Facebook Twitter

2 მარტი, 2022 წელი,

საქმე №ას-1279 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „თ.ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ს, ლ.შ, ნ.გ- (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ-ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან ბანკი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც გ. ს-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული), ლ.შ-სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) და ნ.გ-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული), წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეები არ ყოფილან დასაქმებულები კონკურენტ კომპანიაში; ასევე მათ არ გამოუყენებიათ მოსარჩელესთან მიღებული გამოცდილება და კვალიფიკაცია სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.

1.2. კასატორის მითითებით, მესამე მოპასუხემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბანკს 2018 წლის 30 აპრილს აცნობა და იმავე წლის 14 მაისიდან ითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამავე თარიღიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობაც, ხოლო დასაქმების შემზღუდველი ნორმების ამოქმედების შესახებ შეტყობინება 2018 წლის 8 მაისს ჩაჰბარდა, რაც თანხვედრაშია შრომითი ხელშეკრულებით და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. პირველი მოპასუხე 2017 წლის 8 მაისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ..... სერვისცენტრში კლიენტთა მრჩევლის/მიკრო და მცირე ბიზნესის მომსახურების თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული მოსარჩელე კომპანიაში და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 1000 ლარს, ხოლო 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1200 ლარს შეადგენდა.

4.3.1. დამსაქმებელმა 2018 წლის 7 ივნისიდან პირველ მოპასუხესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება. იმავე დღეს მოსარჩელემ დასაქმებულს აცნობა 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე.

4.3.2. დამსაქმებელმა პირველ მოპასუხეს 2017 წლის 6 ივნისიდან 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხელფასი - 13630,78 ლარი, ბონუსი და პრემია - 9884,09 ლარი, ხოლო შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა - 2169,23 ლარი აუნაზღაურა.

4.4. მეორე მოპასუხე 2015 წლის 3 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული მოსარჩელე კომპანიაში და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 375 ლარს, ხოლო 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1100 ლარს შეადგენდა.

4.4.1. დამსაქმებელმა მეორე მოპასუხესთან 2018 წლის 6 ივნისიდან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება.

4.4.2. 2018 წლის 7 ივნისის წერილით, მოსარჩელემ დასაქმებულს აცნობა 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე.

4.4.3. დამსაქმებელმა მეორე მოპასუხეს 2017 წლის 6 ივნისიდან 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით, ხელფასი - 13800 ლარი, ბონუსი და პრემია - 11620 ლარი, ხოლო შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა - 2400 ლარი აუნაზღაურა.

4.5. მესამე მოპასუხე 2017 წლის 8 მაისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ....... სერვისცენტრში ბიზნეს-დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული მოსარჩელე კომპანიაში და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 375 ლარს, ხოლო 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1200 ლარს შეადგენდა.

4.5.1. დასაქმებულის/მესამე მოპასუხის 2018 წლის 30 აპრილის განცხადების საფუძველზე, რომელიც ბანკს იმავე დღეს ჩაჰბარდა, მასთან 2018 წლის 14 მაისიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

4.5.2. 2018 წლის 8 მაისის წერილით, მოსარჩელემ მესამე მოპასუხეს აცნობა 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე.

4.5.3. დამსაქმებელმა მესამე მოპასუხეს 2017 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 14 მაისამდე ჩათვლით, ხელფასი - 11426,93 ლარი, ბონუსი და პრემია - 6926 ლარი, ხოლო შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა - 2887,50 ლარი აუნაზღაურა.

4.6. ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებულებს დაუდგინდათ კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში ისინი იღებდნენ ვალდებულებას, ბანკში მუშაობისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინათ კონკურენტი ფინანსური ინსტიტუტების ან სხვა პირთა სასარგებლოდ, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი მათ ყოველთვიურად გადაუხდიდათ ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი ფორმით შეწყვეტიდან ან დასაქმებულის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 საბანკო დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულისთვის გადაეცა შეზღუდვის ამოქმედების ან შეზღუდვისგან გათავისუფლების შესახებ წერილობითი დოკუმენტი. თუ ამ ვადის დაცვით დამსაქმებელი არ გასცემდა წერილობით დოკუმენტს, შეზღუდვისაგან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის თანხმობა ჩაითვლებოდა გაცემულად.

4.6.1. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულებს, დამსაქმებლის სასარგებლოდ, ეკისრებოდათ პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების (მათ შორის ხელფასი, ბონუსი, პრემია და სხვა) ოდენობით (იხ. შეთანხმება).

4.7. პირველ მოპასუხესა და სს „ს. ბ-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულება) შორის 2018 წლის 21 ივნისს გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება დაიდო, რომლის ამოქმედების თარიღად იმავე წლის 10 დეკემბერი, მოქმედების ვადა 6 თვით, ხოლო ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 2250 ლარით განისაზღვრა.

4.7.1. პირველი მოპასუხეს კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულებისგან 2018 წლის ივლისში - 5400 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ლარი აქვს მიღებული.

4.8. მეორე მოპასუხესა და კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულებას შორის 2018 წლის 21 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლის ამოქმედების თარიღი იმავე წლის 7 დეკემბრით, მოქმედების ვადა 6 თვით, ხოლო ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 2250 ლარით განისაზღვრა.

4.8.1. მეორე მოპასუხეს კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულებისგან 2018 წლის ივლისში - 5400 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ლარი აქვს მიღებული.

4.9. მესამე მოპასუხესა და კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულებას შორის 2018 წლის 25 აპრილს გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება დიდო, რომლის ამოქმედების თარიღი იმავე წლის 14 მაისით, ხოლო შემდგომ დამატებითი შეთანხმებით - 2018 წლის 15 ნოემბრიდან 6 თვით განისაზღვრა.

4.9.1. მესამე მოპასუხეს კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულებისგან 2018 წლის მაისში - 1654,55 ლარი, ივნისში - 1054,55 ლარი, ხოლო ივლისში - 7200 და 673,42 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) აქვს მიღებული.

4.10. შეთანხმების ფარგლებში დასაქმებულების მიერ გამოსაცდელ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისას განისაზღვრა ბონუსის გაცემის წესი და პირობები, კერძოდ, დამატებით პირობები ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადის დაცვით ერთჯერადად - 5400 ლარი (იხ. გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები #1-2018062101024072987-001).

4.11. ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულებაში მოპასუხეებს შრომითი საქმიანობა ფაქტობრივად არ დაუწყიათ.

4.12.მოპასუხეებმა შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან/კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულებიდან, ბონუსის სახით მიიღეს.

5. იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 46.3 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და 46.5 ( ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია) მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ იყო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 46.3 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია.

7. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კონპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (შდრ. სუსგ. #ას-1041-2019, 12.02.2020 წ).

8. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მსჯელობას, რომ მოპასუხეები სადავო პერიოდში ფაქტობრივად დასაქმდნენ და მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას იყენებდნენ კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ.

9. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურსამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

10. განსახილველ შემთხვევაში, სადავო პერიოდში მოპასუხეების ფაქტობრივად დასაქმებისა და მათთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოყენების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა. მან კი ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. სახელდობრ, საქმეში დაცული მტკიცებულებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულებაში მოპასუხეების შრომითი საქმიანობის ფაქტობრივად დაწყებისა და მათთვის ყოველთვიურად ხელფასის გადახდის ფაქტი.

აღნიშნულის საპირისპიროდ, დადგენილია, რომ მოპასუხეებსა და კონკურენტ დამსაქმებელს შორის დადებული შეთანხმებით განისაზღვრა ბონუსის გაცემის წესი და პირობები, კერძოდ, დამატებით პირობების ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადის დაცვით ერთჯერადად - 5400 ლარის ლარის გაცემა, შესაბამისად, მოპასუხეებმა თანხა მომავალი სამუშაო ადგილიდან სწორედ ბონუსის სახით მიიღეს (იხ. გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დანართი #ა). ამ გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს. მოსარჩელემ/კასატორმა კი ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება.

11. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ უმნიშვნელოვანესი გარემოების გასაქარწყლებლადაც, რომ მოპასუხეებმა შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენეს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. დასახელებული არგუმენტის გათვალისწინებით საკასაციო საჩივარს მოპასუხეების კონკურენტ საწარმოში დასაქმების ფაქტის დადასტურების პირობებშიც არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა სადავო პერიოდში კონკურენტ საბანკო დაწესებულებასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხეების არყოფნის და მოსარჩელესთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოყენების არარსებობის ფაქტი და სარჩელი მართებულად უარყო.

13. ამასთან, დადაგენილია, რომ მესამე მოპასუხემ 2018 წლის 14 მაისიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნით მოსარჩელეს იმავე წლის 30 აპრილს მიმართა, შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო, 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე მხარისთვის 5 საბანკო დღის ვადის დაცვით ეცნობებინა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეზღუდვის თაობაზე მესამე მოპასუხეს 2018 წლის 8 მაისს, შეთანხმებით გათვალისწინებული ხუთდღიანი ვადის დარღვევით შეატყობინა, ასეთ შემთხვევაში კი, შეზღუდვისგან გათავისუფლების თაობაზე თანხმობა გაცემულად მიიჩნევა, რაც მესამე მოპასუხის მიმართ სარჩელის უარყოფის უტყუარი საფუძველია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3737.23 ლარის (საგადახდო დავალება #3, გადახდის თარიღი 04.09.2020წ.), 70% - 2 616,06 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „თ.ბ-ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3737.23 ლარის (საგადახდო დავალება #3, გადახდის თარიღი 04.09.2020წ.), 70% - 2 616,06 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე