საქმე №ა-1870-გან-5-2022 26 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.ჯ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ მიმართ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გენერალური დირექტორის 2017 წლის 1 მარტის ბრძანება; მხარეებს შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა აღიარებულ იქნა უვადოდ და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის კურატორის თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2017 წლის 10 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური იძულებითი განაცდურის - 1000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ამავე პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად, და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
2022 წლის 18 აპრილს საკასაციო პალატას გაცხადებით მომართაა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ წარმომადგენელმა ა.ვ–მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება დ.ჯ–ძის ,,ქ.თბილისისი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის'' კურატორის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში'' იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის კურატორის თანამდებობაზე ამჟამად დასაქმებულია თ.ც–ი, რის გამოც დ.ჯ–ძის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიიჩნევს რომ (ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ბუნდოვან ან ორაზროვან დებულებას, ამასთან, განმარტების საკითხი ორიენტირებული უნდა იყოს მისი აღსრულების ხელშეწყობაზე. კანონმდებელი მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად მის იმგვარად განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად გასაგები გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას (გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო და არა საქართველოს უზენაესი სასმართლო. „გადაწყვეტილების განმარტებას კი ახდენს ის სასამართლო, რომელმაც იგი გამოიტანა“ (იხ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.375). გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია იმ სასამართლოს, რომელმაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო (რომელი გადაწყვეტილებაც ექვემდებარება აღსრულებას) და არა იმას, რომელმაც გაიზიარა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის კანონიერება.
ნორმის აღნიშნული დანაწესს ასევე განამტკიცებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 20.2 მუხლის თანახმადაც, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 21.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის ერთ-ერთ აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენს აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სააღსრულებო ფურცელში მითითება.
ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ განმარტებას მხოლოდ გადაწყვეტილება (და არა განჩინება) იმიტომ ექვემდებარება, რომ აღსრულების ეტაპი წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, როდესაც ხდება ქვეყნის სახელით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული (კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება აღსრულება დაუყოვნებლივ, თანახმად სსსკ 268-ე მუხლისა) მართლმსაჯულების აქტის სისრულეში იძულებით მოყვანა და ბუნდოვანებისას, თავად ამ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო წარმოადგენს ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოს, ვინც უფლებამოსილია განმარტების (დაზუსტების) გზით აღმოფხვრას მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზი.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი, შევიდა კანონიერ ძალაში.
შესაბამისად, განსახილველ დავაში შემაჯამებელი (საბოლოო) გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ამავე სასამართლოს მიერვე გაცემულია სააღსრულებო ფურველი, რის გამოც გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო არა საქართველოს უზენაესი სასამართლო, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასაამრთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი, 399-ე 372-ე, 275-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. (ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე