საქმე №ას-847-2020 14 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2019 წლის გადაწყვეტილებით მ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ე.ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის 9504.2 ლარის გადახდა (იხ: 16.10.2019 წლის გადაწყვეტილება და 21.10.2019 წლის განჩინება გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 15.05.2015 წლიდან 15.05.2017 წლამდე მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულება იმავე პირობებით გაგრძელდა 15.05.2019 წლამდე. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სრულად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, დამსაქმებელი სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ, დასაქმებულს შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად უხდის 625 ლარს. ხელფასი უნდა გაიცეს დაგვიანების გარეშე თვეში ერთხელ.
1.2. სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესისგან განსხვავებით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი შებრუნებულია და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა და ყოველთვიური ხელფასის რაოდენობა, დავის საგანს მხოლოდ ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება წარმოადგენს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დასაქმებულთან მუშაობდა 45 თვისა და 15 დღის განმავლობაში. ხელფასის სახით უნდა აეღო 28437.5 ლარი, აიღო მხოლოდ 12600 ლარი. აუნაზღაურებელი ხელფასი შეადგენს 15837.5 ლარს. მოპასუხე შესაგებელში და ახსნა-განმარტების ეტაპზე უთითებდა, რომ ხელფასი დასაქმებულს სრულად აუნაზღაურა ხელზე ანგარიშსწორების გზით. რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია.
1.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 429-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოვალის - დამსაქმებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომლის თანახმად, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება ჰქონდეს. კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა წერილობითი საბუთი.
1.4. სასამართლომ განმარტა, რომ ხელზე ანგარიშსწორების დროს მოვალე განსაკუთრებით გულდასმით უნდა უდგებოდეს ფულადი ანგარიშსწორების დოკუმენტის შექმნას, ვინაიდან, ფულადი ოპერაცია არ ფიქსირდება ელექტრონულ მატარებელზე და სადავოობისას მისი დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორის მიერ დადასტურებული ფულის მიღების დოკუმენტებით: სალაროს ორდერით, ვალის მიღების ხელწერილით. შრომით ურთიერთობებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელფასის გაცემის უწყისი ან სპეციალური ჟურნალი, სადაც ფიქსირდება დასაქმებულის მიერ ხელფასის მიღება, მისივე ხელმოწერით. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ხელფასი გაიცემა ხელზე, ვერ დაადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს.
1.5. მოსარჩელე სადავოდ ხდის დამსაქმებლის მიერ ხელფასის სრულად ანაზღაურებას. მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხოლოდ სიტყვიერად უთითებს, რომ ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული აქვს. სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს შეუსაბამოდ მიაჩნია მოწმეთა ჩვენებებზე მითითება, მით უფრო მაშინ, როდესაც მათი ჩვენება არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას, უშუალოდ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე. დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება მოსარჩელისთვის სახელფასო დავალიანების - 15837.5 ლარის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა 15 837.5 ლარის სახელფასო დავალიანება.
1.6. მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმით გამოიხატება, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელემ საკუთარი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო (უნდა შეეტყო) მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან ანუ 15.06.2015 წლიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის თავზე). სარჩელის შეტანის თარიღის გათვალისწინებით, ხანდაზმულია მოთხოვნა 2015 წლის 15 მაისიდან 2016 წლის 19 მარტამდე, რაც შეადგენს 10 თვისა და 4 დღის ხელფასს - 6333.3 ლარს.
1.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლზე, სსკ-ის 361-ე, 427-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, ვინაიდან ხანდაზმულია მოთხოვნა 6333.3 ლარის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების დარჩენილი ნაწილის - 9504.2 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2020 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საფუძველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის ((შემდეგში სშკ) წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31.1 (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლები.
9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
10. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და დადგენილად მიიჩნია სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, ამდენად, დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სუსგ. №ას-1274-2018, 25.12.2018წ.). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ. №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.; №ას-1274-2018, 25.12.2018წ.). აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის განაწილება შეესაბამება ფულადი ვალდებულების შესრულებისას დადგენილ მტკიცების სტანდარტსაც, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს ეკისრება მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი, ანუ მოპასუხე მხარეს, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დასაქმებულის მიმართ სახელფასო ვალდებულების შესრულების დადასტურების ტვირთი ეკისრება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელფასი სრულად და მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია (სუსგ. №ას-376-2019, 14.06.2019წ.). შრომის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ დამსაქმებელი განიხილება მოვალედ და, სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (სუსგ. №ას-17-15-2017, 31.03.2017წ.).
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს დასაბუთებას, რომ დამსაქმებელმა ვერ წარადგინა ხელფასის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს სახელფასო დავალიანების ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა. ამდენად, სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლების, ასევე სშკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის და 34-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელს მართებულად დაეკისრა მოთხოვნილი სახელფასო დავალიანებიდან არახანდაზმული ნაწილის გადახდის ვალდებულება.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით) შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 475.21 ლარს. კასატორის მიერ გადახდილია 476 ლარი. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი 0.79 ლარი, ასევე -სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 475.21 ლარის 70%, ჯამურად - 333.44 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ე.ს–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ა.წ–ის (პ/ნ: .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 476 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 05.10.2020წ.) ზედმეტად გადახდილი 0.79 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 475.21 ლარის 70% – 332.65 ლარი, საერთო ჯამში – 333.44 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია