Facebook Twitter

საქმე №ას-1373-2021 28 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ფ–ძემ (შემდგომ - გამყიდველი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.დ–ძის (შემდგომ - მყიდველი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 2000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, 30.01.2017 წლის სამკვიდრო მოწმობებით, მოსარჩელემ 2016 წლის 26 მაისს გარდაცვლილი მეუღლის - ა.გ–ვის სამკვიდრო ქონებიდან მიიღო 1/2 ნაწილი, ხოლო 1/2 ნაწილი დარჩა ღიად მოსარჩელის მამამთილის - გ.გ–ვის სასარგებლოდ. გ.გ–ვი სამკვიდროს მიღების შემდგომ, 2017 წლის 11 თებერვალს, რუსეთის ფედერაციაში ისე გარდაიცვალა, რომ არ მიუღია შვილის სამკვიდრო არც ნოტარიუსთან განცხადების შეტანით გზით, არც ფაქტობრივი ფლობით. სამკვიდრო მოწმობების გაცემისას, მისი წარმომადგენელი იყო მოპასუხე. გაცემული სამკვიდრო მოწმობების მიხედვით, კონკრეტული ქონების სახით სამკვიდრო ქონებაში შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „მიცუბიში სფეისვეგონი“, გამოშვების წელი 1999 და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი (თოფები) -„კარაბინი“ და „ზიმსონი“. ეს მოძრავი ნივთები, თავდაპირველად ზეპირი შეთანხმებით, სრულად გადაეცა მოპასუხეს. 2018 წლის 24 დეკემბერს მხარეებმა წერილობით დაადასტურეს ზეპირი გარიგება, კერძოდ, გააფორმეს სამკვიდროში შემავალი უძრავ-მოძრავი ქონების, აქტივებისა და პასივების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს, გარდა ზოგადად განსაზღვრული აქტივებისა და პასივებისა, წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ მოძრავი ნივთებისა და სხვა უფლებების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 2 000 აშშ დოლარით, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 4 თვის ვადაში. მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიუღია ნასყიდობის საგანი, რადგან მოსარჩელე თავად ვერ ახერხებდა საკუთარ სახელზე ავტომანქანისა და ცეცხლსასროლი იარაღის 1/2 წილის აღრიცხვას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავოა ავტომანქანისა და იარაღის მყიდველისათვის ფაქტობრივად გადაცემის გარემოება, რომლებიც მიეკუთვნება მოძრავი ნივთების კატეგორიას და მასზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 186-ე მუხლით დადგენილი მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის მომწესრიგებელი ნორმები. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გამყიდველმა მყიდველს ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცა ნასყიდობის საგნები: ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ნასყიდობის საგნების მყიდველის მფლობელობაში გადაცემის შესახებ) დადასტურება.

8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გამყიდველი ნასყიდობის საგნით გათვალისწინებული მოძრავი ნივთების 1/2 ნაწილის მესაკუთრე იყო, რის გამოც ნივთების ფაქტობრივად გადაცემის შემთხვევაშიც კი, მყიდველი ვერ შეძლებდა მათზე საკუთრების უფლების მოპოვებას. კონკრეტული ნივთები სპეციალურ რეგისტრაციას საჭიროებდა შესაბამის ორგანოებში, სხვა თანასაკუთრების თანხმობის არარსებობისას, მასზე საკუთრების უფლების მოპოვებას მყიდველი ვერ შეძლებდა.

9. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ნასყიდობის საგანს - სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივებს, სასამართლომ მიუთითა ....... სამოქალაქო კოდექის 1328.1. მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის, გარდა ზემოთ მითითებული ნივთებისა, რა აქტივი გააჩნდა (უძრავ-მოძრავი ქონება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე და სხვა უფლებები). აქედან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი ამ შემთხვევაშიც არ დგინდება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბუნდოვანია იმ კუთხით, რომ იგი არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე.

10. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველის წინმსწრები ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, არ არის გათვალისწინებული. მას ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში. მის მიერ ამ ვალდებულების შესრულებამდე, გამყიდველს ეკისრებოდა ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. რაკი გამყიდველმა არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მყიდველის სასარგებლოდ და მას საკუთრებაში არ გადასცა ნასყიდობის საგანი, ის არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს მყიდველს საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში ნასყიდობის საგნების - ავტომანქანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემა. არათუ 24.12.2018 წლის ხელშეკრულების დადებისას, არამედ 30.01.2017 წლის სამკვიდრო მოწმობების გაცემისას ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთებს უკვე მოპასუხე ფლობდა იმ მარტივი მიზეზით, რომ, ფაქტობრივად, იგი ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, რაზეც მოპასუხე არ დავობს.

13. რაც შეეხება სადავო ნივთების რეგისტრაციას, მოსარჩელის მიერ მოპასუხის სახელზე გაცემულ ყველა მინდობილობაში მითითებული იყო ქონების საკუთარ თავზე გადაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების შესახებ. ამ ვითარებში კი, სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადმოტანა, თუ რატომ არ არის ნივთები მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული, არასწორია. ამასთან, ....... უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად მისი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.

14. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდებოდა მამკვიდრებელის გარდაცვალების მომენტისათვის, გარდა ზემოთ მითითებული ნივთებისა, რა აქტივი გააჩნდა. საქმის მასალებში წარმოდგენილია 16.09.2020 წლის შუამდგომლობა, რომელზე თანდართული მასალებიდან ჩანს, რომ მოპასუხე, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი (ქონების საკუთარ თავზე გადაფორმების უფლებით) აწარმოებდა დავას თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაბა ......., ....... ქ. 13(19) საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ უფლებაზეა საუბარი ხელშეკრულებაში, რომელშიც აღნიშნულია რომ: ,,მოპასუხე ვალდებულია მყიდველს გადაუხადოს ნასყიდობის ფასი, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროუძრავ-მოძრავი ქონების, აქტივებისა და პასივების (უძრავ მოძრავი ქონება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ უძრავ მოძრავ ქონებებზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში. თანხის გადახდა დამოკიდებული არაა, იმ სამართლებრივი პროცედურების დასრულებაზე, რასაც მყიდველი ახორციელებს გამყიდველის მიერ გაცემული რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) ....... უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე ....... უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ....... უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოძრავი ნივთების ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 186-ე (მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში) მუხლები.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესახებ, კერძოდ, ....... უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი ....... სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (შდრ. სუსგ 27.10.2011წ.; №ას-914-954-2011, 5.12.2014წ.; №ას-658-625-2014, 23.03.2016წ.; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.). თუმცა მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1 მუხლი). მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის უფლებამოსილ პირად სამოქალაქო კოდექსი ნივთის მესაკუთრეს განსაზღვრავს. როგორც წესი, მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი პირი, განკარგოს ნივთი და ეს უფლება გამომდინარეობს საკუთრების უფლების შინაარსიდან (სსკ-ის 170.1 მუხლი) - (ლ. თორთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 186).

21. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველი ნასყიდობის საგნით გათვალისწინებული მოძრავი ნივთების 1/2-ის მესაკუთრე იყო. აქედან გამომდინარე, გამყიდველი თავის ვალდებულებას - მყიდველისათვის ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას ვერ შეასრულებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი გარიგების - ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი უფლება არ არსებობს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის მთავარ საფუძველს ის გარემობა წარმოადგენს, რომ ნივთზე საკურების უფლების განკარგვა ნამდვილი არ არის, რადგან მას საფუძვლად არ უდევს ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება. ამ გარემოების წინააღმდეგ კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. ამასთან, მოსარჩელე სადავო მოძრავი ნივთების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი რომც ყოფილიყო, მოთხოვნა მაინც წარუმატებელი იქნებოდა. გამყიდველმა უნდა დაამტკიცოს მყიდველისათვის ქონებისა და დოკუმენტების, ისევე - როგორც მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ნივთები არ გადაუცია, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, რაკი მოსარჩელეს მოპასუხისათვის ნივთები არ გადაუცია (გადაცემა, როგორც წესი, გულისხმობს მყიდველისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობით გადაცემას, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის, მასზე ზემოქმედების შესაძლებლობის მინიჭებით), გამყიდველს ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მთხოვნის უფლება არ აქვს.

23. ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნივთების გადაცემის ვალდებულების შესრულების დრო არ განსაზღვრულა, რის გამოც მყიდველს, სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ დროს შეეძლო, გამყიდველისაგან ვალდებულების შესრულება მოეთხოვა. გამყიდველი კი, ვალდებული იყო, მოთხოვნისთანავე შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, მართალია, ხელშეკრულებით ნივთების გადაცემის დრო არ დადგენილა, მაგრამ ეს ვალდებულება გამყიდველის წინმსწრებ, მყიდველის მიერ თანხის გადახდამდე, ვალდებულებად განისაზღვრა. ამდენად, რაკი გამყიდველს, ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრებოდა თანხის გადახდამდე ნივთების გადაცემის ვალდებულება, მყიდველი უფლებამოსილია, უარის თქვას ნასყიდობის საფასურის ანაზღაურებაზე სსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად.

24. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა გადაეცა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, პალატა მიიჩნევს, რომ ნასყიდობის საგანი დაუდგენელია, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელემ მხოლოდ ზემოხსენებული მოძრავი ნივთების 1/2 წილი მიიღო.

25. ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კონსესუალური ხელშეკრულება, დადებულად მიიჩნევა სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით შეთანხმების მომენტიდან. ნასყიდობის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ არსებით პირობებად განიხილება. კასატორის მტკიცებით, მოპასუხე, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი (ქონების საკუთარ თავზე გადაფორმების უფლებით) აწარმოებდა დავას სასამართლოში უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ უფლებაზეა საუბარი ხელშეკრულებაში. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს ნასყიდობის საგანი თავად უნდა ამოეცნო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ხელშეკრულება დადებულად ვერ მიიჩნევა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-899-2018, 25 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-480-480-2018, 30 ივლისი, 2018 წელი).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 307.94 ლარის 70% – 215.55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.ფ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 307.94 ლარის (საგადასახადო დავალება №12460468638, გადახდის თარიღი 24.01.2022), 70% - 215.55 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე