Facebook Twitter

საქმე№ას-112-2022 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.დ–ვა, რ.ი–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ი–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ.ი–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1. ა.დ–ვას (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და რ.ი–ვის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, შემდეგში ერთობლივად: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია - ქ. მარნეული, ......., ს/კ ....... და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა:

3.1. უძრავი ქონება, რომლის მისამართია - ქ. მარნეული, .........., ს/კ ...., მოსარჩელეს ეკუთვნის.

3.2. მოპასუხეები სადავო ბინას ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად განსაზღვრა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით - „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ .

5. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის.

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება, რომ ისინი სადავო უძრავი ქონების მემკვიდრეები არიან და სამკვიდრო მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით, რაც, თავის მხრივ, ქონების მართლზომიერ მფლობელობას გულისხმობს. სასამართლოს შეფასებით, ეს გარემოება, გარდა ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, საქმეზე სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა გამყარებული და, ასეც რომ იყოს, ხსენებული ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში სამტკიცებელ გარემოებას არ წარმოადგენს და სხვა დავის საგანია. სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე კი აპელანტთა მოსაზრება არ მიიჩნია სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების კვლევისთვის შესაბამის შედავებად, მით უფრო იმ პირობებში, რომ აპელანტის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნები აღძრული არ ყოფილა. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნით, აპელანტები მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს უკანონოდ ფლობენ, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს ნივთი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხეების საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან ისინი სადავო უძრავი ქონების მემკვიდრეები არიან და სამკვიდრო მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით, რაც, თავის მხრივ, ქონების მართლზომიერ მფლობელობას გულისხმობს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი): ა) მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან: ბ) მოპასუხეები სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

13. საკასაციო სასამართლო საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

14. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას „ ხოლო 172-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“

16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა კასატორების უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელებად ჩაითვლებოდნენ.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლივად შეაფასოს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ N ას-1903-2018, 22.11.2019წ). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ მოპასუხეებმა (კასატორებმა), სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ დაუდასტურეს უძრავ ნივთზე თავიანთი მფლობელობის მართლზომიერება. აგრეთვე, გასაზიარებელია ის მსჯელობაც, რომ მოპასუხეების მიერ გაცხადებული პრეტენზია (იხ. განჩინების მე-18 პუნქტი) წინამდებარე ვინდიკაციურ სარჩელში შეფასებისა და განხილვის საგანი ვერ გახდება და ის არ წარმოადგენს ამ საქმის განხილვის ხელშემშლელ ფაქტორს. იგი დამოუკიდებელი დავის საგანია. ამდენად, კასატორების პრეტენზია განსახილველი დავის ფარგლებში უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.დ–ვას და რ.ი–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.დ–ვას (პ/ნ .......) და რ.ი–ვს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ, რ.ი–ვის (პ/ნ ......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N12685501708, გადახდის თარიღი 2022 წლის 24 თებერვალი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური