23 მარტი, 2022 წელი,
საქმე №ას-929-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.ს- (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.ს- (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, 1-ლი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 18 სექტემბრის #264/კ ბრძანება; მოპასუხეს კომპენსაციის - 12 710 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, საშტატო განრიგი მოპასუხეს არ წარუდგენია და ვერც წარადგენდა, არარსებობის გამო.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მხარეებს შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შრომითი ხელშეკრულება), მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში (მოამბე) სტუდიის ოპერატორის თანამდებობაზე დაინიშნა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 1271 (დარიცხული) ლარით განისაზღვრა.
5.3.1. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებდა განუსაზღვრელი ვადით (იხ. შეთანხმების მე-2 მუხლი).
5.4. 2018 წლის აგვისტოში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება შრომის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს შესთავაზეს შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. შეთავაზებაში მიეთითა, რომ იგი ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე. უარის თქმის შემთხვევაში კი, მოქმედი შრომის ხელშეკრულება წყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის, 37.1 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5.4.1. შეთავაზება მოსარჩელეს 2018 წლის 31 აგვისტოს ჩაბარდა.
5.5. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
5.6. დამსაქმებლის 2018 წლის 18 სექტემბრის #264-კ ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება), მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა და მიეცა კომპენსაცია - ორი თვის ხელფასის ოდენობით. გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37.1 მუხლის "ო" ქვეპუნქტი დაედო საფუძვლად.
5.7. 2018 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს.
5.8. 2018 წლის 28 სექტემბრის საპასუხო წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი, ამ თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს შრომა უნდა ანაზღაურებოდათ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით დამსაქმებელმა ოფიციალურად აცნობა მოსარჩელეს და შესთავაზა შესაბამის ბლოკში მუშაობის გაგრძელება იმ პირობით, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს 1 (ერთი) გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 100 ლარით (დარიცხული), რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო, სშკ-ის, 37.1 მუხლის "ო" ქვეპუნქტის საფუძველზე მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
5.9. მოპასუხე ორგანიზაციაში ოპერატორის/სტუდიის ოპერატორის თანამდებობა ვაკანტური არ არის.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 48-ე; 58-ემუხლი).
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 37.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით (ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე (შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47- და 48-ე მუხლები) მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება უკანონოდაა ცნობილი, ხოლო საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, რომელიც სადავოდ ხდის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობას და, შესაბამისად, განაცდურს.
9. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება ბათილია. დადგენილია მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობაც. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაცის - 12 710 ლარის ლარის (დარიცხული) გადახდა.
9.1. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ, ვაკანტური თანამდებობის არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის განმარტება მიიჩნია საკმარისად ამ გარემოების დასადასტურებლად, მით უმეტეს, წარმოდგენილი არ ყოფილა ორგანიზაციის საშატატო ნუსხა.
9.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივ დავებში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციფიკურობის მიუხედავად, დასაქმებულსაც გააჩნია მინიმალური ვალდებულება, დაამტკიცოს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი;
მოცემულ შემთხვევაში, ეს ვალდებულება დასაქმებულს წარმოეშვა ვინაიდან მოპასუხემ წარადგინა წერილობითი ინფორმაცია, რომ სასარჩელო მოთხოვნების განხილვის მომენტისთვის, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საშტატო განრიგი დამტკიცებული არ იყო. ასევე არ არსებობდა ოპერატორების/სტუდიის ოპერატორების ვაკანტური თანამდებობა და ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლები უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ შესაბამის გადაცემაზე/პროექტებზე (იხ. ს.ფ. 168. ტ.1). განსახილველ შემთხვევაში არაა დადასტურებული, რომ კასატორის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა ვაკანტურია, ეს გარემოება მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
9.3. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები.
9.4. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებით უტყუარად უნდა დადგინდეს ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა (შდრ: სუსგ №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021).
9.5. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა წარმატებით ვერ გაართვა თავი თავისი მტკიცების ტვირთს - სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა დამსაქმებელ ორგანიზაციაში ტოლფასი თანამდებობის არსებობაც (ასევე, ამავე თანდებობის ვაკანტურობა). (შდრ., სუსგ-ები №ას-588-556-2014, 27 აპრილი, 2015 წელი; №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-1189-2020 4 თებერვალი, 2021; №ას-113-2021 ,27 აპრილი, 2021 წელი).
10. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 (სშკ-ის მოქმდი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
10.1. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).
11. ვინაიდან, დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე ორგანიზაციაში ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა და არც სხვა ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
13. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 10.11.2021წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შ.ს-ს (პ/ნ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 10.11.2021წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე