საქმე №ას-104-2022 3 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
კასატორი – ე.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ქონებაზე აღსრულების მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ნ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.მ–ის (შემდგომ – მოპასუხე), მ.კ–ასა (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და ნ.კ–ძის (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრება, მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, ასევე მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამავდროულად, უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოპასუხის ცნობა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, სადაც მოვალემ აღიარა კრედიტორის წინაშე 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 64 383 ლარის ოდენობით სესხის არსებობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალეს თანხა უნდა გადაეხადა გრაფიკით, თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ, ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით, კუთვნილი უძრავი ქონება 2016 წლის 9 ივნისს აჩუქა ახლო ნათესავს - მეორე მოპასუხეს, რომელმაც 2016 წლის 26 სექტემბერს უძრავი ნივთი მიჰყიდა მოპასუხის ახლო ნათესავს - მესამე მოპასუხეს. სარჩელის შეტანისას მოპასუხე ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისის იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.
მოპასუხეების პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ - მოპასუხისათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრების, მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, ასევე, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოპასუხის ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 28 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება, გადაეხადა დავალიანება გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ, ოთხ თვეში ერთხელ 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვალდებულების სრულად დაფარვამდე. შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, მოპასუხეს 5 000 აშშ დოლარის გადახდა უწევდა 2016 წლის 28 სექტემბერს.
8. 2016 წლის 9 ივნისს მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეორე მოპასუხე საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება.
9. 2016 წლის 26 სექტემბერს იმავე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად და დაენიშნა მხარდამჭერი. აპელანტის განმარტებით, ე.მ–ს გააჩნდა ფსიქიკური ნაკლი და გარიგების დადების დროს ვერ აცნობიერებდა მისი ქმედების სამართლებრივ შედეგს, რაც აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.
11. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო: ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი. ამდენად, კანონი გარიგების ბათილობას უკავშირებს ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას ვითარება. ამავე კოდექსის 581 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარდაჭერის მიმღები დებს გარიგებას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომ მხარდამჭერი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღები ამ გარიგებით სარგებელს იღებს.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ, სადავო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოპასუხეს ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი და შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის. ამასთან, აღნიშნული დროისათვის მოპასუხე მხარდაჭერის მიმღები არ ყოფილა. ამდენად, 2016 წლის 28 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
13. აპელანტმა გარიგების ბათილობის საფუძვლად მიუთითა 2017 წლის 31 მარტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მოპასუხეს 2013 წლიდან მკურნალობს ნევროლოგთან ფსიქიატრისთვის საკონსულტაციოდ არ მიუმართავს. 16.09.2014 წელს ოჯახის ექიმთან ვიზიტით დადგენილი აქვს დიაგნოზი „გიდ სტენოკარდია დაძაბვის არტერიული ჰიპერტენზია, უძილობა“. ბოლო კონსულტაცია ნევროლოგთან ჩატარებულია 2016 წლის 8 ივნისს, აღნიშნული ჩანაწერის თანახმად: „უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, უძილობას, სისუსტეს და თავის ტკივილს, ღებულობს ვიტამინებს, მაგრამ თავს უკეთ არ გრძნობს. დიაგნოზი: ზომიერი კოგნიტური დარღვევა. წარმოდგენილი სანოტარო აქტის თანახმად, 2016 წლის 28 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხემ აღიარა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა მისი დის, მოსარჩელის მიმართ. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე (მოპასუხე) ვალს მთლიანად დაფარავს 2018 წლის 28 მაისს და გრაფიკის შესაბამისად, ის ვალდებულია კრედიტორს ყოველ ოთხ თვეში გადაუხადოს 5 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა. ამავე დასკვნის თანახმად, მოპასუხის ფსიქიკური მდგომარეობა შემდეგია: გამოსაკვლევი პირი გარეგნულად მოწესრიგებულია, მოტორიკა - დუნე, შენელებული ტემპის. მიმიკა-ჟესტიკულაცია - ნაკლებგამომსახველი, კონტაქტში ერთვის, თუმცა მიზანმიმართული პროდუქტიული საუბრისთვის ძნელად მისაწვდომია, ერთგვარად დაბნეულია, გაფანტული, დუნე, კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს, ცდილობს გაიხსენოს. დასახმარებლად ყოველ ჯერზე მიმართავს შვილს. რიგ კითხვებზე პასუხს იძლევა, თუმცა დაგვიანებით, დაურწმუნებლად, გაუბედავად თითო სიტყვით პასუხები შეესაბამება შეკითხვის შინაარსს, მაგრამ ზოგჯერ არაზუსტია. სანოტარო დოკუმენტის შედგენაზე დეტალურად არ საუბრობს. მოკლედ ამბობს, რომ და სთხოვს თანხას - „ბევრ ფულს მედავება, რამდენს - არ ვიცი“. იხსენებს, რომ იგი საზღვარგარეთიდან უგზავნიდა თანხას, რომელსაც შემდეგ მისივე თხოვნით, გადასცემდა ყოფილ მეუღლეს. თუ რატომ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, განმარტებას არ აკეთებს, შეწუხებული გამომეტყველებით იმეორებს „არ მახსოვს, რა ვქნა, არ ვიცი“... ემოციურ სფეროში გამოხატულია ლაბილობა, ერთგვარი შფოთვა, აზროვნება შენელებული ტემპისაა, ინერტული, ნაკლებპროდუქტიული. დასკვნის თანახმად, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.
14. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 28 მაისს, ხოლო დასკვნა შედგენილია 2017 წლის 31 მარტს, რომელიც არ შეიცავს კვლევებს გარიგების დადების დროისათვის მოპასუხის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ იგი საჭიროებს დამატებით კვლევებს. შესაბამისად, წარმოდგენილი დასკვნა გარიგების ბათილობისთვის რელევანტულ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
15. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოპასუხე ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად და დაენიშნა მხარდამჭერი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 15 ივნისს, ხოლო სადაო გარიგება, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაიდო გაცილებით ადრე, 2016 წლის 28 მაისს. აღნიშნულიც გარიგების ბათილობის დამადასტურებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negate, incumbit probatio“- „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსსკ-ის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. პალატა განმარტებით მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... იხ. საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი)
18. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები ვერ დაადასტურა. მხარეთა შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება, ასევე, მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურების თუ შეცვლისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა).
19. სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავო ან ხანდაზმულიც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სსკ-ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.).
20. სსკ-ის 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტება მოცემულია არაერთ გადაწყვეტილებაში. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი, ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ. ას-1369-1289-2017).
21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 მაისის შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. მასში მითითებულია დავალიანების ოდენობა - 30 000 აშშ დოლარი და პერიოდი, რა დროშიც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა დავალიანება გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ, ოთხ თვეში ერთხელ 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, სრული ვალდებულების დაფარვამდე. ამდენად, წარმოდგენილი შეთანხმებით ნათლად ირკვევა, რომ მოპასუხეს, როგორც ფიზიკური პირის მიერ, სხვა ფიზიკური პირის - მოსარჩელის მიმართ აღიარებულია დავალიანების ოდენობა - 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებაა, რომლითაც დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც წარმოშობს მოპასუხის ფულად ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საკასაციო საჩივარს დაერთო სანოტარო წესით დამოწმებული მოსარჩელის თანხმობა, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა სარჩელზე, ასევე, მხარეებმა მიუთითეს, რომ ერთმანეთის მიმართ მოცემული დავის ფარგლებში რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ და მოითხოვეს სსსკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
24. საკასაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2022 წლის 3 მაისს, რა დროსაც კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
25. საკასაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
28. მითითებული ნორმები შესაძლებლობას აძლევს საკასაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ საკასაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
29. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობებს, რომლებიც მითითებულია სსსკ-ის 272-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის ძალით სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა.
31. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 3-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ნ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ს.ნ–ძის სარჩელის გამო ე.მ–ის, მ.კ–ასა და ნ.კ–ძის მიმართ თანხის დაკისრების, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდებ
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე