საქმე №ას-340-2022 13 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ა–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.ს–ნმა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ა–ვის (შემდგომ – მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 8 დეკემბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია თანასაკუთრებით, თუმცა მოპასუხე არ აძლევს ბინით სარგებლობის შესაძლებლობას, რის გამოც მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს და თავისი საკუთრებით სარგებლობას ვერ ახერხებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს საჯარო რეესტრში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ...... 45-ა კორპუსში მდებარე №24 ბინის 1/2 ნაწილით სარგებლობაში ხელის შეშლა აეკრძალა, რაც მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით, მოპასუხის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ ყოფილა.
8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 233-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 241-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხემ, შესაგებლის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად დაასახელა, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში 2021 წლის 26 ნოემბერს №699 დადგენილებით შესული ცვლილების გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, - მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერება, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მისულიყო სასამართლოში და შესაგებელი წარედგინა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვისას, მოპასუხემ დაადასტურა, თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით საქართველოს ფოსტის ფილიალის მდებარეობა, რომელსაც პანდემიით გამოწვეული ვითარების მიუხედავად, ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და რომლის მეშვეობითაც სასამართლოში შესაგებელი დაგვიანებით გამოაგზავნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებშიც კი, არ იყო მოკლებული შესაძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სასამართლოში შესაგებელი გაეგზავნა.
10. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 9.4 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სამართალწარმოების ენა სახელმწიფო ენაა და სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეს შეტყობინება არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს. კანონის დათქმა, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი, ვრცელდება საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის და არა საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე, აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დანაწესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარისათვის სამართალწარმოების მასალების ქართულ ენაზე გაგზავნისას, სახელმწიფო ენის არცოდნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებდა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (აპელანტმა) შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმების მოთხოვნით.
13. კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა, მათ შორის - მეტროპოლიტენის. ამასთან, მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა. უქმე დღეების მოქმედება ვრცელდებოდა ყველა საჯარო დაწესებულებაზე, შესაბამისად, შეუძლებელი იყო შესაგებლის სასამართლოში წარდგენა. ამასთან, მოპასუხე არ იყო დასაქმებული, მას ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და ტაქსით სარგებლობას ვერ შეძლებდა, რათა სასამართლოში შესაგებელი წარედგინა.
14. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, თითქოს ის გარემოება, რომ საქართველოს ფოსტას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მას სასამართლოსთვის მიმართვის საშუალებას აძლევდა, რადგან ფოსტის მომსახურებაც, ისევე, როგორც ტაქსით სარგებლობა, დაკავშირებულია ხარჯებთან, რაც კასატორს პრობლემას უქმნიდა. მან შესაგებელი წარადგინა პირველივე ფინანსური შესაძლებლობისთანავე.
15. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ენის სათანადოდ არცოდნა, ვერ მიიჩნევა შესაგებლის დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის საპატიო მიზეზად. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია და სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, მაინც ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
19. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
22. კასატორის საკასაციო პრეტენზია ძირითადად ეფუძნება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერების გამო, სასამართლოში დადგენილი ვადის დაცვით შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობასა და შესაგებლის ფოსტით გაგზავნის ფინანსური შესაძლებლობის არქონას. ამასთან, კასატორი მიუთითებს ქართული ენის არცოდნაზეც და განმარტავს, რომ ენობრივი ბარიერის გამო, მისი მხრიდან შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა უნდა მიჩნეულიყო საპატიოდ.
23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზიები ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელი ნორმა სსსკ-ის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი კი, განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
26. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შეჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე - მეტროპოლიტენის ფუნქციონირება, ამასთან, მოპასუხის მიერ სარჩელის ჩაბარების თარიღის გათვალისწინებით (2020 წლის 26 ნოემბერი), ამ უკანასკნელს შესაგებლის სასამართლოში წარდგენა სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდს დაემთხვა (2020 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარდგენილიყო შესაგებელი), თუმცა ნიშანდობლივია, რომ კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩვრის განხილვისას დაადასტურა თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით საქართველოს ფოსტის ფილიალის მდებარეობა, რომელსაც პანდემიით გამოწვეული ვითარების მიუხედავად, ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით პალატა განმარტავს, რომ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზრუდვასთან დაკავშირებით მოპასუხის არგუმენტი შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება, ვინაიდან, ამ უკანასკნელს თავისუფლად შეეძლო ფოსტის მეშვეობით სასამართლოში შესაგებლის გაგზავნა და უარყოფითი სამართლებრივი შედეგის თავიდან არიდება.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფოსტის მეშვეობით შესაგებლის სასამართლოში გაგზავნა დიდ ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს და კასატორის მითითება, მატერიალური სახსრების უქონლობასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის მიმართ არ აყალიბებს ობიექტურ რწმენას. მით უფრო, როდესაც მოპასუხემ შესაგებელი საპროცესო ვადის დარღვევით სწორედ ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში (რომელიც 2021 წლის 29 იანვარს დარეგისტრირდა), ისევე როგორც - სააპელაციო საჩივარი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საჩივრის ავტორს ზემოაღნიშნული არგუმენტი არც საჩივარსა და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია და ამ გარემოებაზე მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე აპელირებს, რაც მისი არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
28. რაც შეეხება კასატორის მითითებას დასვენების დღეებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაჰბარდა და შესაგებელი იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარედგინა სასამართლოში, შესაბამისად, 2021 წლის იანვარის დასაწყისში დასვენების დღეების გამოცხადება, მას შესაგებლის დადგენილ ვადაში წარდგენის დაბრკოლებას ვერ შეუქმნიდა, მით უფრო, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
29. საკასაციო პალატა ენის ბარიერთან დაკავშირებით კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური.
30. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას − სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (შრდ სუსგ საქმე №ას-933-898-2016, 2017 წლის 5 იანვარის განჩინება; საქმე №ას-522-522-2018, 2018 წლის 29 ივნისის განჩინება).
31. კასატორის პრეტენზია, რომ ქართული ენის არცოდნის გამო, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარდგენა ვერ შეძლო, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი (ვადის დარღვევით წარდგენილი) ასევე - სააპელაციო და საკასაციო საჩივრებიც შედგენილია ქართულ ენაზე, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, მან შეძლო საკუთარი უფლების განხორციელება სახელმწიფო ენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს სარჩელის ჩაბარებიდან განესაზღვრა 10 დღის ვადა შესაგებლის წარსადგენად, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა მოპასუხისათვის სარჩელის შინაარსის გასაგებად სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მოძიებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების - შესაგებლის წარუდგენლების საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაამტკიცა.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3-მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1423-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-168-2020, 2020 წლის 15 ივნისის განჩინება; №ას-112-2019, 2019 წლის 3 მაისის განჩინება, №ას-1315-2021, 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება).
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის“ შესაებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ1“ პუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე