საქმე №ას-208-2022 29 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.მ–ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ც-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ც-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ლის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოითხოვა 13 000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 4550 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდის დაკისრება, ასევე, დავალიანების გადახდევინება იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 მარტს გ.მ-ესა და გ.მ–ლს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.მ–ლმა გ.მ-ისაგან ისესხა 18 500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 24 თვის ვადით. სესხი გაიცა ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.5% პროცენტის დარიცხვით და ყოველთვიური გადახდით.
3. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონებით. იპოთეკის ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში.
4. 2015 წლის 3 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ სანოტარო აქტი, რომლის თანახმად მხარეებმა გააგრძელეს სესხის მოქმედების ვადა 2025 წლის 5 აპრილამდე.
5. 2017 წლის 3 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული ცესიის /მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, გ.მ-ე, მოსარჩელე და გ.ს-ე შეთანხმდნენ, რომ გ.მ-ემ ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნიდან 13 000 აშშ დოლარის მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს, ხოლო გ.ს-ეს კი- 5500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.
6. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულდა. მსესხებელს 2020 წლის 5 ივლისიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში პროცენტის თანხა არ გადაუხდია, რამაც შეადგინა 4550 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება მოვალემ სრულად შეასრულა. სესხის დაბრუნების ვადა კი ჯერ არ დამდგარა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 4550 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, დავალიანების დასაფარად გადახდევინება მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, მიეთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა 7 დღე.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე 2021 წლის პირველ დეკემბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე. ამ უკანასკნელმა იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე.
12. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება არაერთხელ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს იმავე მისამართზე, თუმცა ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა, კერძოდ, 2021 წლის 14 დეკემბრისა და 2022 წლის 11 იანვრის უკუგზავნილებისს თანახმად, მითითებულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. კურიერმა განმარტა, რომ იგი ესაუბრა ადრესატს, რომელმაც მიუთითა გზავნილის უშუალოდ საფოსტო ოფისიდან გატანის თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე 71-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სწორედ მის მიერ 2021 წლის 8 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაში (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ) მითითებულ მისამართზე ორჯერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, იგივე მისამართზე აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარებული აქვს 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინება. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლოს გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. ჩაბარების თარიღად კი განისაზღვროს ფოსტის კურიერის მეორე ვიზიტის თარიღი, ანუ 2022 წლის 11 იანვარი.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2022 წლის 12 იანვარს და ამოიწურა 2022 წლის 18 იანვარს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.
15. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით სასამართლოს არ მიმართა, არსებობდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა პირველ დეკემბერს. მან ვერ მოახერხა მარწმუნებელთან კომუნიკაცია, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელება. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ აპელანტი თავს არიდებდა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებას, რადგან მან ერთხელ უკვე ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება.
18. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სადავო გზავნილი განმეორებით გააგზავნა წარმომადგენლის იმავე მისამართზე, რომელზეც ერთხელ გაგზავნისას ადრესატს არ ჩაბარდა და არ უცდია მისი უშუალოდ მხარისათვის ჩაბარება ან ელექტრონულ მისამართზე განჩინების გაგზავნა. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სასამართლომ თუ მითითებულ მისამართზე ვერ მოახერხა გაჩინების ჩაბარება, მაშინ რატომ იქნა იმავე მისამართზე გზავნილი ხელმეორედ გაგზავნილი, როდესაც სასამართლოსათვის რამდენიმე მისამართი იყო ცნობილი (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ. 144-145).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, მიეთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა 7 დღე (იხ. ს.ფ. 113-115).
21. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის პირველ დეკემბერს მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ს.ფ.121).
22. აპელანტის წარმომადგენელმა 2021 წლის 08 დეკემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 20 დღით.( იხ. ს.ფ. 124).
23. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ იმავე მისამართზე. 2021 წლის 14 დეკემბრისა (იხ. ს.ფ. 131) და 2022 წლის 11 იანვრის უკუგზავნილებისს თანახმად, მითითებულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა (იხ. ს.ფ.133). კურიერმა განმარტა, რომ იგი ესაუბრა ადრესატს, რომელმაც მიუთითა გზავნილის უშუალოდ საფოსტო ოფისიდან გატანის თაობაზე.
24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
25. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
26. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან (საქმე №ას-1220-2018, 9 ოქტომბერი, 2018 წელი).
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კანონი დაარღვია, რითაც ხელყო აპელანტის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
29. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
31. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77).
32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით. (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
33. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი იცავს ნებისმიერი პირის უფლებას, წარუდგინოს სამოქალაქო უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლოს. ეს მუხლი მოიცავს „უფლებას სასამართლოზე“, ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს ამ მუხლის მხოლოდ ერთ ასპექტს. ამას ემატება მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი გარანტიები, რომლებიც ეხება სასამართლოს ორგანიზებასა და შემადგენლობას, სასამართლო პროცესების წარმართვას. ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM) .
34. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არის შეზღუდული უფლება. ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ მოქმედების თავისუფლება დააწესონ შეზღუდვები ისე, რომ ეს შეზღუდვები ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, იყოს პროპორციული და არ იყოს იმდენად ფართო, რომ თვით ამ უფლების არსი დაარღვიოს. დასაშვებია, რომ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი იყოს პროცედურული შეზღუდვები და მოთხოვნები, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებისათვის, თუმცა, ეს ზიანს არ უნდა აყენებდეს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების არსს.
35. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
36. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
37. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
38. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულებია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც.
39. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ 2021 წლის პირველი ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2021 წლის 01 დეკემბერს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ......., ოფისი .... (იხ. ს.ფ.98; 121). ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ორჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე. (იხ. ს.ფ.98; 131; 133) იგივე მისამართი მიუთითა აპელანტის წარმომადგენელმა 2021 წლის 8 დეკემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში, ასევე აღნიშნა, რომ ვერ ახერხებდა მარწმუნებელთან კომუნიკაციას იმის გამო, რომ იგი წარმომადგენლის ინფორმაციით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში) ( იხ. ს.ფ. 122). სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 31 იანვარს იგივე მისამართზე. ( იხ. ს.ფ.143). კერძო საჩივარშიც აპელანტის წარმომადგენელი უთითებს იგივე მისამართს.( იხ. ს.ფ.144).
40. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე საქმის მასალებში განთავსებულ შპს ს.კ.ს. კურიერის განმარტებას, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების მეორედ გაგზავნისას მითითებულ მისამართზე არავინ იყო, თუმცა ესაუბრა აპელანტის წარმომადგენელს, რომელმაც განუცხადა, რომ გზავნილს თავად წაიღებდა ოფისიდან ( იხ. ს.ფ. 133).
41. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, დაიწყო 2022 წლის 12 იანვრიდან - აპელანტის წარმომადგენლისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის განმეორებით მიტანის მომდევნო დღიდან. აღნიშნული დღიდან 7 დღის განმავლობაში და არც მოგვიანებით აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
43. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე