Facebook Twitter

საქმე №ას-636-2021 28 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ.ჯ–ა, ს.პ–ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)

წარმომადგენელი - ს.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ქ–ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა (ძირითად სარჩელში), მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75% ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლ.ქ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მ.ჯ–ასა და ს.პ–ისთვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის - 14023 (თოთხმეტი ათას ოცდასამი) ლარის - გადახდის სანაცვლოდ, ლ.ქ–ა ცნობილ იქნა საჯარო რ–ში მ.ჯ–ასა და ს.პ–ის საკუთრებად რეგისტრირებული ფართის მესაკუთრედ. კერძოდ, ლ.ქ–ა ცნობილ იქნა იმ 29,43 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ, რომელიც ასახულია ლ.ქ–ას დაკვეთით შპს „რ–ის“ მიერ 2017 წლის 6 იანვარს შესრულებულ აზომვით ნახაზზე და რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, ......, შენობა-ნაგებობა N2, ლიტ. „ა“, I სართული.

- მ.ჯ–ასა და ს.პ–ს გადაეცათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა 3 000 ლარის და 2700 ლარის ოდენობით, ჯამში - 5700 ლარი. აღნიშნული 5700 ლარი მ.ჯ–ასა და ს.პ–ს გადაეცათ თანაბარწილად. კერძოდ, მ.ჯ–ას გადაეცეს 2850 ლარი, ხოლო ს.პ–ს გადაეცა 2850 ლარი.

- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ლ.ქ–ას რეგისტრაციამდე, ლ.ქ–ას მ.ჯ–ასა და ს.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის დარჩენილი თანხის - 8323 ლარის (რვა ათას სამას ოცდასამი) გადახდა.

- მ.ჯ–ასა და ს.პ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ჯ–ამ და ს.პ–მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგისტოს განჩინებით, მ.ჯ–ასა და ს.პ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს ლ.ქ–ამ და მ.ჯ–ასა და ს.პ–ის სახელით ს.ნ–ძემ, წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი და მოითხოვეს წარმოდგენილი სახით მისი დამტკიცება (საქმეს ერთვის კასატორების მიერ ს.ნ–ძის სახელზე მორიგების უფლებით გაცემული მინდობილობები).

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სანოტარო წესით დამტკიცებული მორიგების აქტით დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიღწეულია მორიგება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით), უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, რის გამოც კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

2.1. კასატორები მორიგების ფარგლებში ლ.ქ–ას (პ/ნ ......) გადაუხდიან 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარს და თანხის გადახდის სანაცვლოდ ლ.ქ–ა 2022 წლის 15 მაისამდე დატოვებს ქ.თბილისში, ..........., №6-ში მდებარე (ს/კ №....) ორ სართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 29,43 კვ.მ საცხოვრებელ ფართს და აღნიშნულ ფართს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემს მ.ჯ–ას ან/და ს.პ–ს.

2.2. ლ.ქ–თვის გადასახდელი 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარიდან ნაწილი თანხა 22 000 (ოცდაორი ათასი) აშშ დოლარი ლ.ქ–ას გადაეცა ამ აქტის სანოტარო წესით დადასტურებისთანვე 2022 წლის 16 აპრილს, ხოლო დარჩენილი თანხის 8 000 (რვა ათასი) აშშ დოლარის გადახდა კასატორების მხრიდან მოხდება მისი მხრიდან ფართის დაცლისთანავე.

2.3. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლ.ქ–ა არ დატოვებს ქ.თბილისში, ........... , №6-ში მდებარე (ს/კ №......) ორ სართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 29,43 კვ.მ საცხოვრებელ ფართს ამ მორიგების აქტის 2022 წლის 15 ივნისამდე, მაშინ მეორე მხარე დაუყოვნებლივ მიმართავს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნით, რათა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელდეს ლ.ქ–ას ქ.თბილისი, ..........., №6-ში მდებარე (საკადასტრო კოდით №.........) ორ სართულიანი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 29,43 კვ.მ საცხოვრებელ ფართიდან მისი იძულებითი გამოსახლება.

2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ აქტის სასამართლოში დამტკიცებისთანავე გაუქმდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება (საქმე 2/1770-70) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო მ.ჯ–ასა და ს.პ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი .........., №6 ნაწილს (ს/კ №......) სადაოდ გამხდარ 29,43 კვ.მ საცხოვრებელ ფართს და ამასთანავე გაუქმდეს აკრძალვა, რომლითაც მოპასუხეებს შეეზღუდათ სადავო ფართის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ლ.ქ–ა ამ აქტზე ხელმოწერით აცხადებს თანხმობას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გულისხმობს, რომ მისი თანხმობა/მიმართვა სასამართლოსადმი დამატებით საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

4. შეწყდეს წარმოება საქმეზე და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

5. ს.პ–სა (პ/ნ ........) და მ.ჯ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 30.07.2021წ. №0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით ს.ნ–ძის მიერ გადახდილი 2804.45 ლარი.

6. ლ.ქ–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა 3 000 ლარი (მომსახურე ბანკი - სს „ბ. რ. “, ცენტრალური ს/ც №17 (დიღომი); REPLGE22; შემომტანი თ.ა–ი; პ/ნ ......, სალაროს შემოსავლის ორდერი №2055382477; გადახდის თარიღი: 22/05/2018) და 2700 ლარი (მომსახურე ბანკი - სს „თ.ბ.“, ს/ც №25 (სასამართლო); TBCBGE22; შემომტანი ნ.მ–ი; პ/ნ ......., სალაროს შემოსავლის ორდერი №12674811; გადახდის თარიღი: 13/02/2017), ჯამში - 5700 ლარი.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან მიქაბერიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

გიორგი მიქაუტაძე