აქვს 10 600 ლარი, დამატებით პირგასამტეხლოს - 7692.12 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავო არ იყო და აპელანტი მხოლოდ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას დავობდა.
10. ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება 0,1% იყო შეთანხმებული. სააპელაციო პალატის განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ამგვარი ოდენობით განსაზღვრა, როგორც წესი, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნეოდა და გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი იყო.
11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საბანკო გარანტია გამოითხოვა, მიღებული თანხა კი, დაკისრებული პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადებით გამოწვეული დისკომფორტი (შესრულების არაჯეროვნება), საბანკო გარანტიიდან მიღებული თანხით შეივსო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს, ერთი და იმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში საბანკო გარანტიის არსებობა შემკვეთისთვის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწეული ზიანის მყისიერად ანაზღაურების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა ბანკისგან საბანკო გარანტია გამოითხოვა, აღნიშნულით შემკვეთის მიზანი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეულია და იმავე დარღვევისთვის დამატებით ჯარიმის დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება.
12. პალატამ გაითვალისწინა შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე - ის გარემოება, რომ 0,1% პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მხარეთა შეთანხმება, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობადაა მიჩნეული, რაც მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებას იმთავითვე გამორიცხავდა. ამასთანავე, პალატამ ყურადღება მიაპყრო ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებში ვადაგადაცილების შედეგად რაიმე კონკრეტული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, მოსარჩელის დარღვეული უფლება საბანკო გარანტიის გამოყენების შედეგად ამონაგები თანხით სრულად იყო კომპენსირებული და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
13. პალატის მითითებით, შემკვეთის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის მიუხედავად, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობების არსებობა ვერ დადგინდა. აპელანტმა სასამართლოს წინაშე ხსენებული გარემოების სამტკიცებლად რელევანტური მტკიცებულების ან/და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა ვერ შეძლო. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების წინაპირობებიც არ იკვეთებოდა. მოპასუხის მიერ ვალდებულება სრულად იყო შესრულებული, ვადაგადაცილებას შემკვეთისთვის არსებითი ხასიათის ზიანი არ მიუყენებია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ამ მიმართებითაც ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქმის კონკრეტული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნია, თუმცა არ დაასაბუთა რომელი გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლოს არ შეუფასებია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ხასიათი და ამ დარღვევით მიღებული ზიანის მნიშვნელობა.
16. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა იქვე შეიცავს დათქმას რა გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლია შემცირება. ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ ეს უფლებამოსილება მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც შემცირების აუცილებლობა საქმიდან აშკარად გამომდინარეობს. შესაბამისად, სასამართლომ ამ ნორმის გამოყენებისას დეტალურად უნდა განიხილოს და შეაფასოს ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის - ვალდებულების დარღვევის არსი და მისი მნიშვნელობა საჯარო ინტერესთან მიმართებით. სასამართლოს არც ნაკისრი ვალდებულების არსი და არც დარღვევის მნიშვნელობის თანაზომიერება პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით არ შეუფასებია.
17. ხელშეკრულების საგანი იყო სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა აღნიშნული საჯარო ინტერესი. სააპელაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების ერთ-ერთ მოტივად ასახელებს მოპასუხისათვის მძიმე ტვირთის დაკისრებისაგან არიდებას, თუმცა არც საქმეში არ მოიპოვება და არც სასამართლო არ მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოპასუხეს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.
21. დადგენილია, რომ გამყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი მყიდველს შეთანხმებულ ვადებში ვერ მიაწოდა, რის გამოც მყიდველმა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - 18 292.16 ლარი დააკისრა. მყიდველმა საბანკო გარანტიის თანხა - 10 600 ლარი გარანტისაგან გამოითხოვა და დარჩენილი 7 692.16 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი გადაუხდელი პირგასამტეხლო 7 692.16 ლარი მოპასუხეს არ დააკისრა და განმარტა, რომ ერთი და იმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრება არამართლზომიერი იყო, პირგასამტეხლო - 18 292.16 ლარი კი, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
22. პირველ რიგში, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და მხარეეებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი (საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ხასიათისაა, მაშინ, როდესაც, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, აქცესორული ხასიათისაა. საბანკო გარანტია სასწრაფო და უპირობო ხასიათს ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია. ამდენად, საბანკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. საბანკო გარანტიის მიმართ კრედიტორის ინტერესი ისაა, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში და ამავე დროს, მაქსიმალურად ნაკლები ზარალი განიცადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კანონმდებელმა სწორედ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე. ამდენად, საბანკო გარანტია პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა (იხ. საქმე №ას-1511-2018; 26 მარტი, 2019 წელი). პირგასამტეხლო კი, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე). შესაბამისად, როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლები) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-ე-890-ე მუხლები), და არცერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტის მიერ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (შდრ. საქმე №ას-1681-2018, 1 მარტი, 2019 წელი). კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვა შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ერთ-ერთ ფაქტორად სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირებისას.
23. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ დისპოზიციურობისა (მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (მე-4 მუხლი) პრინციპზე და განმარტავს, რომ მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვერ შეცვლის სარჩელის საგანსა და საფუძველს. მათ განსაზღვრავს მხოლოდ მოსარჩელე, რომელიც თავად წყვეტს, თუ რომელ გარემოებებსა და ფაქტებს წარადგენს სასამართლოში. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მან პირგასამტეხლოს ნაწილის მოთხოვნა აინაზღაურა საბანკო გარანტიით, შესაბამისად, მისივე მითითებით, პირგასამტეხლოს - 10 600 ლარის ანაზღაურების ნაწილში ვალდებულება შეწყვეტილია შესრულებით ( სსკ-ის 427-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი პირგასამტეხლოს 7 692.16 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. რაკი მოსარჩელემ თავად განსაზღვრა ამდაგვარად მოთხოვნა, მოთხოვნის ოდენობა და მისი საფუძველი, სწორედ ამის გამო საკასაციო პალატაც 18 292.16 ლარს სრულად პირგასამტეხლოს ოდენობად განიხილავს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დარღვეულ ვალდებულებასთან მიმართებით, შეუსაბამოდ მაღალია. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სამოქალაქო კოდექსის 417-ე, ასევე, 420-ე მუხლების თაობაზე, შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას.
25. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ასევე, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
26. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ - პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
27. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 18 292.16 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 18 292.16 ლარის გამყიდველისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
28. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან. შეუსაბამობა გამომდინარეობს პირგასამტეხლოს მაღალი პროცენტიდან და ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან, ხოლო 10 600 ლარი სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე