Facebook Twitter

საქმე №ას-439-2022 27 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – დ.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2021 წლის განჩინება და ამავე სასამართლოს 08.04.2022 წლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ს.ს.ლ–ას“ 10.02.2020 წლის №001/1890-19 გადაწყვეტილებით სს „მ.ე.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დ.ფ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოპასუხე“) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 6345 ლარის, სესხზე დარიცხული სარგებლის - 998.06 ლარისა და პირგასამტეხლოს - 234.68 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

2. 14.07.2021 წელს საარბიტრაჟო მოსარჩელემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......, ს/კ: ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ქონება“), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ს.ფ. 48,49). განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე.

3.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს - იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას და ხელს უწყობს მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციას.

4. 15.02.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა საარბიტრაჟო მოპასუხემ და ამავე სასამართლოს 14.07.2021 წლის განჩინების გაუქმება, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების ფარგლებში საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის სადეპოზიტო ანგარიშზე 15 000 ლარის განთავსების დავალება მოითხოვა (ს.ფ. 101-103). საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 28.03.2022 წელს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2022 წლის განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 14.07.2021 წლის განჩინების გაუქმების, ხოლო გაუქმების შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ს.ფ.123-126).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის კანონიერება.

9. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის) შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.; Nას-1215-2019, 31.01.2020წ.).

10. სსსკ-ის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

11. სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (სუსგ Nას-1215-2019, 31.01.2020წ.). შესაბამისად, სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ Nას-587-2019, 20.02.2020წ.).

12. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ Nას-1586-2018, 26.10.2018წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია, არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის უფლებები, არამედ მხოლოდ იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის უფლების რეალიზაციისათვის. უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

13. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებულია მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ს.ს.ლ–ას“ 10.02.2020წ. №001/1890-19 გადაწყვეტილებით. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატური, თანაზომიერია და თბილისის სააპელაციო სასამართლომ 08.04.2022 წლის განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა საჩივარი.

14. დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის პრეტენზია მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზეც. მართალია, სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში (სუსგ №ას-1290-1228-2014, 23.01.2015წ.). სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

15. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ (სუსგ №ას-1041-2018, 20.07.2018წ.; Nას-1344-2018, 05.04.2019წ.). საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 08.04.2022 წლის განჩინებაში მოცემულ მსჯელობას მასზე, რომ დაუსაბუთებელია საარბირტაჟო მოპასუხის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (სადეპოზიტო ანგარიშზე 15 000 ლარის განთავსებაზე საარბირტაჟო მოსარჩელის დავალდებულება) თაობაზე.

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2021 წლის განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე და ამავე სასამართლოს 08.04.2022 წლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ დასაბუთებულია, კანონიერია და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მათი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ფ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2021 წლის განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე და ამავე სასამართლოს 08.04.2022 წლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია