Facebook Twitter

საქმე №ას-1159-2021 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ქ–ნი, ზ.შ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.მ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.მ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი ე.ქ–ნისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) და ზ.შ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 4 700 ლარის გადახდა დაეკისრათ; მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მიერ წაღებული ოქროს სამკაულები (2 სამაჯური, 1 საათი, 2 ყელსაბამი, 3 ბეჭედი, 2 სამაჯურისმაგვარი (ხელზე აჩვენა)) დაუბრუნდა.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 7 000 ლარის გადახდა დაეკისრათ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 1 000 ლარის (1 სული საქონლის თანხა) გადახდა დაეკისრათ; დანარჩენ ნაწილში (დამატებით ოქროს სამკაულის გადაცემის მოთხოვნის, 1 სული საქონლის თანხის ანაზღაურების და სადგომის აგების ხარჯის - 5 800 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:

4.1. მოსარჩელესა და ვ.შ–ს შორის, 2004 წელს ზეპირი ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ვალდებული იყო მოევლო ცხვრებისთვის, ცხვრის სადგომისა და საძოვრებისთვის, გადაეხადა საიჯარო და საძოვრის ქირა. ვ.შ–ი, თავის მხრივ, იღებდა წილობრივ ვალდებულებას ცხვრის გამოსაზამთრებელი საკვებისა და მათ სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების შეძენაზე;

4.2. ვ.შ–ის მიერ სახელმწიფოს წინაშე - იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოვალეობები გადავიდა მის მემკვიდრეზე - მეორე მოპასუხეზე;

4.3. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს, როგორც მეორე მოპასუხის ოფიციალურ წარმომადგენელს შორის, ბიზნესურთიერთობა ვ.შ–თან დადებული ხელშეკრულების პირობებით გაგრძელდა;

4.4. პირველმა მოპასუხემ, 2011 წლის შემოდგომაზე, იჯარით აღებული 400 ჰა საძოვრისა და ფერმის პრივატიზაციის მიზნით მოსარჩელისგან ითხოვა ოქროულობა;

4.5. პირველმა მოპასუხემ, 2011 წლის შემოდგომაზე, იჯარით აღებული 400 ჰა საძოვრისა და ფერმის პრივატიზაციის მიზნით, მოსარჩელისაგან ისესხა 19 150 ლარი და ითხოვა ოქროულობა, რომელიც არ დაუბრუნებია. მოსარჩელემ ააშენა და გადახურა ცხვრების სადგომი, რაზედაც 5 800 ლარის ხარჯი გასწია. მოსარჩელემ მოპასუხეს მშობლების დაკრძალვასთან დაკავშირებით გაატანა 2 ძროხა, რომელთა ღირებულება (თითოეულის - 1 000 ლარი) მოპასუხეებს დღემდე არ აუნაზღაურებიათ;

4.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ძვირფასეულობის (ოქროს) დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სესხის თანხის (4 700 ლარის) დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ცხვრების სადგომის აშენების ხარჯისა და 2 ძროხის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება რაიმე მსჯელობას არ შეიცავდა, გარდა უარყოფისა;

4.7. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, დაასკვნა, რომ სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო, მოპასუხეებს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდათ 7 000 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.7.1. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, პირველმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენება იმის შესახებ, რომ 2011 წლის სექტემბერში, როდესაც პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ თელავში გადაიხადეს საძოვრის გამოსასყიდი თანხა 27 000 ლარი, აქედან 20 000 ლარი იყო პირველი მოპასუხის ცხვრის რეალიზაციით მიღებული თანხა, ხოლო 7 000 ლარი მოსარჩელისგან აღებული ვალი იყო (იხ. ტ.1, ს.ფ. 296, 300). ამდენად, მოსარჩელემ წარადგინა წერილობითი დოკუმენტი მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისაგან 7 000 ლარის სესხად მიღების ფაქტის შესახებ. შესაბამისად, დასახელებული ფაქტები სასამართლომ სსსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე შეაფასა და დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის 7 000 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი;

4.7.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი) კი მსესხებელს აკისრია (სუსგ №ას-965-926-2014, 30.04.2015 წ.);

4.7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება;

4.7.4. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სადავო ვალდებულების - 7 000 ლარის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინეს, ხოლო რაც შეეხება პირველი მოპასუხის იმ განმარტებას, რომ მოსარჩელეს 2014 წლისათვის პირველი მოპასუხისათვის მოპასუხე 5 000 ლარის გადახდის ვალდებულება გააჩნდა და იგი ზემოაღნიშნული 7 000 ლარიდან გაქვითულად ჩაითვალა, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი მოპასუხის მიერ არ არის გამოყენებული შეგებებული სარჩელის წარდგენის საპროცესო უფლება, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, წინამდებარე დავის ფარგლებში გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის მიმართ ვალდებულების არსებობისა და გაქვითვის ფაქტობრივი გარემოებები;

4.7.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან 7 000 ლარის სესხად მიღების ფაქტი, ამასთან, მოპასუხემ, მისი მტკიცების ფარგლებში (სსკ-ის 429-ე მუხლი), სასამართლოს ვერ წარუდგინა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სსკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია;

4.8. რაც შეეხება, სესხის დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ 2011 წლის სექტემბრის თვეში, როდესაც პირველმა მოპასუხემ და მოსარჩელემ თელავში გადაიხადეს საძოვრის გამოსასყიდად 27 000 ლარი, აქედან 7 000 ლარის გარდა, 12 150 ლარი (19 150-7 000 =12 150) არა პირველი მოპასუხის ცხვრების რეალიზაციით მიღებული თანხა, არამედ მოსარჩელის კუთვნილი თანხა იყო, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რამაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებლად აქცია;

4.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია მოსარჩელის (აპელანტის) მიმართ ერთი ძროხის ღირებულების (1 000 ლარის) ანაზღაურების ვალდებულების არსებობის შესახებ. კერძოდ, სასამართლომ უშუალოდ პირველი მოპასუხის განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან, დედამთილის დაკრძალვასთან დაკავშირებით, წამოიყვანა საკლავი - ერთი სული ძროხა, რომლის ღირებულებაც არ აუნაზღაურებია, რადგან მიაჩნდა რომ საქონელი შესაწირი იყო (იხ. 2017 წლის 22 თებერვლის სხდომის ოქმი 15:25-16:03), აღნიშნული კი სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად ფაქტის აღიარებას ნიშნავს. სააპელაციო სასამართლომ ისიც განმარტა, რომ აპელანტმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც მოპასუხეებისათვის მეორე ძროხის გადაცემის ფაქტს დაადასტურებდა;

4.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ის 361-ე მუხლი), იმ შემთხვევაში, როდესაც არ დგინდება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და აღნიშნული არც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კვლევისათვის შესატყვისია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რის შემდეგაც გადაწყდება საკითხი მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ;

4.11. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირუტყვის ღირებულების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაა;

4.12. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა;

4.13. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას;

4.14. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015);

4.15. კონდიქციური სამართლის საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება;

4.16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოება - მოპასუხის მიერ შესაბამისი ანაზღაურების გარეშე ძროხის წაყვანა, სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების შემადგენლობაზე მიუთითებს,. მოსარჩელის ქონების ხარჯზე მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც გამოიხატა თანხის დაზოგვაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ შესრულდა ის ქმედება, რომელიც უნდა შეესრულებინა და შესაბამისი ხარჯი გაეწია მოპასუხეს;

4.17. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღეს მოსარჩელისაგან ერთი ძროხა, რომლის ღირებულება 1 000 ლარი (ძროხის ფასი მოპასუხეთა მიერ შედავებული არ არის) იყო. აღნიშნული ფაქტი ექცევა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას;

4.18. მოპასუხის განმარტების საპირწონედ, რომ მითითებული ძროხა იყო შესაწირი, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს მართებდა შესაგებლის ფარგლებში, შესაბამის მტკიცებულბებზე მითითებით, ემტკიცებინა უკან დაბრუნების მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული სადავო შესრულება (ძროხის გადაცემა) შეესაბამებოდა ზნეობის ნორმებს (სსკ-ის 976.2 „ბ“) ან მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა შესრულების სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 976.2 „გ“), თუმცა მოპასუხეებს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, რაც ზემოაღნიშნული საფუძვლით ამ ნაწილში (ძროხის ღირებულების - 1 000 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების) მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია;

4.19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ძვირფასეულობის (ოქროულობის) დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აპელანტმა სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ვერ წარუდგინა კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან გარდა ოქროს 2 სამაჯურის, 1 საათის, 2 ყელსაბამის, 3 ბეჭედის და 2 სამაჯურისმაგვარი ნივთისა, დამატებით წაიღო ასევე, ოქროს 1 „ძეწკვი“ და 2 სამაჯური. საქმეში წარდგენილი ლომბარდის ხელშეკრულება და ქვითრები არ იყო საკმარისი მოსარჩელის ამ ნაწილის მოთხოვნის მტკიცებულებად, რადგან ისინი შექმნილია სარჩელის აღძვრის შემდეგ და ამ ქვითრებით არ დგინდება სალომბარდე ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სალომბარდე ხელშეკრულებით ოქროს ნივთების დამგირავებელი ს.შ–ია;

4.20. სააპელაციო სასამართლომ, დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ცხვრების სადგომის ხარჯის - 5 800 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მითითებულ ნაწილში მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ მან მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, მისივე თანხმობით, ააშენა და გადახურა ცხვრების სადგომი, რაზედაც, ჯამში, 5 800 ლარი გაიღო, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ამ ნაწილში საიჯარო სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, სსკ-ის 599-ე მუხლის თანახმად, 598-ე მუხლში მითითებულის გარდა, სხვა საჭირო ხარჯები, რომლებზედაც მეიჯარემ თანხმობა განაცხადა, მან უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას. სსკ-ის 598-ე მუხლის მიხედვით კი მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები. სსკ-ის 599-ე მუხლის სათაური არის მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხოლო მისი ნორმატიული შინაარსის მთავარი ელემენტია მეიჯარის თანხმობა მოიჯარის მიერ გასაწევ ხარჯებზე. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა მოპასუხეთაგან ასეთი თანხმობის არსებობის დამტკიცება, რაც მან ვერ შეძლო.

4.21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამტკიცებელ გარემოებას ხარჯების გაწევაზე მოპასუხეთაგან მიღებული თანხმობის დამტკიცება წარმოადგენდა, რასაც პროცესის განმავლობაში (როგორც შესაგებლით, ისე - მიმდინარეობისას) მოპასუხეები უარყოფდნენ. საქმეში წარდგენილია გამოძიების გამოკითხვის 2015 წლის 26 ოქტომბრის ოქმი, (რომელშიც მოსარჩელე თავად აღიარებდა, რომ მან თვითნებურად ააშენა საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი ფერმა და გააფართოვა მეურნეობა. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება გამორიცხავს მოპასუხეთა თანხმობის ფაქტის არსებობას ცხვრების სადგომის აშენება-გადახურვის ხარჯის გაღების შესახებ. ეს კი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ წინაპირობას წარმოადგენს, რაც მოსარჩელემ ვერ დაძლია, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი დაუსაბუთებლად მიიჩნია და იგი არ დააკმაყოფილა;

4.22. გარდა ზემოთ განვითარებული მსჯელობისა, ცხვრების სადგომზე 5 800 ლარის დახარჯვის დასადასტურებლად მოსარჩელემ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები წარმადგინა; სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიერ გაწეული ფულადი ხარჯის ოდენობის დამტკიცება მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება გადახდილ თანხას ან გაწეულ ხარჯს, თანხის ან ხარჯის ოდენობის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენა წინააღმდეგობაში მოვიდოდა მტკიცებულებათა უტყუარობისა და სარწმუნოობის სტანდარტთან. მოსარჩელეს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, უნდა წარედგინა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მოსარჩელემ ცხვრების სადგომის მოსაწყობად ნამდვილად გაიღო 5 800 ლარი, თუმცა მოსარჩელემ ამ ნაწილში მისი მტკიცების ტვირთის წარმატებით დაძლევა ვერ შეძლო. ამ საფუძვლით სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის მითითებული ნაწილი არ დააკმაყოფილა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო გადაწყვეტილების გაუქმება და სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.

6. კასატორების განმარტებით, სასამართლომ მათ არასწორად დააკისრა 7 000 ლარი სოლიდარულად, რადგანაც მოსარჩელეს არ აქვს გადახდილი ფერმის ქირა - 7 000 ლარი, ამის გამო მოპასუხემ მოსარჩელისგან აღებული 7 000 ლარის გადახდაზე უარი განაცხადა. ერთ სულ პირუტყვთან დაკავშირებით კი მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელემ საქონელი თავისი ინიციატივით, პატივისცემის ნიშნად, მიიყვანა მეორე მოპასუხის დედის დაკრძალვაზე და მსგავსი ქმედების განხორციელება მისთვის არავის დაუძალებია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის მიერ სესხის სახით აღებულ თანხასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ პირველმა მოპასუხემ თვითონვე დაადასტურა 7 000 ლარის სესხად აღების ფაქტი, თუმცა ამ თანხის მოსარჩელის მიერ შესასრულებელ დავალიანებასთან გაქვითვის ფაქტი მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს (იხ. წინამდებარე განჩინების 4.7.1, 4.7.2 და 4.7.4 ქვეპუნქტები). მოპასუხეებმა მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლიეს. პირველმა მოპასუხემ დაადასტურა, რომ 7 000 ლარი მოსარჩელისგან ვალის სახით მიიღო, თუმცა შემდეგ ის არ დაუბრუნებია, რადგან, მისი მოსაზრებით, მოსარჩელეს სხვა დავალიანებაში გაუქვითა. ამგვარ გარემოებას შესაბამისი და სათანადო მტკიცება სჭირდება, რასაც კასატორებმა ვერ გაართვეს თავი შესაბამისი პროცესუალურსამართლებრივი თავდაცვის საშუალების გამოუყენებლობის გამო, ისინი მხოლოდ ფაქტზე მითითებით შემოიფარგლნენ, რაც არასაკმარისია. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი მოპასუხის მიერ არ არის გამოყენებული შეგებებული სარჩელის წარდგენის საპროცესო უფლება, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, წინამდებარე დავის ფარგლებში გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის მიმართ ვალდებულების არსებობისა და გაქვითვის ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 4.7.4 ქვეპუნქტი);

12. საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442.1-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, გაქვითვა მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვითვისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინაპირობების არსებობა: 1) საპასუხო მოთხოვნების არსებობა; გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე. ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, თუმცა სსკ-ის 442.2-ე მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. 2) ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა. 3) იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (შეად. სუსგ-N ას-672-2021. 23.09.2021წ.). შეგებებული სარჩელის აღძვრის პირობებში, რაც სსსკ-ის 188-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მხარე იყენებს ქმედით საპროცესოსამართლებრივ საშუალებას მის წინააღმდეგ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ გამოსარიცხად. იმ პირობებში, როდესაც მხარე არ იყენებს შესაბამის საპროცესო ინსტრუმენტს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოთხოვნის ფარგლებს მიღმა იმსჯელოს რაიმე ფაქტებსა და გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები N ას-1185-2021, 18.02.2022წ; N ას - 189-2019, 24.12.2021წ; N ას-1615-2019, 14.01.2020წ; N ას - 727-2021, 10.12.2021წ; N ას- 851-817-2016, 4.11.2016წ.).

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად, მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ საძოვრისათვის გადახდილი 27 000 ლარიდან, 7000 ლარი მოსარჩელისაგან იყო ნასესხები. მოპასუხემ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტი, საპასუხოდ კი ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულება, რითაც 7 000 ლარის გადახდაზე უარის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

14. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

16. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ამოსავალი წერტილია და იგი დიდი გავლენას ახდენს, ყოველი პირისათვის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განხორციელებაზე.

18. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას ერთი სული პირუტყვის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების 4.9, 4.11-4.18 ქვეპუნქტებში ასახულ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხეთათვის მოსარჩელის მიერ ერთი სული პირუტყვის გადაცემის ფაქტი უდავოა, თუმცა მოპასუხეები აცხადებენ, რომ მოსარჩელემ მათ ის კეთილი ნების საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცა, რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე და პირუტყვის ღირებულების ანაზღაურებას ითხოვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 3.06.2015 წ.). ამასთან სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით (იხ. სუსგ №ას-251-2021, 11.06.2021 წ.).

20. სსკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე (შეადრ. სუსგ №ას-479-2021, 15.10.2021 წ.). სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... (იხ. სუსგ №ას-403-2020, 18.11.2021 წ.).

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პირუტყვის წაყვანა უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაა. მოსარჩელემ გარკვევით მიუთითა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობაზე, მოპასუხე კი და მხოლოდ იმ განმარტებით შემოიფარგლა, რომ მოსარჩელემ პირუტყვი თავისი ნებით მიიყვანა, რაც არასაკმარისი მტკიცებულებაა და სამართლებრივი უსაფუძვლობის ფაქტს ვერ აქარწყლებს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ქ–ნის და ზ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ქ–ნს (პ/ნ .....) და ზ.შ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ, ე.ქ–ნის (პ/ნ .........) მიერ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N28426594, გადახდის თარიღი 2022 წლის 3 თებერვალი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური