3გ-ად-15-გ-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა საქმეზე – მ. მ-ოვას სარჩელის გამო მოპასუხე პ. ტ-სკის მიმართ, ადმინისტრაციული აქტების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 24 აგვისტოს მ. მ-ოვამ სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე პ. ტ-სკის მიმართ და ითხოვა თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 1999წ. 28 ოქტომბრის ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პ. ტ-სკის სახელზე რეგისტრაციის გაუქმება.
მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ლიტ. «ა” ნაგებობის 13,51 კვ.მ. ფართობის ოთახის, ლიტ. «ბ” და ლიტ. «ვ” ნაგებობების მის საკუთრებად ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 29 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამავე სასამართლოს 2000წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ოვას სარჩელი მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 15 ნოემბრის განჩინებით მ.Oმ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით ჩათვალა, რომ საკასაციო სასამართლოს 2000წ. 15 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ოვას აღნიშნული სარჩელი განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ, როგორც არაუფლებამოსილმა, სარჩელი განსახილველად გადაუგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმე იყო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადი და 2001წ. 24 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობა და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
მართალია, საკასაციო სასამართლომ ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში დააბრუნა საქმე მ. მ-ოვას სარჩელის გამო პ. ტ-სკის მიმართ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მ. მ-ოვას სააპელაციო საჩივარში გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე, რომელიც შეეხებოდა მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და გამგეობის მესამე პირად ჩაბმას საქმეში, მაგრამ ეს არ იყო იმის საფუძველი, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მ. მ-ოვას მიერ შეტანილი დამოუკიდებელი სარჩელი მთაწმინდის გამგეობის 1998წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 1999წ. 28 ოქტომბრის ... არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პ. ტ-სკის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, განსახილველად გადასცემოდა სააპელაციო პალატას, როგორც უფლებამოსილ სასამართლოს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელი არ განუხილია და არ გამოუტანია გადაწყვეტილება, საქმე ისე გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში. სსკ-ს 377-ე მუხლის თანახმად კი სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
აგრეთვე, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. მ-ოვას მიერ 2000წ. 24 აგვისტოს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების გარდა, ითხოვს თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 1999წ. 28 ოქტომბრის ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პ. ტ-სკის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებასაც, რაც სააპელაციო სასამართლოს განხილვაში არსებული სააპელაციო საჩივრის განხილვის საგანი არ არის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად აღნიშნული დავა მთაწმინდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე – მ. მ-ოვას სარჩელის გამო მოპასუხე პ. ტ-სკის მიმართ, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 1999წ. 28 ოქტომბრის ... არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პ. ტ-სკის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.