საქმე №ას-601-2020 13 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს ,,მ.ქ.კ–ი’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ნ.ს–ს" (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,მ.ქ.კ–მა“ (შემდგომ - შემკვეთი, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ნ.ს–სის“ (შემდგომ - მენარდე, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ 25 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 2014 წლის დეკემბრიდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 4375 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2014 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ და მოპასუხემ დადეს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მენარდეს უნდა შეექმნა, დაენერგა და შემკვეთისათვის გადაეცა კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლარი. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა 11 მოდულისაგან შედგებოდა. ხელშეკრულების ღირებულება 50 000 ლარით განისაზღვრა. შემკვეთმა ავანსად 2014 წლის 8 დეკემბერს გადაიხადა 25 000 ლარი.
3. მენარდეს კომპიუტერული პროგრამა უნდა შეექმნა შემკვეთის მიერ დასმული ამოცანებისა და მოთხოვნების შესაბამისად და სრულად მიეწოდებინა/დაენერგა 2015 წლის 1 მაისამდე. მან 2015 წლის მარტში შემკვეთს მიაწოდა რამდენიმე მოდულის საცდელი ვერსია. მოდულების ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რის თაობაზეც მენარდე ინფორმირებული იყო.
4. ვინაიდან შემუშავებული მოდულები ვერ მუშაობდა გამართულად, მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა და ტრენინგი, რა დროსაც დეტალურად განიხილებოდა პროგრამის ხარვეზები. მენარდეს არაერთხელ მიეცა დამატებითი ვადა კომპიუტერული პროგრამის გასამართად. 2016 წლის 6 სექტემბრის ელექტრონული წერილით, საბოლოო ვადა განისაზღვრა 2016 წლის 17 სექტემბრით. დამატებითი ვადაც უშედეგოდ გავიდა. ამდენად, მენარდემ ვერც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ვერც დამატებით ვადაში ვერ უზრუნველყო ნაწილი მოდულების შექმნა, ხოლო ნაწილის - იმდაგვარად შექმნა და დანერგვა, რომ პროგრამას მონაცემები სწორად აესახა, შეენახა და დამუშავებინა.
5. ვინაიდან მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შემკვეთმა 2016 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილით აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა ავანსად გადახდილი თანხის - 25 000 ლარის უკან დაბრუნება.
6. მოსარჩელის განმარტებით, რაკი მოპასუხემ ვალდებულება ვერ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში, მოსარჩელემ თანხა ვალდებულების გარეშე გადაიხადა, რაც ფაქტობრივად ქონებრივი დანაკლისია. ამ პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე ეროვნული ვალუტით 17.5 პროცენტი იყო. მოსარჩელეს თავისი საქმიანობისათვის, რომ გამოეყენებინა ავანსად გადახდილი 25 000 ლარი, იგი მიიღებდა სარგებელს წლიურად 4 375 ლარს, რაც მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს.
მოპასუხის შესაგებელი
7. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ორი ფაქტორით, რომლებიც ნათლად ჩანს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში: მოსარჩელემ მოპასუხეს პროგრამის შესაქმნელად არ მიაწოდა ფუნქციონალების ზუსტი ჩამონათვალი და პირობები, ხშირად უწევდათ უკვე შექმნილი მოდულის გარდაქმნა ან მასში ფუნქციონალის ჩამატება, რასაც ლოგიკურია, სჭირდებოდა დრო. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეს მზა პროგრამა შემკვეთისათვის უნდა გადაეცა 2015 წლის 1 მაისამდე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ თარიღის შემდეგაც კი, მოსარჩელეს თავის განსაზღვრულ ფუნქციონალებში შეჰქონდა ცვლილება/დამატება. ამდენად, დათქმულ ვადაში პროგრამის სრულიად გამართული სახით მიუწოდებლობა მხოლოდ მოპასუხის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
8. მოსარჩელეს პრეტენზია აქვს შექმნილი და დანერგილი პროგრამის ნაკლოვანებაზე, მაშინ, როდესაც ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რა ნაწილში აღმოჩნდა ხარვეზიანი, პროგრამა ასახავდა ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ მონაცემების შეყვანის ეტაპიდან სესხის გაცემამდე და მის თანმდევ მთელ პროცედურას. გაურკვეველია უშუალოდ რომელ ნაწილში მიიჩნია მოსარჩელემ პროგრამა ხარვეზიანად. მეტიც, წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარემ მიიღო და სარგებლობდა შეკვეთილი პროგრამით.
9. გარდა ამისა, მიგრაციის პროცესის შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ სთხოვა მოსარჩელეს, მიეწოდებინა loankeeper-ში დაცული მონაცემები ზუსტად, რაც ვერ მოხერხდა. მოპასუხეს მიეწოდა არაზუსტი ინფორმაცია, რომლის რედაქტირება და ახალ პროგრამაში ასახვა მოითხოვდა შესაბამის დროსა და რესურსს. მოპასუხეს უწევდა თითოეული სესხის დამუშავება მისი მიზნობრიობის, თანხის დარიცხვების, პროცენტის დარიცხვის წესების და სხვა სპეციფიკური თვისებების შესწავლა, რაც მისი მოვალეობა არ იყო. ამდენად, მოპასუხე მხარე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს, მოსარჩელეს უწევდა ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამის სარგებლობასთან დაკავშირებით მის თანამშრომლებთან მართავდა ტრენინგებს. არასამართლიანი და დაუსაბუთებელია როგორც ამ მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტა, ისე - მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად მიჩნევა.
10. მოპასუხე არ ცნობს მოსარჩელის მოთხოვნას არც მიუღებელი შემოსავლის ნაწილში დაუსაბუთებლობის მოტივით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. დარჩენილ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ მენარდემ შემკვეთს პროგრამის სატესტო ვერსია 2014 წლის ბოლოს, ხოლო 2015 წლის მარტში 8 მოდულისგან შემდგარი კომპიუტერული პროგრამის საცდელი ვერსია მიაწოდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ გადაცემული პროგრამა ფუნქციონალურად გამართული იყო, რაც საქმის მასალებში წარდგენილი ტრენინგის ჩანაწერებით დგინდებოდა.
15. რაც შეეხება ე.წ „მიგრაციის“ პროცესს, პალატამ მიიჩნია, რომ მისი შესრულება მენარდის ვალდებულება იყო, თუმცა შემკვეთის სარგებლობაში არსებული ძველი პროგრამიდან (Loan Keeper) მენარდის მიერ შექმნილ ახალ პროგრამაში (Nova) მონაცემთა მიგრაციის წარუმატებლობა, შემკვეთის მიერ მენარდისთვის არაზუსტი და არასრული ინფორმაციის გადაცემის შედეგი იყო.
16. საქმეში წარდგენილი წერილობითი მიმოწერის კვლევის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ შესრულება ნაკლიანი იყო, თუმცა ნაკლი ცალსახად შემკვეთის მფლობელობაში არსებული პროგრამის მიერ ინფორმაციის არასწორი და არასრული დამუშავების შედეგი იყო. მიმოწერაში საუბარია სხვა პროგრამულ ხარვეზებზეც, როგორებიცაა - მენეჯერის ღილაკის გააქტიურება, ხელშეკრულების გახსნა და სხვა მრავალი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ცალსახაა, რომ ტექნიკურ პრობლემებს მენარდე მალევე ასწორებდა, ვინაიდან მათზე განმეორებითი მიმოწერა აღარ იმართებოდა. რაც შეეხება Loan Keeper-ის პროგრამიდან მენარდის მიერ შექმნილ პროგრამა Nova-ში მონაცემთა მიგრაციას, საქმის მასალებში წარდგენილი მიმოწერის სრული უმრავლესობა სწორედ ამ საკითხს შეეხება, საიდანაც დგინდება, რომ მიგრაციის პროცესის წარუმატებლობა არა მენარდის ზერელე, უპასუხისმგებლო ან არაპროფესიულმა მიდგომამ, არამედ შემკვეთის სარგებლობაში არსებულ პროგრამაში განთავსებული ინფორმაციის უზუსტობამ გამოიწვია.
17. საბოლოოდ, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ საქმეზე ვერ წარადგინა იმგვარი შეუდავებელი მტკიცებულება, რომლითაც მენარდის მიერ არსებითი გადაცდომის ჩადენისა და მიგრაციის პროცესის მენარდის ბრალეული ქმედების გამო შეუსრულებლობის ფაქტი დადასტურდებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, აპელანტმა შეძლო, სასამართლოსთვის შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს მის მიერ შექმნილი პროგრამა (8 ფუნქციონალი) მოპასუხეს გადაეცა, იგი სატესტო რეჟიმში მუშაობდა და გამოვლენილ ფუნქციურ ხარვეზებს მენარდე მყისიერად ასწორებდა. რაც შეეხება მიგრაციის პროცესს, რომლის წარუმატებლობამაც, საბოლოოდ, პროგრამის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა გამორიცხა, არა მენარდის არაჯეროვანი შესრულების, არამედ შემკვეთის სარგებლობაში არსებული ძველი პროგრამის არასრული და არასწორი ინფორმაციის გამო ვერ მოხერხდა, რაც მენარდისთვის ავანსის სახით გადახდილი 25 000 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობითსამართლებრივ ურთიერთობად. მხარეებმა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ის არ ითვალისწინებდა შექმნილ პროდუქტზე მოპასუხისათვის საკუთრების უფლების გადაცემას, არამედ პროგრამის ერთი ეგზემპლარით სარგებლობის უფლებას, ხოლო ეგზემპლარის გადაცემის შემდეგ მხარეთა ურთიერთობა გაგრძელდებოდა მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში. იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ნარდობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 644-ე მუხლით და უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის პატივსადები საფუძველი.
20. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, მოსარჩელეს კი არ უნდა დაჰკისრებოდა უარყოფითი ფაქტის მტკიცების ტვირთი, არამედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა მოსარჩელისათვის გამართული პროგრამის გადაცემის ფაქტი.
21. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შემკვეთის სარგებლობაში არსებული ძველი პროგრამიდან მენარდის ახალ პროგრამაში მონაცემთა მიგრაციის წარუმატებლობა შემკვეთის მიერ მენარდისათვის არაზუსტი და არასრული ინფორმაციის გადაცემის შედეგი იყო. გადაწყვეტილებაში მოხმობილი მხარეთა ელექტრონული მიმოწერები არა მიგრაციის პროცესს და მენარდის მიერ შექმნილი პროგრამის ფუნქციურ გამართულობას, არამედ ერთ-ერთ მოდულს - რეპორტინგს უკავშირდებოდა.
22. არცერთ მიმოწერაში არ ჩანს, რომ შემკვეთი არასწორ ინფორმაციას აწვდიდა მენარდეს ან ძველი ბაზიდან არასწორი ინფორმაციის მიღება ხდებოდა. წერილებიდან არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის პროგრამის ალგორითმის მიწოდების ვალდებულება და მენარდის მიერ შექმნილი ახალი პროგრამის ხარვეზების გამოსწორება შემკვეთის პასუხისმგებლობა იყო. მიგრაციისათვის მენარდე ითხოვდა მონაცემთა ბაზის სრულ back-up-ს. 23.01.2015 წლის წერილიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში მენარდეს სრულად გადაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, გაუგებარია, სააპელაციო სასამართლო რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე მენარდესა და შემკვეთს შორის სწორი მონაცემების გადაცემის თაობაზე დისკუსია მიმდინარეობდა, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, მენარდეს 2015 წლის 1 მაისამდე უნდა გადაეცა პროგრამა. საინტერესოა, რას აკეთებდა შემკვეთი 2015 წლის მაისიდან ამავე წლის ნოემბრამდე?
23. ამასთან, მხარეები ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან და არც მიმოწერით არ დასტურდება, რომ მენარდე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას უკავშირებდა შემკვეთის მიერ ინფორმაციის გამოთხოვასა და მიწოდებას. შემკვეთის ძველი პროგრამა რომ არასრულყოფილი იყო და ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნებს, სწორედ ამიტომ გაჩნდა ახალი პროგრამის შექმნისა და შეძენის საჭიროება. შესაბამისად, მოპასუხის აპელირება, რომ ძველი პროგრამა ვერ ასრულებდა კონკრეტულ დავალებებს, ვერ გახდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. უპირველესად, საკასაციო პალატა ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები არ მოიცავს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების შედეგად. ნასყიდობის ხელშეკრულება მიმართულია უკვე არსებული საქონლის გადაცემასთან. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით შეექმნა, დაენერგა და მოსარჩელისათვის გადაეცა კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლარი. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებას ნარდობის ხელშეკრულების შინაარსი აქვს. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი. ნასყიდობა კი, განსხვავებით ნარდობის ხელშეკრულებისაგან, საქონლის წარმოება - დამზადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობას არ არეგულირებს (შდრ: იხ. სუსგ №ას-1162-1091-2012, 7.03.2013).
27. მოსარჩელის მტკიცებით, მან ხელშეკრულებაზე უარი ნაკლის გამო თქვა, შესაბამისად, მოპასუხისათვის ავანსად გადახდილი 25 000 ლარი უნდა დაუბრუნდეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 644-ე (ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები), სსკ-ის 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) და სსკ-ის 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) მუხლებს ეფუძნება. ეს უკანასკნელი ნორმა განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 644-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობებია: მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობა; მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს ნაკლიანი შესრულება; ვალდებულების დარღვევისათვის მენარდე მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი (შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017; 1 დეკემბერი, 2017. პ.34).
29. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, შესრულება ნაკლიანი არ იყო. ამასთან, მიგრაციის ხარვეზი დიდწილად გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით, რადგან პროგრამის ექსპლუატაციაში მიუღებლობა გამოიწვია არა იმ ფაქტმა, რომ პროგრამა ფუნქციური თვალსაზრისით არ იყო შექმნილი ან გამართულად ვერ მუშაობდა, არამედ იმან, რომ შემკვეთის სარგებლობაში არსებულ პროგრამაში (Loan keeper) შენახული ინფორმაცია იყო არაზუსტი, რაც ახალ პროგრამაში (Nova) გადმოტანის შემდგომ, ლოგიკურ სხვაობას იძლეოდა. ამდენად, მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, შემკვეთი ხელშეკრულებიდან სსკ-ის 636-ე მუხლის (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) შესაბამისად გავიდა, რასაც არ მოსდევს რესტიტუცია.
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ ნაკლიანი შესრულება მენარდისთვის არაზუსტი და არასრული ინფორმაციის გადაცემის შედეგი იყო, კერძოდ, საქმეში არსებული არაერთი წერილობითი მტკიცებულებიდან, მათ შორის, თავად შემკვეთი კომპანიის რეპორტინგის დეპარტამენტის სპეციალისტის - მარიამ აბრამიშვილის (შემდგომ - სპეციალისტი) 2015 წლის 4 ნოემბრის წერილიდან ირკვეოდა, რომ იგი აქტიურად ეკონტაქტებოდა Loan Keeper-ის ბაზის ადმინისტრატორ გელა რაიბუხას (შემდგომ - ძველი პროგრამის ადმინისტრატორი). ამის შესახებ იგი მენარდე კომპანიის პროექტის მენეჯერ გ.კ–ას (შემდგომ - პროექტის მენეჯერი) წერს და ეუბნება, რომ ძველი პროგრამის ადმინისტრატორმა კიდევ ერთი ვერსია გაუგზავნა, მაგრამ იქაც ხარვეზებია, ისევ მიუთითა გარკვევით, თუ რა მონაცემები ესაჭიროებოდა, ასევე აღნიშნავდა, რომ არ მოეშვებოდა, სანამ სწორ ვერსიას არ გააკეთებს (ტომი I, ს.ფ. 218). მენარდე კომპანიის პროექტის მენეჯერის 2015 წლის 3 ნოემბრის წერილში, რომლის ადრესატი შემკვეთი კომპანიის 10 წარმომადგენელი იყო, მათ შორის, კომპანიის გენერალურ დირექტორი, სესხების დეპარტამენტის უფროსი, რეპორტინგის დეპარტამენტის სპეციალისტი, მენეჯერი შემკვეთებს განუმარტავს, რომ Loan Keeper-ის ბაზის ადმინისტრატორისათვის მიემართათ და 100%-იანი სწორი სიის ამოღების საშუალება ჰქონოდათ, რათა მისთვის სხვადასხვა დროს რეპორტის გამორთმევა აღარ დასჭირვებოდათ, რადგან ის არაერთ შეცდომას შეიცავდა. ამავე წერილში პროექტის მენეჯერი შემკვეთებს მიმართავს, რომ გაკეთდეს რეპორტი და გადამოწმდეს აქტიურ სესხებზე შემოწმების მომენტისთვის ნამდვილად სწორი ინფორმაციის არსებობა, ამის შემდეგ შემსრულებელი ახალი რეპორტის საფუძველზე ხელახალ მიგრაციას გააკეთებს (ტომი I, ს.ფ. 219). 2015 წლის 14 დეკემბერს რეპორტინგის დეპარტამენტის სპეციალისტმა მენარდე კომპანიის პროექტის მენეჯერს გაუგზავნა ძველი პროგრამის ადმინისტრატორთან მიმოწერა, ასევე ტექსტი, რომ საბოლოოდ ამ უკანასკნელმა ვერ გაუგზავნა ის მონაცემები, რაც მათ სჭირდებოდათ, მაგრამ ამაზე მეტის გაკეთება მას არ შეუძლია (ტომი I, ს.ფ. 213). ამავე პირებს შორის 2016 წლის 9 მარტის მიმოწერით დადგინდა, რომ ამ დროის განმავლობაში ძველი პროგრამის ადმინისტრატორთან კომუნიკაცია გრძელდებოდა, მას დამატებითი დეტალების გასარკვევად უკავშირდებოდნენ, თუმცა - უშედეგოდ. მოგვიანებით სპეციალისტმა მენარდე კომპანიის მენეჯერს რეპორტის შაბლონები გაუგზავნა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ ამას შემკვეთი კომპანია ფაქტობრივად არ იყენებდა, რადგან ისიც ხისტად მიჰყვება დადგენილ გრაფიკს და კლიენტის რეალურ მიმდინარე დავალიანებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც დაგეგმილი დაფარვები არასწორი იყო (ტომი I, ს.ფ. 117). ძველი პროგრამის ადმინისტრატორსა და სპეციალისტის ერთ-ერთ მიმოწერაში, სადაც ეს უკანასკნელი კვლავ ითხოვს ნებისმიერ სესხზე პროცენტის უწყვეტად გადაცილების დაწყების თარიღამდე არსებული მაქსიმალური გრაფიკის თარიღს, ადმინისტრატორი პასუხობს, რომ Loan Keeper-ის პროგრამა ახლა რასაც ითვლის ის არის მაქსიმუმი და ეს საკითხი უნდა დაეხურათ (ტომი I, ს.ფ. 215). გარდა ამისა, 2016 წლის 22 სექტემბერს, მენარდე კომპანიის გენერალური დირექტორი შემკვეთი კომპანიის გენერალურ დირექტორს წერს, რომ მიგრაციაში გამოვლენილი უზუსტობების გადამოწმება და გასწორება მხოლოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება, ვინაიდან მიღებული მონაცემების არასრულყოფილების გამო, საკმაოდ ბევრი რესურსი დაეხარჯათ ნორმალიზაციისა და დალაგებისთვის და მათი სისწორის სისტემური საშუალებისთვის სხვა საშუალება არ არსებობდა (ტომი I, ს.ფ. 159). საპასუხო წერილში მიგრაციისთვის გადაცემული მონაცემების სიზუსტის შესახებ არაფერია ნათქვამი. ასევე, 2016 წლის 13 ივნისის ელექტრონულ წერილში მითითებულია: „მიგრაციის პრობლემები და დრო, რომელიც დაიხარჯა მათ გასწორებაზე, გამოწვეულია არსებულ მონაცემებში ძალიან დიდი რაოდენობა უზუსტობებისა და ძალიან ბევრი პრობლემური სესხების არსებობიდან (წინასწარ გადახდის შემთხვევაში, Loan Keeper კლიენტს ახდევინებს გადახდის დღისთვის დარიცხულზე მეტ პროცენტს, არის შემთხვევები, როდესაც ჯარიმები მეტია გადახდილი, ვიდრე დარიცხულია, გადახდებისას არ არსებობს გადახდის დრო, არის მხოლოდ თარიღი, რაც რესტრუქტურებული სესხების მიგრაციას ურევს (რესტრუქტურიზაციის დღეს არსებული გადახდა უნდა მივაკუთვნოთ ან ძველ ან ახალ სესხს, რაც კალენდარულად ცვლის შედეგს), ბაზაში არ არსებობს მონაცემი იმის თაობაზე, თუ რამდენის გადახდა უწევს კლიენტს და ამის კალკულაცია პირდაპირ Loan Keeper-ის სისტემაში, უცნობი ალგორითმით ხდება, უკვე დაფარული გრაფიკების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და ა.შ.“ (ტომი I, ს.ფ. 127). საპასუხო წერილში შემკვეთის წარმომადგენლები Loan Keeper-ის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე პროტესტს არ გამოთქვამენ და საწინააღმდეგო აზრს არ აფიქსირებენ.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ (ნაკლიანი შესრულება მენარდისთვის არაზუსტი და არასრული ინფორმაციის გადაცემამ გამოიწვია) კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი). არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ წერილები არ უკავშირდება მიგრაციის პროცესს, არამედ ერთ-ერთ მოდულს - რეპორტინგს. ელექტრონული წერილების შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად ირკვევა, რომ მიმოწერა მიგრაციის პროცესის ხარვეზებს შეეხებოდა და როგორც ზემოთ მოხმობილი წერილების ამონარიდებიდან ირკვევა, მათში ზუსტად, რომ მიგრაციის პროცესზეა საუბარი.
32. ამ მიმართებით კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, კერძოდ, მოსარჩელეს კი არ უნდა დაჰკისრებდა უარყოფითი ფაქტის მტკიცების ტვირთი, არამედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა მოსარჩელისათვის გამართული პროგრამის გადაცემის ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს აკისრია (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12 მარტი, 2021 წელი; №ას-58-2020, 11 მარტი, 2020 წელი). გარდა ამისა, პრეტენზია არარელევანტურია იმიტომაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა შესრულების ნაკლიანობა და კასაციის ეტაპზე ეს სადავო გარემოებას აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მენარდემ სსკ-ის 644-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის მესამე წინაპირობა დაამტკიცა, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვალდებულების დარღვევისათვის უმთავრესად მენარდე თავად არ იყო პასუხისმგებელი და ხარვეზი ძირითადად შემკვეთის ბრალით იყო განპირობებული, კასატორს სწორედ ამ ფაქტის გაბათილება ევალებოდა, რაც მან ვერ შეძლო.
33. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორმა (შემკვეთმა), მართალია, დაძლია ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი, თუმცა, რაკი მოპასუხემ დაამტკიცა, რომ ნაკლი მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული, ამ უკანასკნელი რესტიტუციის თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია. შესაბამისად, მენარდე ხელშეკრულებიდან გავიდა სსკ-ი 636-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც შემკვეთს ხელშეკრულებაზე უარის უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჰქონდა, მათ შორის, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიუხედავად, რადგან ნორმა სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო დანაწესია, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-901-851-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-981-926-2015, 11 მარტი, 2016 წელი).
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „მ.ქ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე