Facebook Twitter

საქმე №ას-938-2021 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მ.ო. "მ.ბ.კ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, სს მ.ო. „მ.ბ.კ–ის“ (შემდეგში: გამსესხებელი, მოსარჩელე ან კომპანია) სარჩელი მ.მ–ის (შემდეგში: მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 751.63 აშშ დოლარისა და 1 481.01 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 189.98 ლარის დაკისრებაზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სალომბარდე ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მსესხებელს გადაეცა:

- 02.12.2016 წლის №DNMO.0009946.003 ხელშეკრულებით - 460 აშშ დოლარი;

-16.12.2016 წლის №DNMO.0009946.002 ხელშეკრულებით - 700 აშშ დოლარი;

-17.12.2016 წლის №DNMO.0009946.004 ხელშეკრულებით - 1 500 აშშ დოლარი;

- 13.02.2017 წლის №DNMO.0009946.001 ხელშეკრულებით - 3 025 ლარი;

- 14.02.2017 წლის №DNMO.0009946.006 ხელშეკრულებით - 470 ლარი;

მოპასუხემ სესხის სახით ჯამში 2 660 აშშ დოლარი და 3 495 ლარი მიიღო;

3.2. ზემოხსენებული სესხის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს მფლობელობით გირავნობაში გადაეცა მოპასუხის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები:

- 02.12.2016 წლის №DNMO.0009946.003/01 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად - ძეკვი „გრეხილი“, სინჯი - 583, სრული წონა - 21,34;

- 16.12.2016 წლის №DNMO.0009946.002/01 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად - საყურე წყვილი თვლიანი 18 ბრ, სინჯი - 583, რაოდენობა - 1, სუფთა წონა - 5; საყურე წყვილი თვლიანი იგივე 18 ბრ, რაოდენობა - 2, სუფთა წონა - 0,34; ბეჭედი თვლიანი იგივე 18 ბრ, სუფთა წონა - 0,06; სრული წონა - 5,2;

- 17.12.2016 წლის №DNMO.0009946.004/01 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად - სამეული 68 ბრილიანტით, სინჯი - 583, რაოდენობა - 1, სუფთა წონა - 17,00; სამეული იგივე 68 ბრ, რაოდენობა - 68, სუფთა წონა - 0,095; სრული წონა - 23,9;

- 13.02.2017 წლის №DNMO.0009946.001/01 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად - საყურე წყვილი თვლიანი, სინჯი - 583, რაოდენობა - 1, სუფთა წონა - 15, სრული წონა - 17,4; ძეწკვი, სინჯი - 583, რაოდენობა - 1, სუფთა წონა - 40,40, სრული წონა - 40,40;

- 14.02.2017 წლის №DNMO.0009946.006/01 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად - ბეჭედი თვლიანი ზურმუხტით, სინჯი - 750, რაოდენობა - 1, სუფთა წონა - 6,75, სრული წონა - 6,75;

3.3. მხარეთა შორის 02.12.2016წ.; 16.12.2016წ.; 17.12.2016წ.; 13.02.2017წ. და 14.02.2017წ. გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებების:

- 2.8. პუნქტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოგირავნის მიერ ძვირფასი ლითონები და ქვები უზრუნველყოფაში მიიღებოდა როგორც მასალა და არ განიხილებოდა როგორც ნაკეთობა;

- მე-9 პუნქტების თანახმად მხარეთა შორის შეთანხმდა, რომ კომპანიას უფლება ჰქონდა მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას, განეხორციელებინა კრედიტის დაფარვა გირაოს რეალიზაციით, როგორც მსესხებლის შუამავალმა (წარმომადგენელმა), პირადად ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსესხებლის გაფრთხილებიდან ორი კვირის შემდეგ;

- მე-10 პუნქტებით შეთანხმდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა კომპანიის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იქნებოდა. აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა გამსესხებლის მოთხოვნაზე მეტი აღმოჩნდებოდა, კომპანია ვალდებული იქნებოდა სხვაობა მსესხებლისათვის დაებრუნებინა;

3.4. მხარეთა შორის უდავოა, რომ მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა;

3.5. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხის დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდა გირაოს საგნების რეალიზაცია კერძოდ:

- ძეწკვი გულსაკიდი - სინჯი - 583, სრული წონა - 21,34 24.04.2017 წელს 473,58 აშშ დოლარად;

- საყურე წყვილი თვლიანი იგივე 18 ბრ - სუფთა წონა - 0,34 და ბეჭედი თვლიანი იგივე 18 ბრ - სუფთა წონა - 0,06 – 06.08.2018 წელს 650 ლარად;

- სამეული 68 ბრილიანტით - სინჯი - 583, სუფთა წონა - 17,00, სრული წონა 23.9; სამეული იგივე 68 ბრ - სუფთა წონა - 0,095 – 13.07.2018 წელს 960 ლარად;

- საყურე წყვილი თვლიანი - სინჯი - 583, სუფთა წონა - 15,00, სრული წონა 17,4; ძეწკვი სინჯი - 583, სრული წონა - 40,4 – 04.12.2018 წელს 1 950 ლარად;

- ბეჭედი თვლიანი ზურმუხტით - სინჯი - 750, სუფთა / სრული წონა - 6,75 – 14.08.2018 წელს 390 ლარად;

3.6. მხარეთათვის სადავო არ არის, რომ 16.12.2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთი - საყურე წყვილი 18 ბრილიანტით, წონით 5,2 გრამი, სინჯი 583, მისი შემადგენელი ოქროს ლითონი მოპასუხეს არ დაბრუნებია და ამავე ლითონის რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის;

3.7. აპელანტმა სადავოდ გახადა მის მიერ სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელისთვის მფლობელობით გირავნობაში გადაცემული ძვირფასი ნივთების რეალიზაციის ფასი, კერძოდ, აპელანტის მითითებით ნივთების რეალიზაცია განხორციელდა მათ რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამოდ დაბალ ფასად, რამაც გამოიწვია სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალიანებების არასრულად დაფარვა;

3.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 283-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის;

3.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ოთხი სალომბარდე ხელშეკრულების ფარგლებში დაგირავებული ძვირფასი ნივთების რეალიზაცია მოგირავნის მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით განხორციელდა, ხოლო 17.12.2016 წლის №DNMO.0009946.004/01 სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძვირფასი ნივთები - სამეული 68 ბრილიანტით, სინჯი - 583, რაოდენობა - 1, სუფთა წონა - 17,00; სამეული იგივე 68 ბრ, რაოდენობა - 68, სუფთა წონა - 0,095; სრული წონა - 23,9 - გაიყიდა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომ ამ შემთხვევაშიც ნივთები პირდაპირი მიყიდვის გზით გაიყიდა, ვინაიდან საქმეში წარდგენილია ამონაწერი ელექტრონული აუქციონიდან, სადაც აღნიშნულია, რომ სამეულის საწყისი ფასი შეადგენდა 950 ლარს, რომელზეც განხორციელდა ერთი 10 ლარიანი ბიჯი და გაყიდვის ფასად მითითებულია 960 ლარი, ხოლო ლოტის სტატუსად - „გაიყიდა“ (იხ. ამონაწერი ელექტრონული აუქციონიდან ტ. 1, ს.ფ. 27). ამასთან, სამეულთან დაკავშირებით მყიდველთან გაფორმებულია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი, ფასის მითითების გარეშე (ტ. 1, ს.ფ. 26), განსხვავებით დანარჩენი პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზებული ნივთების მიღება-ჩაბარების აქტებისა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩია, რომ სამეული 68 ბრილიანტით გაიყიდა ელექტრონულ აუქციონზე, რომლის საფუძველზე შემდგომ მყიდველთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება აუქციონის ჩანაწერებში არსებულ ცდომილებას გასაყიდი ნივთის მახასიათებლების შესახებ, მხარეებმა დაადასტურეს, რომ სურათზე გამოსახული ნივთი იყო სწორედ ის ნივთი, რომელიც მოპასუხემ დააგირავა, ამასთან მყიდველთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში მოცემული ნივთის მახასიათებლები იგივეა, რაც ნივთის დაგირავების დროს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტშია მითითებული, შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ აუქციონის ჩანაწერებში მითითებული მახასიათებლები წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას, ვინაიდან მყიდველს სწორედ იმ სახის ნივთი გადაეცა, რაც დაგირავებული იყო აპელანტის მიერ;

3.10. გასხვისებული ძვირფასეულობის ღირებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნივთების რეალიზაცია მათი გირავნობაში გადაცემიდან საშუალოდ წელიწადნახევრის შემდეგ განხორციელდა, რაც საკმაოდ დიდი დროა ძვირფასი მეტალების საბაზრო ღირებულებების ფორმირებისთვის, ვინაიდან საზოგადოდ ცნობილია, რომ მათი ფასი ყოველდღიურად ექვემდებარება ცვლილებას და დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის კუთვნილი ძვირფასი ნივთები მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა როგორც მასალა და არა როგორც ნაკეთობა, შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნიშნული ნივთების ფასი დამოკიდებული იყო მხოლოდ მათ წონაზე, კარატსა და ბაზარზე არსებულ ფასებზე;

3.11. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებათა დადასტურება, რომ მის მიერ 2016-2017 წლებში დაგირავებული ნივთები 2017-2018 წლებში გაიყიდა შეუსაბამოდ დაბალ ფასად და რეალურად მათი ღირებულება ბევრად მეტი იყო, როგორც ამას თავად უთითებდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მაგალითად ნივთების რეალიზაციის მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასები, ნივთების შეფასების დასკვნა და ა.შ. საქმეში წარდგენილი არ არის, იმ პირობებში კი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა აპელანტის მტკიცებებს, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ იქნებოდა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად ცნობისთვის საკმარის მტკიცებულებად;

3.12. რაც შეეხება გირავნობის საგანს - საყურე წყვილი 18 ბრილიანტით, წონით 5,2 გრამი, სინჯი 583 - რომლის რეალიზებაც მოგირავნის მიერ არ მომხდარა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული შეფასება, რომ 2018 წლის 4 დეკემბრის ოქროს ნაკეთობის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელემ ერთი გრამი ოქრო 35.19 ლარად გაასხვისა. კერძოდ, ამავე აქტის შესაბამისად დადგინდა, რომ მოსარჩელემ გირავნობით დატვირთა 55.40 გრამი ძვირფასი ნივთები, რომელთა გასხვისების ღირებულება ჯამში განისაზღვრა 1 950 ლარით (1950:55.40=35.19). სასამართლომ მიიჩნია, რომ იმავე პრინციპის გამოყენებით, მოსარჩელის ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრულ დავალიანებას უნდა გამოაკლდეს 5,2 გრამი წონის ოქროს ნივთის ღირებულება, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ განსაზღვრული ღირებულების მიხედვით არის (5.2X35.19) 182.98 ლარი. აპელანტს აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია, კერძოდ მისი მოსაზრების გარდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასამართლოს დასკვნის სიმცდარეს, არ წარუდგენია;

3.13. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 276-ე მუხლის პირველ ნაწილსა და სსკ-ის 278-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი სალომბარდე ხელშეკრულება და აპელანტის მოძრავი ნივთები მოწინააღმდეგე მხარეს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა. ასევე უდავოა, რომ მოვალეს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც წარმოშობს მოგირავნის უფლებას გირავნობის საგნის რეალიზაციაზე. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სხვადასხვა თარიღში გაფორმებული ხელშეკრულებების მე-9 პუნქტის თანახმად მხარეთა შორის შეთანხმდა, რომ კომპანიას უფლება ჰქონდა მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას, განეხორციელებინა კრედიტის დაფარვა გირაოს რეალიზაციით, როგორც მსესხებლის შუამავალს (წარმომადგენელს), პირადად ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსესხებლის გაფრთხილებიდან ორი კვირის შემდეგ. აპელანტი სადავოდ ხდიდა ხსენებული პუნქტის შინაარსს და მოსარჩელის უფლებას, როგორც მოვალის წარმომადგენელს მოეხდინა გირავნობის საგნების რეალიზაცია;

3.14. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნების განმარტების მიზანია გარიგების მონაწილეთათვის სადავოდ ქცეული ნების დადგენა, რაც უნდა განხორციელდეს გონივრული განსჯის შედეგად. აღნიშნული პრინციპი მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა გამოხატულ ნებაში, რასაც უპირატესობას ანიჭებს გარიგების ტექსტის სიტყვასიტყვით განმარტებასთან მიმართებით. კანონი განმარტების კრიტერიუმად ადგენს გონივრულ განსჯას, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ნების მიმღების შესაძლებლობებზე დაყრდნობით, არამედ გამოვლენილი ნების ობიექტური მესამე პირის მიერ აღქმის კრიტერიუმით. გარიგებაში ჩამოყალიბებული ნების განმარტება, კანონის განმარტებისაგან განსხვავებით, მხოლოდ გარიგების მხარეებისთვისაა სამართლებრივი შედეგის მომტანი, განმარტება ასევე უნდა განხორციელდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა. ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობის მიღმა არსებული ნების განმარტება უნდა განხორციელდეს სისტემური განმარტების საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ტექსტთან ან ხელშეკრულების იმ ნაწილთან ერთობლიობაში, რომელიც ბუნდოვან ნების გამოვლენას შეიცავს;

3.15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებათა სადავო პუნქტებში ჩამოყალიბებულია მსესხებლის თანხმობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგირავნეს თავად უნდა მოეხდინა გირავნობის საგნების რეალიზება, რაც იძლევა სსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რომ მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებლის შეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებათა მე-9 პუნქტები სწორედ ასეთ შეთანხმებებს შეიცავდა და მათი სხვაგვარად განმარტება მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს;

3.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნამდვილი სალომბარდე ხელშეკრულება, არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოგირავნის მიერ გირავნობის საგნების რეალიზების შესახებ და მოვალემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია, რამაც წარმოშვა მოგირავნის უფლება, გირავნობის საგნების რეალიზაციით მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა;

3.17. სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები) დადგენილ შეტყობინების ვალდებულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხისთვის ხელშეკრულებებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 577 32 11 32 - გაგზავნილი შეტყობინებები დავალიანებებისა და გირავნობის საგნების მოსალოდნელი რეალიზაციის თაობაზე, ასევე 11.04.2017 წლის გაფრთხილების წერილი, რომლის ჩაბარება მოვალისთვის, მის მიერ ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართზე, ორჯერ გაგზავნის შედეგად ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... - მოპასუხისთვის ვერც სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება მოხდა, უკუგზავნილის მიხედვით ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა (ტ. 1, ს.ფ. 62). სასამართლოს მიერ განხორციელებული პოლიციის დავალების შედეგად მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ....., რაც განსხვავდება ხელშეკრულებებში მითითებული მისამართისგან;

3.18. აპელანტის განმარტებით, მას არ მიუღია - 577 ..... ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებები გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ნომერი იყო სათადარიგო და არ იმყოფებოდა მის მფლობელობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული ტელეფონის ნომერი მითითებული იყო სესხის ყველა ხელშეკრულებაში როგორც მსესხებლის საკონტაქტო ნომერი და რაიმე დაყოფას მთავარ და სათადარიგო ნომრებად ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მე-20 პუნქტებით შეთანხმდა, რომ „შეტყობინება (გაფრთხილება) ითვლება სათანადოდ გაგზავნილად და ჩაბარებულად, თუ იგი გაგზავნილია ერთ-ერთი ჩამოთვლილი საშუალებით: დაზღვეული (საფოსტო) წერილით, კურიერის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სოციალური ქსელების ან ელ. ფოსტის მეშვეობით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე (მობილური, ელ. ფოსტა), ან მოგირავნის მიერ ჩაბარებულია ხელზე უშუალოდ დამგირავებლისთვის, მისი ოჯახის წევრის ან საკონტაქტო პირისთვის. შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად, თუ დამგირავებელმა არასწორად მიუთითა თავისი რეკვიზიტები, ან არ აცნობა კომპანიას მათი შეცვლის შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის, როგორც მსესხებლის, ვალდებულებას წარმოადგენდა მისი სწორი მისამართისა და სატელეფონო ნომრის მითითება და იმ შემთხვევაში, თუ მას მფლობელობაში აღარ გააჩნდა ხელშეკრულებაში მითითებული ტელეფონის ნომერი, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე მოგირავნისთვის შეეტყობინებინა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.1. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გაიზიარა დასაბუთება ოქროსა და ბრილიანტის ნივთების ღირებულებასთან დაკავშირებით და მხედველობაში არ მიიღო კანონმდებლობის უგულებელყოფით შეუსაბამოდ დაბალ ფასებში ძვირფასი ნივთების გაყიდვის ფაქტი;

4.2. კასატორის განმარტებით ოქროს საბაზრო ღირებულება საჯარო ინფორმაციაა, სააპელაციო სასამართლომ კი ნივთის შეფასების შესახებ მტკიცებულებათა წარუდგენლობა, არასწორად განმარტა და მას არ გაუჩნდა ეჭვი გასხვისებული ნივთების ღირებულების არარეალურობაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურისამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მსესხებელი იყო ვალდებული, წარმოედგინა უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა დაგირავებული ნივთების შეუსაბამოდ დაბალ ფასად რეალიზაციის ფაქტს.

9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოსარჩელემ გამოიყენა მისთვის ხელშეკრულებითა და სსკ-ის 283-ე მუხლით მინიჭებული უფლება და საკუთარი ფულადი ინტერესი გირავნობის საგნების რეალიზაციით დაიკმაყოფილა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებას. იგი მთლიანად არის დამოკიდებული უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე და მის გარეშე არ არსებობს. გირავნობის შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოვალის მხრიდან უზრუნველყოფს მოძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (№ას-425-425-2018, 18.02.2021წ.). ლომბარდში დაგირავება მფლობელობითი გირავნობის მაგალითია (შდრ.№ას-445-427-2016, 09.09.2016წ.), როცა გირავნობის საგანი მოგირავნის - ლომბარდის - მფლობელობაში გადადის. თუმცა, ლომბარდში დაგირავებისთვის დამატებით აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა. სსკ-ის 260 (I) მუხლის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავებისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და ნივთის გადაცემა ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში (ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი 2012, გვ.140-141). მფლობელობითი გირავნობის დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს (მოგირავნეს) ზედმეტი ფორმალობებისა და ბარიერების გარეშე შეუძლია გირაოს რეალიზაციის მეშვეობით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. ამას აიოლებს ის ფაქტი, რომ გირაო მის მფლობელობაშია და ფაქტობრივი კონტროლი გირავნობის საგანზე მის ხელშია. ეს განაპირობებს საყოფაცხოვრებო ან სამომხმარებლო სესხების დროს მფლობელობითი გირავნობის ფართოდ გამოყენებას (ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი 2012, გვ.123).

11. მოპასუხემ თავისი პრეტენზიიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, რადგანაც არ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც ცხადი გახდებოდა დაგირავებული ნივთების შეუსაბამო დაბალ ფასად რეალიზაციის ფაქტი. მართალია ოქროს საბაზრო ღირებულების დადგენა საჯაროდ ხელმისაწვდომია, თუმცა სასამართლო, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით შევიდეს ნივთის ღირებულების კვლევაში და ეჭვი შეიტანოს რეალიზაციის ფასში. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოპასუხის ზეპირი მითითება ოქროს შეუსაბამო ფასად რეალიზაციასთან დაკავშირებით კი არასაკმარისი მტკიცებულებაა (იხ. ამ განჩინების 3.11, 3.15 და 3.17 ქვეპუნქტები).

12. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით (შეად. სუსგ N ას-139-2021, 05.10.2021წ.).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.მ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ. მ–ას (პ/ნ .....) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 345,55 ლარის (საგადახდო დავალება N28387888, გადახდის თარიღი 2022 წლის 10 იანვარი; საგადახდო დავალება N28387885, გადახდის თარიღი 2022 წლის 10 იანვარი; ), 70% – 241,88 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური