Facebook Twitter

02 მარტი 2022 წელი

საქმე №ას-1129-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორები - ი.პ–ი, თ.ჭ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - შ.პ.ს. „ჯ.მ–ი“, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“ (მოპასუხეები)

II კასატორები - შ.პ.ს. „ჯ.მ–ი“, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები - ი.პ–ი, თ.ჭ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება

I კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

II კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, მიუღებელი ხელფასის, ზიანისა და კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 25 სექტემბერს ი.პ–მა და თ.ჭ–მა (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „პირველი კასატორები“) სარჩელები აღძრეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ და შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „მეორე კასატორები“) მიმართ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, მიუღებელი ხელფასის, პირგასამტეხლოსა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ:

1.1. ი.პ–ის სასარჩელო მოთხოვნები შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მიმართ:

1.1.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა;

1.1.2. გადაუხდელი შრომის ანაზღაურების - 13 629 ლარისა (2020 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, 7 თვის დავალიანება) და გამომუშავებული პრემიის - 15 000 აშშ დოლარის დაკისრება;

1.1.3. აღნიშნული თანხების გადახდის დაყოვნებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07 პროცენტის ანაზღაურება;

1.1.4. 2020 წლის 25 აგვისტოდან, სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის - 1947 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება;

1.1.5. ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დავალიანების 0,07 პროცენტის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.2. თ.ჭ–ის სასარჩელო მოთხოვნები შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მიმართ:

1.2.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა;

1.2.2. გადაუხდელი შრომის ანაზღაურების 16 474 ლარისა (2020 წლის ივნისის ნაწილი, ივლისი და აგვისტოს ჩათვლით) და გამომუშავებული პრემიის - 37 500 აშშ დოლარის დაკისრება;

1.2.3. აღნიშნული თანხების გადახდის დაყოვნებისათის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07 პროცენტის ანაზღაურება;

1.2.4. 2020 წლის 25 აგვისტოდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის - 6250 ლარის (დასაბეგრი) გათვალისწინებით;

1.2.5. ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დავალიანების 0,07 პროცენტი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.3. ი.პ–ის სასარჩელო მოთხოვნები შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ მიმართ:

1.3.1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა;

1.3.2. გადაუხდელი შრომის ანაზღაურების - დასაბეგრი 14 176 აშშ დოლარის (2020 წლის ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით) დაკისრება ეროვნული ვალუტით, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით;

1.3.3. ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07 პროცენტის გადახდა, დაყოვნების ყოველი დღისათვის;

1.3.4. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 25 აგვისტოდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის ყოველთვიური ხელფასის - 5000 აშშ დოლარის (დასაბეგრი) გათვალისწინებით;

1.3.5. ანგარიშსწორების დაყოვნების ვადაგადაცილებული ყოველი დღისათვის, დავალიანების - 0,07 პროცენტის დაკისრება, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.4. თ.ჭ–ის სასარჩელო მოთხოვნები შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ მიმართ:

1.4.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა;

1.4.2. გადაუხდელი შრომის ანაზღაურების - დასაბეგრი 7773 აშშ დოლარის დაკისრება (2020 წლის ივლისი - 25 აგვისტოს ჩათვლით) გადახდის დღეს არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით;

1.4.3. ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის 0,07 პროცენტის დაკისრება;

1.4.4. 2020 წლის 25 აგვისტოდან, თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის - 4214 აშშ დოლარის (დასაბეგრი) გათვალისწინებით;

1.4.5. ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დავალიანების 0,07 პროცენტი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

2. მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები (სამოქალაქო საქმე N2/96-2020წ. ი.პ–ისა და თ.ჭ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ მიმართ და სამოქალაქო საქმე N2/95-2020წ. ი.პ–ისა და თ.ჭ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მიმართ) გაერთიანდა ერთ წარმოებად.

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით:

4.1. ი.პ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

4.2. ბათილად იქნა ცნობილი ი.პ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ გადაწყვეტილება - შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება.

4.3. შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ ი.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით (01 თებერვლიდან 25 აგვისტოს ჩათვლით) დასაბეგრი 13 304 ლარი და 50 თეთრი.

4.4. შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ ი.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (დასაბეგრი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.5. შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ კომპენსაციის სახით დაეკისრა დასაბეგრი - 38 940 ლარის ი.პ–ის სასარგებლოდ გადახდა.

4.6. ი.პ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.7. ბათილად იქნა ცნობილი ი.პ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება (ასევე შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ დირექტორის 2020 წლის 19 აგვისტოს წერილი).

4.8. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ ი.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით (01 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით) დასაბეგრი - 14 166 აშშ დოლარისა და 75 ცენტის ანაზღაურება, ეროვნული ვალუტით (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით).

4.9. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ ი.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ თვეში განსაზღვრული მიუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (დასაბეგრი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით).

4.10. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ ი.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით დასაბეგრი 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით).

4.11. თ.ჭ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4.12. ბათილად იქნა ცნობილი თ.ჭ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ გადაწყვეტილება - შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება.

4.13. შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით (ივნისი, ივლისი, 25 აგვისტოს ჩათვლით) დასაბეგრი - 16 474 ლარი;

4.14. შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ თვეში განსაზღვრული მიუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (დასაბეგრი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4.15. შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა დასაბეგრი - 93 750 ლარის გადახდა;

4.16. თ.ჭ–ის სარჩელი შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.17. ბათილად იქნა ცნობილი თ.ჭ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება (ასევე შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ დირექტორის 2020 წლის 19 აგვისტოს წერილი).

4.18. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით (ივლისი, 25 აგვისტოს ჩათვლით) დასაბეგრი 7725 აშშ დოლარისა და 75 ცენტის ანაზღაურება ეროვნული ვალუტით (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით);

4.19. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ თვეში განსაზღვრული მიუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (დასაბეგრი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით);

4.20. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა დასაბეგრი - 12 642 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, ეროვნული ვალუტით (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით).

4.21. დანარჩენ ნაწილში სარჩელები არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ისთვის“ მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.4 და 4.4. პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება; შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ ი.პ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 6667 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნული ვალუტით (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით); შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ თ.ჭ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 5618,67 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, ეროვნული ვალუტით (გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსით).

6.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ დირექტორის, ვ. ლ–ის 2013 წლის 01 ოქტომბრის Nჭ-8/2013 ბრძანებით, ი.პ–ი დაინიშნა შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მისი ხელფასი განისაზღვრა - 1689 ლარით (დასაბეგრი).

6.1.2. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ დირექტორის ვ. ლ–ის 2017 წლის 31 მარტის ბრძანებით, ი.პ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსად, შრომითი ანაზღაურების შენარჩუნებით. ამავე ბრძანებით დამატებით დაეკისრა სამმართველოს სტრუქტურაში შემავალი დასაქმების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებაც.

6.1.3. 2018 წლის ივლისში გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის იანვრიდან ი.პ–ის ხელფასი განისაზღვრა დასაბეგრი 1947 ლარით.

6.1.4. ი.პ–ს 2020 წლის 1 თებერვლიდან გათავისუფლებამდე - 2020 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, არ მიუღია ხელფასი - 13 304,50 ლარი ((1947X6)+(25X64,9)=13304,50), რაც ცხადი იყო ამონაწერიდან.

6.1.5. ი.პ–მა 2020 წლის ივლისში მიმართა შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“, მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე ინფორმაცია და ხელფასის ჩარიცხვა.

6.1.6. 2020 წლის აგვისტოში ი.პ–მა მიმართა შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ სამსახურებრივი ინფრასტრუქტურის გამოყენების შეზღუდვის საკითხზე და აღნიშნა, რომ იგი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას.

6.1.7. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა - მ.ლ–ძემ, 2020 წლის 19 აგვისტოს ი.პ–ს აცნობა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოდან მას უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება საწარმოსთან, ხოლო იმავე წლის 31 აგვისტოს წერილით შეატყობინა, რომ მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე.

6.1.8. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით, ი.პ–ს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

6.1.9. 2017 წლის 01 ივნისს, თ.ჭ–სა და შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, თ.ჭ–ი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ ადამიანური რესურსების სოციალურ და ადმინისტრაციულ საკითხებში და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 6250 ლარით (დასაბეგრი). შრომითი ხელშეკრულების 1.5. მუხლსა და მე-8 პუნქტში მითითებულია სამუშაოს გაცდენისა და შინაგანაწესის დარღვევისათვის თანხის დაქვითვის თაობაზე, თუმცა ასეთი ღონისძიება (სანქცია) თ.ჭ–ის მიმართ არ გამოყენებულა.

6.1.10. თ.ჭ–ს არ მიუღია ხელფასი 2020 წლის ივნისის ნაწილი დასაბეგრი 5016,27 ლარი, ივლისის დასაბეგრი 6250 ლარი, ასევე, 01 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით (6250:30=208,33X25) დასაბეგრი 5208,25 ლარი. სულ, მიუღებელი ხელფასი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრა - 16 474 ლარით.

6.1.11. 2020 წლის აგვისტოში, თ.ჭ–მა მიმართა შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე ინფორმაცია და მიუღებელი ხელფასის ჩარიცხვა. ამავე დღეს თ.ჭ–მა მიმართა საწარმოს სამსახურებრივი ინფრასტრუქტურის გამოყენების შეზღუდვის საკითხზე და აღნიშნა, რომ იგი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას.

6.1.12. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა - მ.ლ–ძემ, 2020 წლის 19 აგვისტოს თ.ჭ–ს აცნობა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოდან მას უწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება საწარმოსთან. 2020 წლის 31 აგვისტოს წერილით კი შეატყობინა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე. წერილში განიმარტა, რომ აღნიშნული ბრძანება ეფუძნებოდა ეკონომიკური გარემოებების გაუარესებას, რამაც გამოიწვია სამუშაო ძალის შემცირება.

6.1.13. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით, თ.ჭ–ს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

6.1.14. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის, ნ.ჩ–ის მიერ, 2020 წლის 13 ნოემბერს გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ არ არსებობდა ადამიანური რესურსების, სოციალურ და ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის მოადგილის ტოლფასი ან/და მისი რომელიმე ფუნქციის შემთავსებელი ვაკანტური თანამდებობა, ასევე, არ არსებობდა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსისა და დასაქმების სამსახურის უფროსის თანამდებობის ტოლფასი ან/და მისი რომელიმე ფუნქციის შემთავსებელი ვაკანტური პოზიცია.

6.1.15. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის, ნ.ჩ–ის მიერ, 2020 წლის 06 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელეთა გაუქმებული თანამდებობების უფლება-მოვალეობები გადაუნაწილდა საწარმოს სხვა თანამშრომლებს.

6.1.16. 2019 წლის 04 ოქტომბერს, ხელშეკრულების საფუძველზე ი.პ–ი დაინიშნა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა დასაბეგრი 5000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 ოქტომბრამდე.

6.1.17. 2020 წლის აგვისტოში, ი.პ–მა მიმართა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“, მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე ინფორმაცია და მიუღებელი ხელფასის ჩარიცხვა, თავის მხრივ აცნობა სამსახურებრივი ინფრასტრუქტურის გამოყენების შეზღუდვის საკითხი და აღნიშნა, რომ იგი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას.

6.1.18. 2020 წლის 19 აგვისტოს, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ დირექტორმა - ა.ჩ–ამ ი.პ–ს შეატყობინა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოდან საწარმო მასთან წყვეტდა შრომით ხელშეკრულებას, ხოლო 2020 წლის 31 აგვისტოს წერილით ი.პ–ს ეცნობა, რომ მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იყო, რომ შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“ ხელფასს უხდიდა ი.პ–ს შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ საქმიანობისათვის. ვინაიდან, შ.პ.ს. „ჯ.მ–მა“ გადაწყვეტილება მიიღო ი.პ–თან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ აღარ გააჩნდა მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საფუძველი. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–იდან“ უშუალოდ, მატერიალურად სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ მხარეებს შორის ამ დღიდან შეწყდა ურთიერთობა.

6.1.19. ი.პ–ს არ მიუღია ივნისის, ივლისისა და აგვისტოს 25 დღის ხელფასი, რაც შეადგენდა 14 166,75 აშშ დოლარს ეროვნულ ვალუტაში.

6.1.20. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ ი.პ–ის შრომის ხელშეკრულების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით ამოიწურა 2020 წლის 04 ოქტომბერს, ამდენად, ამ დროისათვის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იყო.

6.1.21. 2019 წლის 04 ოქტომბერს, ხელშეკრულების საფუძველზე თ.ჭ–ი დაინიშნა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა დასაბეგრი 6250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, რომელსაც აკლდებოდა შ.პ.ს. „ჯ.მ–თან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე საანგარიშო პერიოდში მისაღები შრომის ანაზღაურება 6250 ლარის ოდენობით, რის გამოც თ.ჭ–ის ხელფასი მოცემულ საწარმოში ყოველთვიურად შეადგენდა 4214 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რაც დაადასტურა თვით მოპასუხემ წარმოგენილ შესაგებელში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 ოქტომბრამდე.

6.1.22. 2020 წლის აგვისტოში, თ.ჭ–მა მიმართა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“, მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე ინფორმაცია და მიუღებელი ხელფასის ჩარიცხვა.

6.1.23. 2020 წლის 19 აგვისტოს, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ დირექტორმა - ა.ჩ–ამ თ.ჭ–ს აცნობა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოდან საწარმო მასთან წყვეტდა შრომით ხელშეკრულებას, ხოლო 2020 წლის 31 აგვისტოს წერილით შეატყობინა, რომ მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იყო, რომ შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“ ხელფასს უხდიდა თ.ჭ–ს შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ საქმიანობის განხორციელებისათვის და ვინაიდან, შ.პ.ს. „ჯ.მ–მა“ თ.ჭ–თან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ აღარ გააჩნდა მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საფუძველი. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–იდან“ უშუალოდ, მატერიალურად სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღიდან შეწყდა მხარეებს შორის ურთიერთობა.

6.1.24. თ.ჭ–ს შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ისგან“ არ მიუღია ივლისისა და აგვისტოს 25 დღის ხელფასი, რაც შეადგენდა 7725,75 აშშ დოლარს ეროვნული ვალუტით.

6.1.25. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ თ.ჭ–ის შრომის ხელშეკრულების ვადა ხელშეკრულების მიხედვით გასული იყო 2020 წლის 04 ოქტომბერს, შესაბამისად, მოცემული პერიოდისათვის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იყო.

6.1.26. საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ჯ.ე.“-ის ანგარიშში მითითებულია, რომ ანგარიში მომზადდა შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად 2019 წლის თებერვალში. ანგარიშის მიზანი იყო, შეეფასებინა კომპანიის მიმდინარე ფინანსური შედეგები მსოფლიოში შექმნილი ვითარების გავლენა და მისი ეფექტი კომპანიის ოპერირებაზე. აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციაზე, ასევე, გაიცა ადამიანური რესურსების მართვის გარკვეული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები, თუმცა მოცემული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო თუ არა ამ ფორმით ამ საკითხზე საწარმოს ხელმძღვანელობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

6.1.27. 2020 წლის 08 ივნისს, შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის მიერ მიღებული იქნა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცების შესახებ N130 ბრძანება. სტრუქტურა წარმოდგენილი იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ჩაშლილი სამსახურების კომბინაციით, სადაც მითითებული იყო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიც.

6.1.28. საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის 2020 ივნისის მიმართვებით ირკვევა, რომ საწარმომ მიმართა ს.ს. „ს.ბ–სა“ და ს.ს. „თ.ბ–ს“ სესხის მოთხოვნის თაობაზე, თუმცა ხსენებული საკრედიტო დაწესებულებების მიერ უარი სესხის გაცემაზე არ არსებობს.

6.2. სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა, რომ 08.06.2020წ. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის ნ. ჩ–ის ბრძანებით, შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ დამტკიცდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა. აღნიშნული ბრძანება და მისი დანართები არ შეიცავს საშტატო ერთეულებისა და სახელფასო ფონდის შემცირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას (იხ. ტომი 2, ს.ფ 239-256).

6.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

6.4. მოცემულ შემთხვევაში, ი.პ–ისა და თ.ჭ–ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ახალი რედაქციის 47-ე მუხლი). სააპელაციო პალატის შეფასებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2020 წელს არსებობდა თუ არა შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმების სამსახურის უფროსის (რაზეც დასაქმებული იყო ი.პ–ი) და ადამიანური რესურსების სოციალურ და ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის მოადგილის (რაზეც დასაქმებული იყო თ.ჭ–ი) შტატის გაუქმების საჭიროება, რეალურად გაუქმდა თუ არა, ასეთ ვითარებაში გაუქმება განაპირობა თუ არა საწარმოს ფინანსურმა სიძნელეებმა, კერძოდ: 2020 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდის შემცირებამ, სამუშაო ფუნქციების გაუქმებამ, რის გამოც დამსაქმებელი აღმოჩნდა კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე.

6.5. საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის ნ. ჩ–ის ბრძანებით ირკვევა, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ დამტკიცდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა, თუმცა აღნიშნული ბრძანება და მისი დანართები არ შეიცავს საშტატო ერთეულებისა და სახელფასო ფონდის შემცირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე წინა წლების ბრძანება, რომლის შესაბამისადაც შესაძლებელი იქნებოდა მათი ურთიერთშედარება და რაიმე ცვლილების დადასტურება. საქმეში წარმოდგენილი არაა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სახელფასო ფონდისა და საშტატო ერთეულის შემცირების მიზეზით რეორგანიზაციის ფაქტს. ასეთ ვითარებაში, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია რეორგანიზაციის მოტივით სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმების სამსახურის უფროსისა და ადამიანური რესურსების სოციალურ და ადმინისტრაციულ საკითხებში დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეულის (ი.პ–ისა და თ.ჭ–ის შტატები) გაუქმების თაობაზე დამსაქმებლის პოზიცია.

6.6. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ რეალურად არ განხორციელებულა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის სახელფასო ფონდის შემცირება, რის გამოც დამსაქმებელი დადგა კონკრეტული თანამდებობებიდან ი.პ–ისა და თ.ჭ–ის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ ორგანიზაციული ცვლილებები რეალურად არ განხორციელებულა, რეორგანიზაციის მოტივით დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება ფორმალური, არაკანონიერი და დაუსაბუთებული იყო და არ გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სპეციალური მმართველის, ნ. ჩ–ის გადაწყვეტილების (ბრძანება) ბათილად ცნობის საფუძველი იყო. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია.

6.7. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–იდან“ საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითა და განმარტა შემდეგი: აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (სუსგ Nას-113-2021, 27.04.2021წ.).

6.8. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე. ამიტომ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებში იყო მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

6.9. მოპასუხე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნტის სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–თან“ მოსარჩელეების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ავტომატურად გახდა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად დამსაქმებლის მიერ მითითებული აღნიშნული არგუმენტი და მიიჩნია, რომ გაურკვეველი და დაუსაბუთებელი იყო, თუ რატომ იყო მიბმული შ.პ.ს. „ჯ.მ–თან“ შრომით ურთიერთობაზე შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–თან“ მოსარჩელეების შრომითი ურთიერთობა, რომლებიც ამავე კომპანიაში დასაქმებული იყვნენ შიდა აუდიტის დეპარტამენტში დეპარტამენტის დირექტორისა (ი.პ–ი) და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში დეპარტამენტის დირექტორის (თ.ჭ–ი) თანამდებობებზე. რაიმე მსგავს ჩანაწერს მათთან გაფომებული შრომითი ხელშეკრულებები არ შეიცავდა.

6.10. ამდენად, საქმის მასალებით არ დადასტურდა ისეთი გარემოება, რაც ობიექტურად გაამართლებდა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–თან“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. არ დასტურდებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობაც. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს - შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა, მისი სადავოდ გამხდარი ქმედება კი ეწინააღმდეგებოდა მხარეებს შორის უფლებამოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების (ბრძანება) ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

6.11. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია შ.პ.ს. „ჯ.მ–სა“ და შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ სამუშაოდან გათავისუფლებმდე (2020 წლის 25 აგვისტო) მოსარჩელეთათვის მიუღებელი ხელფასისა და მისი დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება. როგორც საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით ირკვეოდა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ისა“ და შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ მიერ სადავო თანხების ჩარიცხვის ფაქტი არ დასტურდებოდა, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეთათვის სადავო თანხების ანაზღაურების დასადასტურებლად, დამსაქმებელს არ წარმოუდგენია, რაც მისი მტკიცების ტვირთი იყო. ამდენად, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 31 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად (შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 41-ე მუხლი), შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ისათვის“ და შ.პ.ს. „ჯ.მ–ისათვის“ სახელფასო დავალიანებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველდღიური 0,07%-ის დაკისრების საფუძველი იყო. ეს კი, გამორიცხავდა ამ ნაწილში მოპასუხეთა პრეტენზიის გაზიარებასა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

6.12. სააპელაციო პალატამ კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში მოპასუხეების პრეტენზიასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.).

6.13. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ შ.პ.ს. „ჯ.მ–თან“, წლების განმავლობაში მუშაობდნენ საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე, რომლის განმავლობაშიც მათ მიმართ არ გამოყენებულა რაიმე დისციპლინური სახის ღონისძიება, ამასთან, შ.პ.ს. „ჯ.მ–ი“ ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი და მძლავრი კომპანიაა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის შ.პ.ს. „ჯ.მ–თან“ მიმართებით მიკუთვნებული კომპენსაცია 15 და 20 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით გონივრული და სამართლიანი იყო, რაც ასევე გამორიცხავდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

6.14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ისათვის“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებული 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ მოსარჩელეების შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადა იყო 2020 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით. დადგენილი იყო, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2020 წლის 25 აგვისტოს, რაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. ამდენად, მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დასაქმებულებს არამართლზომიერად არ მიეცათ შესაძლებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2020 წლის 04 ოქტომბრამდე) განეხორციელებინათ შრომითი ურთიერთობა და მიეღოთ შესაბამისი ანაზღაურება. ასეთ ვითარებაში, სამართლიანი იქნებოდა, შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ისათვის“ კომპენსაციის დაკისრება უკანონოდ გათავისუფლების დღიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, ვინაიდან, ასეთ დროს ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიუღებელი თანხა, რადგანაც პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული სახელშეკრულებო პერიოდში შეასრულებდა შრომით მოვალეობებს (იხ.სუსგ: Nას-1276-1216-2014, 18.03.2015წ., Nას-368-342-2017, 24.05.2017წ.,; Nას-862-862-2018, 15.03.2019წ.).

6.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებისათვის შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ მხრიდან ასანაზღაურებელი კომპენსაცია უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 25 აგვისტოდან იმავე წლის 04 ოქტომბრამდე, რაც ი.პ–ის შემთხვევაში, მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების - 5000 აშშ დოლარის გათვალისწინებით - 6667 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო თ.ჭ–ის შემთხვევაში, მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების - 4214 აშშ დოლარის გათვალისწინებით - 5618,67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი იყო.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა - ისე მოპასუხეებმა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.1. მოსარჩელეების საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

7.1.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაცია უნდა დაკისრებოდა უკანონოდ გათავისუფლების დღიდან - 2020 წლის 25 აგვისტოდან, შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2020 წლის 04 ოქტომბრამდე პერიოდზე. დასკვნა იმის თაობაზე, რომ ასეთ დროს ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიუღებელი თანხა, რადგანაც პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული სწორედ ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეასრულებდა შრომით მოვალეობებს, უსაფუძვლოა.

7.1.2. განსახილველ შემთხვევაში, ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე, უკანონოდ, დამსაქმებლის ინიციატივით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კომპენსაციის განსაზღვრისას, უნდა გაეთვალისწინებინა ხელშეკრულების ვადამდე უკანონოდ შეწყვეტის კანონისმიერი შედეგები (საქართველოს შრომის კოდექსის 48.2 და 31.5 მუხლები). შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს რაც მას უკანონო დათხოვნის შედეგად მიადგა.

7.1.3. მოსარჩელეებს შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ის“ სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დაეკისრათ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს.

7.2. მოპასუხეების საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

7.2.1. მოსარჩელეთა გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შტატების რიცხოვნობის შემცირება, რა დროსაც ხელმძღვანელის მიერ გასათავისუფლებლად შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებიც არაეფექტურად მუშაობდნენ.

7.2.2. მოსარჩელეების მხრიდან არაერთი დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული დასტურდება შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ საოპერაციო დირექტორის მ.ლ–ძის 2020 წლის 24 ივლისს შედგენილი სამსახურებრივი ბარათით, სადაც მითითებულია, რომ თ.ჭ–ისაგან შეიმჩნეოდა სამსახურის მიმართ მეტად გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ის ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში, ახსნის გარეშე აცდენდა ყოველკვირეულ თათბირებს, არ პასუხობდა ტელეფონს, ახორციელებდა შერჩევით მენეჯმენტს. თ. ჭ–ის უპასუხისმგებლო საქმიანობას უკავშირდება მასშტაბური საპროტესტო ტალღა და გაფიცვები.

7.2.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება, თითქოს საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურით განხორციელდა მუშა მოსამსახურეთა შემცირება, მაშინ, როდესაც, ამ რეკომენდაციის თაობაზე არაერთი დასკვნა იქნა წარდგენილი მოპასუხეების მიერ.

7.2.4. შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ რეორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენდა შ.პ.ს. ჯ.მ–ის“ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი კომპანია „ჯ. ე–ს“ დასკვნით, რომლითაც გაიცა სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის ერთ-ერთია, რომ კომპანიის მენეჯმენტს დეტალურად გადაეხედა საშტატო ნუსხისთვის და მოეხდინა მისი ოპტიმიზაცია ისე, რომ არ შეფერხებულიყო წარმოების პროცესი. აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა მოსარჩელეთა გათავისუფლებისას.

7.2.5. ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში, კომპანია „ტ.კ–ის“ მიერ განხორციელდა შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ პროცედურებისა და პროცესების მიმოხილვა. აღნიშნულ ანგარიშში მოხვდა ადამიანური რესურსების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსარჩელე თ.ჭ–ი. ანგარიშში მითითებულ სამსახურზე ნათქვამია, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ საქმიანობას და მოთხოვნებს არ შეესაბამება მისი შინაგანაწესი, ბიუროკრატიული სტრუქტურა დამაბნეველია და საჭიროებს დახვეწას, არ არის ჩამოყალიბებული და შექმნილი ელექტრონული სისტემა, მართვის სტრატეგიული დაგეგმვის სქემა, შიდაკომუნიკაციის სტრატეგია, პერსონალის განვითარება/ტრენინგები, სამუშაო აღწერილობები და სახელფასო განაკვეთები, შეფასებისა და მოტივაციის სისტემა, თანამშრომლები არ ფლობენ სხვა დეპარტამენტებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას.

7.2.6. შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ საოპერაციო მართვის დირექტორის - მ.ლ–ძის 2020 წლის 25 ივნისის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 08 ივნისის რეორგანიზაციის ფარგლებში ზოგიერთი დეპარტამენტის სტრუქტურული და საკადრო ცვლილება ეფექტური აღმოჩნდა, რაც არ ითქმის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტზე. სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ არსებული მენეჯმენტის დატოვება არ შეესაბამება კომპანიის მიზნებს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა და გადადგმული ნაბიჯისა, თ.ჭ–ი არ ერთვებოდა საჭირო პროცესებში, რამაც არაერთხელ განაპირობა თანამშრომელთა გაფიცვა. ამავე ბარათში კვლავ შეთავაზებულია საკადრო ცვლილებები.

7.2.7. საქმეში წარმოდგენილია პროფკავშირების 2019 წლის 22 იანვრის, 2019 წლის 21 თებერვლისა და 2019 წლის 28 თებერვლის წერილებიც, რომლებიც ადასტურებს ჭ–ის საქმიანობით დასაქმებულებთან წარმოშობილ პრობლემებს, რაც 2020 წელს არაერთი ფართო მასშტაბიანი და ხანგრძლივი გაფიცვით დასრულდა და რამაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

7.2.8. თ.ჭ–ის მხრიდან ი.პ–თან მიმართებით დადგინდა შერჩევითი მენეჯმენტის ფაქტი. იგი ხელს აფარებდა ი. პ–ის დარღვევებს საქმიანობაში. დასაქმებულთა განცხადებით ი. პ–ი მათ მიმართ ავლენდა არაჯანსაღ დამოკიდებულებას, რაც გაფიცვის დღეებში ღიად დაფიქსირდა. ეს უკანასკნელი არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რაც დასტურდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ ი. პ–ი არ ცხადდებოდა სამსახურში, არ იღებდა მონაწილეობას მიმოწერაში და არ პასუხობდა სამსახურებრივ ტელეფონს.

7.2.9. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–თან“ დადებული ხელშეკრულება უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ განსახორციელებელ საქმიანობას, აღნიშნული კი ასაბუთებს დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართებულობას.

7.2.10. დაუსაბუთებელია მოსარჩელეთათვის 15-20 თვიანი ხელფასის ოდენობით კომპენსაციის განსაზღვრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ი“ წარმოადგენს „მძლავრ“ კომპანიას. სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა არ შეესაბამება საქართველოს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წინამდებარე საკასაციო საჩივრების ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების კანონიერება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა.

12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; Nას-1001-2018, 05.03.2021წ.; Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; Nას-45-2019, 05.04.2019წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).

13. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეები შ.პ.ს. „ჯ.მ–იდან“ გათავისუფლდნენ საქართველოს შრომის კოდექსის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).

14. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).

15. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებელმა კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცების შესახებ ბრძანება და მისი დანართები არ შეიცავს საშტატო ერთეულების (მათ შორის მოსარჩელეების მიერ დაკავებული თანამდებობების) გაუქმებისა და სახელფასო ფონდის შემცირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება რეორგანიზაციამდე არსებული კომპანიის სტრუქტურული მოწყობა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დამსაქმებლების გადაწყვეტილება, რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

17. უდავოა, რომ მოსარჩელეები შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“-დან გათავისუფლდნენ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) საფუძველზე.

18. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. სუსგ №ას-188-2021, 08.04.2021წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ მითითებულ საფუძველს აქვს. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-545-513-2012, 05.10.2012წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.).

19. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

20. მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელეების შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება ავტომატურად განაპირობა შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ ჩატარებულმა რეორგანიზაციამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ შ.პ.ს. „ჯ.მ–ში“ თუნდაც კანონის შესაბამისად ჩატარებული რეორგანიზაცია არ შეიძლება შეფასდეს შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ში“ დაკავებული თანამდებობებიდან მოსარჩელეების გათავისუფლების ობიექტურ გარემოებად, რადგან ამგვარი ურთიერთგანმაპირობებელი კავშირი მოპასუხე კომპანიებში მოსარჩელეების მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და შესასრულებელ სამუშაოებს შორის, შრომითი ხელშეკრულებებიდან და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.

21. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცება, შესაბამისად, დამსაქმებლებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდათ და მათი სადავოდ ქცეული ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

22. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია პირველი კასატორების პრეტენზია კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შ.პ.ს „ჯ.ე.მ–ში“ მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2020 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2020 წლის 25 აგვისტოს. შესაბამისად, დასაქმებულებს არამართლზომიერად არ მიეცათ შესაძლებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2020 წლის 04 ოქტომბრამდე) განეხორციელებინათ შრომითი ურთიერთობა და მიეღოთ შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაკაციო პალატას სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა უკანონოდ გათავისუფლების დღიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე მისაღები ხელფასის ოდენობით, ვინაიდან, პრეზუმირებულია, რომ სადავო გათავისუფლების ბრძანებების არარსებობის პირობებში დასაქმებულები სახელშეკრულებო პერიოდში შეასრულებდნენ შრომით მოვალეობებს და მიიღებდნენ შესაბამის ხელფასებს (იხ.სუსგ: Nას-1276-1216-2014, 18.03.2015წ., Nას-368-342-2017, 24.05.2017წ.,; Nას-862-862-2018, 15.03.2019წ.).

23. საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად მოსარჩელეებს მართებულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

24. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ: №ას-45-2019, 05.04.2019წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.; №ას-113-2021, 27.04.2021წ.; №ას-1440-2020, 28.04.2021წ.; №ას-67-2020, 29.09.2020წ.; №ას-310-2020, 15.10.2020წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; №ას-1513-2019, 16.12.2019წ.).

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება - 8277.83 ლარით, ვინაიდან, კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 8279 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლიდან გამომდინარე, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1.17 ლარი, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, შ.პ.ს. „ჯ.მ–ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8277.83 ლარის 70% – 5794.48 ლარი, საერთო ჯამში – 5795.65 ლარი, ხოლო შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5929.05 ლარის 70% - 4150.34 ლარი.

26. მოსარჩელეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.პ–ის და თ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ჯ.მ–ი“-ს და შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. შ.პ.ს. „ჯ.მ–ი“-ს (ს/კ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2656+5623=8279 ლარიდან, საგადასახადო დავალებები №1639131540, №1639131478, გადახდის თარიღი 10.12.2021წ.) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 1.17 ლარი, ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 8277.83 ლარის 70% - 5794.48 ლარი, საერთო ჯამში - 5795.65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. შ.პ.ს. „ჯ.ე.მ–ი“-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3521.93+2407.12=5929.05 ლარის, საგადასახადო დავალებები №1639126009 და №1639126297 გადახდის თარიღი 10.12.2021 წ.) 70% - 4150.34 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია