საქმე №ას-1044-2021 1 აპრილი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ბ. ჯ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ნი, ს.მ–ნი (ს.მ–ის უფლებამონაცვლეები), (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.მ–ის (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე ან მამკვიდრებელი) სარჩელი:
1.1. შპს „ბ.ჯ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ 62 000 ლარი დაეკისრა;
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, თავდაპირველი მოსარჩელის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ვ.მ–ნი (შემდეგში- პირველი მოსარჩელე) და ს.მ–ნი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან შემდეგში - ერთობლივად მოსარჩელეები).
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:
4.1. ამხანაგობა „ს–ის“ თავმჯდომარე გ.თ–სა და ინდმეწარმე ვ.ხ–ძეს შორის 2003 წლის 5 მარტს დადებული ხელშეკრულებით, ინდმეწარმე ვ.ხ–ძემ იკისრა ვალდებულება, ქ. თბილისში, …... მდებარე მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. მითითებულ ხელშეკრულებაში 2003 წლის 05 მაისს შესული ცვლილების თანახმად, ვ.ხ–ძეს უფლება მიეცა, ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობით, გაეფორმებინა ბინების გასხვისების თაობაზე ცალკეული ხელშეკრულებები. ხელშკრულების თანახმად (პუნქტი 2.4.) ამხანაგობის მიერ გაწევრიანებულ წევრთან, თავმჯდომარის თანხმობითა და სპეციალური დასტურით, მოიჯარე (ვ.ხ–ძე) აფორმებს ცალკეულ ხელშეკრულებებს, სადაც განსაზღვრულია ასაშენებელი სახლის (ბინის) ძირითადი პარამეტრები.
4.2. ამხანაგობა „ს–ს“ (თავმჯდომარე გ.თ–), შემსრულებელს - ინდმეწარმე ვ.ხ–ძესა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის 2008 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა ბინათმშენებლობის შესახებ განახლებული რედაქციით ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდაპირველ მოსარჩელეს თბილისში, ........ მე-3 რ/ნ-ში, 120 კვ.მ ბინა უნდა გადასცემოდა.
4.3. ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა თავდაპირველი მოსარჩელის განცხადება, 2003 წლის 5 მარტის ხელშეკრულება, 2003 წლის 5 მაისს გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულების დამატებითი და 2004 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული დანართი ძირითად ხელშეკრულებაზე; ამხანაგობა „ს–ის“ ანგარიშზე შესატანი მთლიანი თანხის სავარაუდო რაოდენობა წინამდებარე ხელშეკრულების დადების დროისათვის 62 000 ლარს შეადგენდა (ხელშეკრულების 5.4 პუნქტი).
4.4. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია, ამხანაგობის წევრს ხელშეკრულების საგანი (საცხოვრებელი ბინა) მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 14 თვის განმავლობაში გადასცეს. 2008 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების N1 დანართის მიხედვით, თავდაპირველმა მოსარჩელემ დანართის ხელმოწერამდე ამხანაგობაში შეიტანა - 60 000 ლარი, ხოლო შესატანია - 2000 ლარი. დანართს ხელს აწერენ - თავდაპირველი მოსარჩელე, გ.თ– და ვ.ხ–ძე (იხ. ტ.1, ს.ფ.6-11; 43-48).
4.5. ამხანაგობა „ს–ის“ 2013 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ამხანაგობის წევრებზე ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. კრებამ დაადგინა 480.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის წევრთა საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ნივთების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა კრების ოქმზე თანდართული განშლის ცხრილის მიხედვით. ამხანაგობა „ს–ის“ 2015 წლის 3 სექტემბრის ოქმის თანახმად, მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ამხანაგობის სახელზე ინდივიდუალური საკუთრების საგანი და ამხანაგობის წევრებზე სამომავლო საკუთრების უფლება განისაზღვრა ცალკე უფლების ობიექტად და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა კრების ოქმზე თანდართული ცხრილის მიხედვით (იხ. ტ.1, ს.ფ. 71-78).
4.6. 2014 წლის 7 მაისის საგადახდო დავალების თანახმად, თავდაპირველ მოსარჩელეს ამხანაგობა „ს–ის“ ანგარიშზე შეტანილი აქვს 2 000 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ.13; 19).
4.7. 2014 წლის მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა „მ–ი ....“-მა იკისრა ვალდებულება, მოპასუხეს საკუთრებაში გადასცეს უძრავი ქონება, რომლის მახასიათებელია: მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, ....... ნაკვეთი N 25/63, საკადასტრო კოდი: ......, ნაკვეთის ფართობი 480 კვ.მ და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობა.
4.8. მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ ქონებისა და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის საკუთრებაში მიღების შემდეგ ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში ინდმეწარმე ვ.ხ–ძის ვალდებულებებს აანაზღაურებდა იმ კერძო მენაშენეთა მიმართ და იმ მოცულობით, როგორც ეს მითითებული იყო მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების დანართში.
4.9. 2014 წლის მაისის ხელშეკრულების (შესავალი ნაწილის) თანახმად, ვინაიდან 2003 წლის 05 მარტს ინდმეწარმე ვ.ხ–ძესა და იბა „ს–ს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ანაზღაურება აღემატება ამხანაგობის ფინანსურ შესაძლებლობას. ინდმეწარმე ვ.ხ–ძესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი კრედიტორის, ფიზიკური პირების თანხები გამოყენებულ იქნა არსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის; შპს „ბ.ჯ.“ მზად არის, დაასრულოს მიმდინარე მშენებლობა და საკუთარ თავზე აიღოს ინდმეწარმე ვ.ხ–ძის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, ასევე აანაზღაუროს ინდმეწარმე ვ.ხ–ძის ფინანსური ვალდებულებები დამკვეთების მიმართ . (იხ. ტ.1, ს.ფ. 51-56).
4.10. ინდმეწარმე ვ.ხ–ძესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე (კომპანია) მზადაა, დაასრულოს მიმდინარე მშენებლობა და საკუთარ თავზე აიღოს ვ.ხ–ძის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, ასევე, აანაზღაუროს ინდმეწარმე ვ.ხ–ძის ფინანსური ვალდებულება დამკვეთების მიმართ .
4.11. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ი.მ. ვ.ხ–ძე თანახმაა, დათმოს ამხანაგობა „მ–ი ....“-ის მიმართ მისი მოთხოვნა სრული ოდენობით მოპასუხის სასარგებლოდ, რაც უკავშირდება უძრავ ქონებას, რომლის მისამართია: მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ........ საკადასტრო კოდი: ......, ნაკვეთის ფართობი: 480 კვ.მ და მასზე განლაგებული მშენებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე კომპლექსის პირველი ბლოკის მშენებლობა).
4.12. ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ, მოპასუხე იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ მის მიერ 1.1 პუნქტში აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღებისა და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში, აანაზღაურებს ინდმეწარმე ვ.ხ–ძის ვალდებულებებს N1 დანართში აღნიშნული პირების მიმართ იმავე დანართით გათვალისწინებული ოდენობით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ (იხ. ტ.1, ს.ფ. 58-65).
4.13. მოპასუხის დირექტორი და 80% მფლობელი არის ვ.ხ–ძის შვილი ლ.ხ–ძე.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის მხარეებს შორის 2008 წლის 15 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ თანხის 62 000 ლარის გადახდის ფაქტი, სადავოა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ამხანაგობა „ს–ის“ თავმჯდომარის გ.თ–ს უფლებამოსილების, ვ.ხ–ძისთვის თანხის გადაცემისა და სადავო თანხის მშენებლობისთვის მოხმარების ფაქტი.
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (აპელანტის) მიერ დასახელებული სადავო გარემოებები და ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტებზე : სადავო არაა, რომ ამხანაგობა „ს–ს“ (თავმჯდომარე გ.თ.), ინდმეწარმე ვ.ხ–ძესა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელს უნდა გადასცემოდა 120 კვ.მ-ის ბინა, თავის მხრივ, ინდმეწარმე ვ.ხ–ძეს, ამხანაგობა „ს–თან“ 2003 წლის 5 მარტს დადებული ხელშეკრულებით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, ქ. თბილისი, ..... მდებარე მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. რაც შეეხება თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხს, სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც თავდაპირველ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების სადავოობას დაადასტურებდა. შესაბამისად, აპელანტის არც ეს პრეტენზია არ იქნა გაზიარებული. 2008 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შემსრულებელს (მენარდეს) წარმოადგენდა ინდმეწარმე ვ.ხ–ძე, რომელმაც იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი სახლი, რომლის სანაცვლოდაც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 62 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ მითითებული თანხის გადახდის შესახებ გარემოება სადავო არ არის, ხოლო ის ფაქტი, მოხმარდა თუ არა უშუალოდ მშენებლობის პროცესს მითითებული თანხები, არ არის მოსარჩელის სამტკიცებელი გარემოება.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ კომპანიამ, როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა, მიიღო მხოლოდ ვ.ხ–ძის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და მხოლოდ იმ კრედიტორების წინაშე, რომლებიც მითითებული იყვნენ ხელშეკრულების დანართში. სასამართლოს შეფასებით, თავდაპირველი მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, სტატუსს განაპირობებდა ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა მხარეებს შორის, კერძოდ, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს ვ.ხ–ძის, როგორც ეკონომიკურ, ისე - იურიდიულ კავშირს ამხანაგობა „ს–ის“ ვალდებულებებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების კრედიტორთა დანართში მითითებულ პირთა შორის თავდაპირველი მოსარჩელის არარსებობის ფაქტი, ვერ გახდება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი იმ ვალდებულებებისათვის, რომელიც იკისრა ინმეწარმე ვ.ხ–ძემ და 2014 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოპასუხეს. ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოვლენილი იყო სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 198-ე მუხლის პირველი ნაწილის „მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ“ შესაბამისად, მოთხოვნის დათმობაა.
9. ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სსკ-ის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე - ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდეგ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება.
10. დადგენილია, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში - 62 000 ლარი გადაიხადა, ხოლო ნასყიდობის საგანი - 120 კვ.მ ბინა მას არ გადასცემია. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი საპასუხო ვალდებულება შესრულებული არ არის, რის გამოც მოპასუხემ, როგორც ინდმეწარმე ვ.ხ–ძის უფლებამონაცვლემ, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს გადახდილი თანხა.
11. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნით, თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და პასუხისმგებელ პირს მოპასუხე წარმოადგენს, მოთხოვნის უფლება კი, ხელშეკრულების მოშლაზე სსკ-ის 352-ე 405-ე მუხლებითაა გარანტირებული, რაც რესტიტუციის უფლებას გულისხმობს. მყიდველს უფლება აქვს, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 მოპასუხემ (კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მოპასუხის (კომპანიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაკისრების მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 477.1-ე „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი“, 352.1-ე „თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)“ და 405-ე მუხლებიდან „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“ .
18. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის დასაბუთებული ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულება არაუფლებამოსილ პირთან გააფორმა და მასვე გადასცა სანაცვლო ანაზღაურება. მოპასუხემ ვალდებულება მხოლოდ 2014 წლის 10 ივნისის N1 დანართში მითითებული პირების წინაშე იკისრა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ინდმეწარმე ვ.ხ–ძისთვის თანხის გადაცემისა და მისი გამოყენებით სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს, სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობა „ს–ის“ თავმჯდომარეს გ.თ–ს და ინდმეწარმე ვ.ხ–ძეს შორის 2003 წლის 5 მარტს დადებული ხელშეკრულებით, ვ.ხ–ძემ იკისრა ვალდებულება, ქ. თბილისში, ........... ქუჩა N125-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. მითითებულ ხელშეკრულებაში 2003 წლის 05 მაისს, შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, ვ.ხ–ძეს უფლება მიეცა, ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობით, გაეფორმებინა ბინების გასხვისების თაობაზე ცალკეული ხელშეკრულებები; ამხანაგობა „ს–ს“ (თავმჯდომარე გ.თ–), შემსრულებელს - ინდმეწარმე ვ.ხ–ძესა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის 2008 წლის 15 დეკემბერს ბინათმშენებლობის შესახებ განახლებული რედაქციით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თავდაპირველ მოსარჩელეს თბილისში, ........... მე-3 რ/ნ-ში, ........... ქუჩა N125-ში 120 კვ.მ ბინა უნდა გადასცემოდა; 2014 წლის მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა „მ–ი ...“-მა იკისრა ვალდებულება, მოპასუხეს საკუთრებაში გადასცეს უძრავი ქონება, რომლის მახასიათებელია: მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, ..........., III მ/რ, ნაკვეთი N 25/63, საკადასტრო კოდი: ....., ნაკვეთის ფართობი 480 კვ.მ და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობა; ინდმეწარმე ვ.ხ–ძესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე (კომპანია) მზადაა, დაასრულოს მიმდინარე მშენებლობა და საკუთარ თავზე აიღოს ინდმეწარმე ვ.ხ–ძის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, ასევე, აანაზღაუროს ვ.ხ–ძის ფინანსური ვალდებულებები დამკვეთების მიმართ;
21. დადგენილია, რომ შენატანის შეტანის შესახებ თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არის შესრულებული, ხოლო ნასყიდობის საგანი მოსარჩელე არ გადასცემია. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ თავდაპირველი მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, სტატუსს განაპირობებს ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა მხარეებს შორის, კერძოდ, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს ვ.ხ–ძის, როგორც ეკონომიკურ, ისე - იურიდიულ კავშირს ამხანაგობა „ს–ის“ ვალდებულებებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების კრედიტორთა დანართში თავდაპირველი მოსარჩელის არარსებობის ფაქტი, ვერ გახდება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი იმ ვალდებულებებისათვის, რომელიც ინდმეწარმე ვ.ხ–ძემ იკისრა და 2014 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სათანადოდ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დაადასტურა თანხის გადახდის ფაქტი, ხოლო ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს/კასატორს არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნას მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათი აქვს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორეული მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი, მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის - როგორც მეორეული მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური – დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოვლინდა სსკ-ის 405.2 (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებითი ვადის დაწესება უშედეგოა და მოსარჩელეს დამატებითი ვადის დაწესების გარეშე შეუძლია, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გადაცემული თანხის უკან დაბრუნებით (შდრ. სუსგ. Nას-294-2019, 30.09.2019წ). გარდა ამისა, განსახილველ დავაზე, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, რაც შესრულებადია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების დარღვევისას და 352-ე-405-ე მუხლების წინაპირობების არსებობისას. სსკ-ის 352.1 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში.
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები (იხ. მე-18 პუნქტი) არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ.ჯ"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ბ.ჯ"-ის (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ.ხ–ძის (პ/ნ ......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3100 ლარის (საგადახდო დავალება N12533870500, გადახდის თარიღი 2022 წლის 3 თებერვალი), 70% – 2170 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური