საქმე №ა-4045-შ-111-2021 თბილისი
10 სექტემბერი, 2021 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ,,ბ-სი“ (გ-ოს ფილიალი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ.
განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის N27-4/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
აღწერილობითი ნაწილი:
ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის N27-4/2020 გადაწყვეტილებით მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე მ. წ-ს რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ,,ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 853,51 აშშ დოლარი ძირითადი ვალი, დროებითი განთავსების საწყობში ტვირთის შენახვისათვის გაწეული მომსახურებისათვის, ასევე 1 293,75 ჯარიმა აშშ დოლარი, მთლიანობაში 3 147,26 აშშ დოლარი. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 675,00 ბელარუსული რუბლის ოდენობით, 257,33 აშშ დოლარის ეკვივალენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 23 აპრილს.
რესპუბლიკურმა უნიტარულმა საწარმომ ,,ბ-სმა“ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის N27-4/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდ.
ზემოხსენებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ისაა, რომ გადაწყვეტილება რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს არ იყოს აღსრულებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება, შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება. რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოადგენს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე და 55-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად იკვეთება შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დაადგინა:
1. რესპუბლიკური უნიტარულ საწარმო ,,ბ-ისს“ უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე