საქმე №ას-112-2022 1 აპრილი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა.დ–ვა, რ.ი–ვი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ი–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების შეჩერება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ.ი–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1. ა.დ–ვას (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და რ.ი––ვის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, შემდეგში ერთობლივად: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია ქ. მარნეული, ......., ს/კ ....... და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.
2. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე მხარეს უარი ეთქვა წინამდებარე სამოქალაქო საქმისწარმოების შეჩერებაზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სხვა სამოქალაქო სამართალწარმოების საქმის დასრულებამდე.
4. მოპასუხე მხარე საქმისწარმოების შეჩერებას იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ მეორე მოპასუხეს წარდგენილი აქვს დამოუკიდებელი სარჩელი სამკვიდრო მოწმობის 1/8 წილის ბათილად ცნობისა და საერთო უძრავი ქონებიდან იმავე წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით მოსარჩელის წინააღმდეგ.
5. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში ასახულ მსჯელობაზე მითითებით (იხ. სუსგ Nას-292-278-2016, 17.05.2016წ) ყურადღება გაამახვილა წინამდებარე დავის საგანზე (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა) და აღნიშნა, რომ სასამართლოს შეფასების საგანს მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტის დადგენა და მოპასუხეების მიერ მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა-არარსებობის საკითხი წარმოადგენს. სასამართლოს განსჯით, საქმის განხილვის ეტაპზე არ დგინდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტას სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის დასრულებამდე.
6. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა (მოპასუხეებმა) და მისი გაუქმება მოითხოვეს.
7. კერძო საჩივრის ავტორებმა წინამდებარე დავის შეჩერება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით მოითხოვეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
11. აღნიშნული ნორმა საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა - მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ Nას-528-2021, 28.12.2021წ). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (სუსგ Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ Nას-877-2018 , 27.09.2018წ სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის განხილვის ეტაპზე არ დგინდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ამ დავის გადაწყვეტას სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის დასრულებამდე.
13. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.დ–ვას და რ.ი–ვის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური