7 აპრილი, 2022 წელი,
საქმე №ას-1261 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ნ.(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ვ.(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ს. ვ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აღეკვეთა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლა და მოიშალა მოპასუხის მიერ აღმართული თუნუქის ღობე. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა თანამესაკუთრედ, მაშინ, როცა სადავო ღობე უკვე კანონის მოთხოვნათა დაცვით აღმართული იყო, შესაბამისად, არც მისი თანხმობა არ იყო საჭირო.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა იყოს უფლების განხორციელების შემაფერხებელი გარემოება ის, რომ სარჩელი სასამართლოში საკუთრების უფლების მოპოვებიდან, ექვსი წლის შემდეგაა აღძრული.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. თბილისში, მდებარე უძრავი ქონება 2014 წლის 6 თებერვლის მონაცემებით რამდენიმე დამოუკიდებელ ნაკვეთად იყო რეგისტრირებული, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ, 88 კვ.მ ს/კ-ით მოპასუხეს ეკუთვნოდა.
5.4. თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს ზემოაღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში ღობის მოწყობის შესაძლებლობა დაუდასტურდა.
5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, კანონიერ ძალაში შესული განჩინება) დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა განსახილველ დავაში მოპასუხესა და ლ.ჭ-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის მეუღლე) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისში, მდებარე 321კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები თანაბარწილად (1/2-1/2) მოპასუხის მეუღლისა და მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდებოდა.
5.5.1. ლ. ჭ-მა კუთვნილი 1/2 წილი მეუღლეს/მოპასუხეს აჩუქა.
5.6. თბილისში, მდებარე უძრავი ქონება, მხარეთა თანასაკუთრებაა.
5.7. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხემ თუნუქის ღობე მოაწყო, რის გამოც მოსარჩელე ნაკვეთით სრულად ვერ სარგებლობს.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ კი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 173.1 (საერთო (თანაზიარი) და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ), 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 955-ე (თითოეულ მონაწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი; თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას), 956.1 (საზიარო საგანს მონაწილენი ერთობლივად მართავენ), 957.3 (ცალკეული მონაწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისში მდებარე უძრავი ქონება, მხარეთა თანასაკუთრებაა (1/2-1/2 წილი). საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც თუნუქის ღობეა აღმართული, საზიარო საგანია; შესაბამისად, მოსარჩელის ნებართვის გარეშე აღმართული ნაგებობა ს. ვ-ს ქონებით შეუზღუდავად სარგებლობაში ხელს უშლის და, როგორც თანამესაკუთრეს, აყენებს ზიანს.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნეგატორული სარჩელი, რომელიც „მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას ... ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი“ (იხ. სუსგ # ას-843-809-2016, 26.10.2016წ.).
9. კასატორის პრეტენზიით, სადავო ღობის აღმართვისთვის მოსარჩელის თანხმობა საჭირო არ იყო. მოპასუხის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, ღობის მოწყობის შესაძლებლობა დაუდასტურდა კუთვნილი 88 კვ.მ ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოსარჩელე სადავო ქონების თანამესაკუთრეს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი ამ გადაწყვეტილებას ვერც დაეთანხმებოდა და ვერც გაასაჩივრებდა, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება.
10. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომელიც მოთხოვნის ხანდაზმულობას უკავშირდება, რადგან განსახილველი დავის სუბიექტები სადავო ქონების მესაკუთრეები არიან, თანამესაკუთრის მიერ საზიარო საგნით სარგებლობის ხელშეშლის მოთხოვნის უფლება კი, ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის.
11. კასატორი ასაჩივრებს მტკიცებულების, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის #60-01211181398 წერილის საქმისთვის დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებასაც.
11.1.მოპასუხემ ზემოაღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითება დაუშვებელია. ამრიგად, ახალი მტკიცებულებები მხარემ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ ობიექტურად უკიდურესად დასაბუთებულ შემთხვევებში შეიძლება წარადგინოს, როდესაც დაადასტურებს დამოუკიდებელი მიზეზებით მათი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში კი, საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას მოპასუხის მიერ არქიტექტურის სამსახურიდან მიღებულ მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის შეუძლებლობა არ დასტურდება; აშკარაა, რომ სათანადო ინტერესის არსებობის შემთხვევაში 2021 წლის 28 აპრილის #60-01211181398 წერილში ასახული ინფორმაციის მიღება მხარეს საქმის მოსამზადებელ სტადიაზეც შეეძლო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოპასუხეს საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვაზე.
12. კასატორი შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის #60-01211181398 წერილის საქმისათვის დართვაზე, თუმცა მტკიცებულება საკასაციო საჩივარს არ ერთვის. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.1 მუხლიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარდგენას თავად საპროცესო წესები, კერძოდ, ამავე კოდექსის 104.1 (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ) მუხლი გამორიცხავს.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი/მ ე. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 24.12.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ნ-ს დაუბრუნდეს ი/მ ე.გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 24.12.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე