საქმე №ას-9-2022 02 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ლ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.მ.თ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ქ.მ.თ–სმა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ლ–ვას (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 479,11 ლარის გადახდა.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ეკონომიკური მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების ან 75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული გზავნილით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 11.11.2021წ. განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, ს.კ–ას მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...... და ჩაბარდა პირადად 2021 წლის 16 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 122). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 17 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 26 ნოემბერს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ამ ვადის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლებით და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტის წარმომადგენელს, ს.კ–ას 2021 წლის 16 ნოემბერს და არც შემდეგ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია. საქმეში დევს აღნიშნული განჩინების ჩაბარების დასტური, რომელიც მისი სახელით არის შევსებული, თუმცა ამ დოკუმენტზე მას ხელი არ მოუწერია. ს.კ–ამ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ინფორმაცია მიიღო დეკემბრის დასაწყისში, მოსამართლის თანაშემწისგან. მას არც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ჩაბარებია. აღნიშნული განჩინების თაობაზე ს.კ–ასთვის ცნობილი გახდა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ. საქმეშია 08.12.2021წ. გზავნილის ჩაბარების დასტური (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების ჩაბარების დასტური), რომელზე არსებული ხელმოწერაც მიმსგავსებულია ს.კ–ას ხელმოწერას, თუმცა საქმეში არსებულ სხვა ხელმოწერასთან მისი შედარებისას, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ს.კ–ას ხელმოწერა გაყალბებულია. ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე 16 ნოემბერს შედგენილი ჩაბარების დასტურის შემთხვევაშიც.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
15. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია. მისი განმარტებით, საქმეში არსებულ ჩაბარების დასტურზე ხელმოწერა გაყალბებულია და ის მისი წარმომადგენლის მიერ არ არის შესრულებული.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
17. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, ს.კ–ას სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ......... და 2021 წლის 16 ნოემბერს ჩაბარდა პირადად, რაც მან საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა. ჩაბარების დასტურზე, ასევე, მითითებულია ადრესატის პირადი ნომერი (იხ. ს.ფ. 122). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა პრეზუმფციას, რომ განჩინების ჩაბარების დასტურზე არსებული ადრესატის, მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერა ნამდვილია. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, შესაბამისად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს წარმომადგენლის ხელმოწერის გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. სუსგ საქმე №ას-988-946-2013, 02 დეკემბერი, 2013 წელი). მოპასუხის აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
18. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა მისი წარმომადგენლის მიერ არ არის შესრულებული. მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტებით ვერ გაქარწყლდება ხელმოწერის ნამდვილობის ვარაუდი (პრეზუმფცია). აღნიშნული არ წარმოადგენს სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება განეკუთვნება იმგვარ საკითხს, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა ეკუთვნის თუ არა ადრესატს გზავნილის ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
21. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10- დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 17 ნოემბერს და ამოიწურა იმავე წლის 26 ნოემბერს, თუმცა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
23. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ლ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი