საქმე №ას-436-2022 29 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.ხ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,თ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ხ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ელექტროენერგიის დავალიანების - 385.93 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 385.93 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 385.93 ლარია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას), რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და, ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითითება, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
7. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის მხოლოდ 385.93 ლარი, რომელიც ელექტროენერგიის საფასურია, არამედ კერძო საჩივრის ავტორი (აპელანტი) ვერ იხდის დასუფთავებისა და წყლის საფასურსაც, რაც 1000 ლარს სცდება. წყლისა და დასუფთავების დავალიანების სრულად გადახდამდე კი, ელექტროენერგიის მიწოდება ვერ აღუდგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთა ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).
11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
12. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 385.93 ლარია, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რაზეც კანონიერად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
15. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ დავის საგანის ღირებულება 1000 ლარს სცდება, საფუძველს მოკლებულია. უდავოა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს 385.93 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა წინამდებარე სარჩელის უარყოფაა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორედ 385.93 ლარია. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში რომ მიიღოს, სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს არა 1000 ლარს როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, არამედ 2000 ლარს, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.
16. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რაც სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).
18. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ 28.04.2017წ, საქმე №ას-230-218-2017; 21.11.2019წ, საქმე №ას-1305-2019; 30.03.2020წ, საქმე №1572-2019).
19. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ 14.07.2017წ., საქმე №ას-692-646-2017; 22.06.2018წ, საქმე №ას- 533-533-2018).
20. სსსკ-ის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ხ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე