საქმე № ა-1527-2022 12 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ხ. ოღლი მ.
მოთხოვნა - უკრაინის ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ი.მ-ის. განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 1994 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ა.მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 1997 წლის 8 აგვისტოდან ყოველთვიურად ყოველგვარი შემოსავლების 1/4 ნაწილის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 23,40 რუბლის გადახდა.
2. ი. მ-ამ და უკრაინის ქ. კიევის რაიონული სასამარლოს მოსამართლემ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით, ი. მ-სა და უკრაინის ქ. კიევის რაიონული სასამარლოს მოსამართლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ცნობილი იქნა აღსასრულებლად მიექცა უკრაინის ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 1970 წლის 21 აპრილს დაბადებულ ა. ხ. ოღლ მ-ს, მცხოვრებს საქართველოში, ბოლნისის რაიონში, დაეკისრა 1994 წლის 16 ოქტომბერს დაბადებულ უკრაინის ქ. კიევში მცხოვრები ა. მ-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად, 1997 წლის 8 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე, ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილი, ასევე სახელმწიფო ბაჟი 23,40 რუბლი და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
4. 2022 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა და მოითხოვა უკრაინის ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, თუ რა იგულისხმება ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილში იმ პირობებში, როდესაც მოვალეს რაიმე სახის ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
6. ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმეში მონაწილე მხარეებს ან აღმასრულებელს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
7. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტებას, რომლითაც ი. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 1994 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ა.მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 1997 წლის 8 აგვისტოდან ყოველგვარი შემოსავლების 1/4 ნაწილის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 23,40 რუბლის გადახდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით კი, ცნობილი იქნა და აღსასრულებლად მიექცა უკრაინის ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
8. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლო და არა საქართველოს უზენაესი სასმართლო, რომელმაც მხოლოდ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხი გადაწყვიტა. „გადაწყვეტილების განმარტებას კი, ახდენს ის სასამართლო, რომელმაც იგი გამოიტანა“ (იხ: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.375).
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსთვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ განცხადება, ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული (იხ: სუსგ საქმე Nა-1994-გან-9-2021, 2021 წლის 23 აპრილის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის განცხადება, ქ. კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე