Facebook Twitter

საქმე №ას-637-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.12.2020 წლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „მერია“) სარჩელი შპს „გ“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტ.1, ს.ფ. 127-138). სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე) საფუძველზე იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ტ.1, ს.ფ. 135).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან, ამასთან განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ იყო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ იგი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ XII თავი შეიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების წესს, როგორც ადგილობრივი ისე სხვა სახის შემოსავლებით, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობები არ ფინანსდებიან მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი არ თავისუფლდება სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2021 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ.3, ს.ფ.9-11). განჩინება ეფუძნება შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021 წლის განჩინება გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 05.04.2021 წელს კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 06.04.2021 წლიდან და ამოიწურა 15.04.2021 წელს; განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ექცევა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის რეგულირების ფარგლებში და სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. სასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინებაა მიღებული, სადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (სუსგ №ას-110-455-07, 28.05.2007წ.): უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის - მერიის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაედგინა ხარვეზი მის სააპელაციო საჩივარზე, რადგან მერია, რომელიც არის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამრიგად, უსაფუძვლოა მერიისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება და, აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის) მოტივით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნულს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი მართალია დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისაგან (საბიუჯეტო კოდექსის 65.2 მუხ.) და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია (საქართველოს კონსტიტუციის 75.1 მუხ.), თუმცა მუნიციპალური ბიუჯეტი ახდენს ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არსობრივ მსგავსებაზე მიუთითებს. სახელმწიფოს და მუნიციპალური ბიუჯეტების გამიჯვნა, მათ გათიშვას არ ნიშნავს, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა აგებულია ერთიანობის პრინციპზე, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობს, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტია (საბიუჯეტო კოდექსის 4.1 მუხ. „ე“ ქვ.პ., მე-6 მუხ. „დ1“ ქვ.პ.). ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 7.4 მუხლის თანახმად, სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას მის უფლებამოსილებებთან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის, შემოსულობების მიღებისა და ხარჯების გაწევის მიზანია მუნიციპალიტეტის ამოცანების, ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულება (საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „თ“ ქვ.პ., ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 89.1 მუხ.), რომელთა შორისაა მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, ნარჩენების მართვა, წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ. (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხ.). შესაბამისად, თვითმმართველობის მახასიათებლების გათვალისწინებით, სწორედ სახელისუფლებო ფუნქციების განხორციელებისა და სათანადო ამოცანების შესრულების მიზნით ხორციელდება თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირება და შესაბამისი ხარჯების გაწევა, რის გამო ნაკლებმნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის დაფინანსების წყაროები, რადგან ნებისმიერი წყაროდან გამომდინარე შემოსავალი ხმარდება მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, შენატანებით ხდება არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის მიზნების შესრულებას. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით ჩამოყალიბება მიზნად ისახავდა სასამართლო დავის წარმოებისას მათ შორის თვითმმართველობის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას (ვრცლად იხ.: სუსგ ბს-582 (კს-21), 13.09.2021წ.).

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით ხარვეზი დაედგინა აპელანტისათვის, ვინაიდან ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ვერ დაედება მხარის მიერ ისეთი ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი, რომლის დადგენა არასწორად მოხდა (შდრ. სუსგ №ას-1121-1055-2015, 09.12.2015წ., პ.23). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2021წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია