Facebook Twitter

საქმე № ა-1983-2022 2 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ყ.

მოთხოვნა - ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ყ-ს, დაბადებულს 1989 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ლაგოდეხის რაიონში, ა. პ. ასულ ყ-ის (დაბადებულს 1980 წლის 11 თებერვალს, მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის მაცხოვრებელს, არასრულწლოვანი შვილის ვ. ნ. ასულ ყ-ის (დაბადებული 2017 წლის 25 აგვისტოს) სასარგებლოდ 2018 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ხელფასის ან სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, ამასთან შრომისუნარიანი მშობლის ალიმენტის მინიმლური ოდენობა თვეში განისაზღვრა ერთ ბავშვზე საშუალოდ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ით.

2. ა.ყ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით, ა. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ცნობილი იქნა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ყ-ს, დაბადებულს 1989 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ლაგოდეხის რაიონში, ა.პ.ასულ ყ-ის (დაბადებულს 1980 წლის 11 თებერვალს, მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის მაცხოვრებელს, არასრულწლოვანი შვილის ვ. ნ. ასულ ყ-ის (დაბადებული 2017 წლის 25 აგვისტოს) სასარგებლოდ 2018 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ხელფასის ან სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა, ამასთან შრომისუნარიანი მშობლის ალიმენტის მინიმლური ოდენობა თვეში ერთ ბავშვზე განისაზღვრა საშუალოდ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ისა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

4. 2022 წლის 26 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, თუ რას გულისხმობს „ნებისმიერი სახის შემოსავალი“, ამასთან თუ მოვალეს შემოსავალი არ გააჩნია, როგორ უნდა მხდეს მინიმალური თანხის დაანგარიშება აღმასრულებლის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

6. ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმეში მონაწილე მხარეებს ან აღმასრულებელს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.

7. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტებას, რომლითაც ა.ყ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ნ.ყ-ს, დაბადებულს 1989 წლის 21 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკის ლაგოდეხის რაიონში, ა. პ. ასულ ყ-ის (დაბადებულს 1980 წლის 11 თებერვალს, მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის მაცხოვრებელს, არასრულწლოვანი შვილის ვ. ნ. ასულ ყ-ის (დაბადებული 2017 წლის 25 აგვისტოს) სასარგებლოდ 2018 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად ხელფასის ან სხვა ნებისმიერი სახის შემოსავლის 25%-ის გადახდა. ამასთან შრომისუნარიანი მშობლის ალიმენტის მინიმლური ოდენობა თვეში განისაზღვრა ერთ ბავშვზე საშუალოდ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა.

8. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლო და არა საქართველოს უზენაესი სასმართლო, რომელმაც მხოლოდ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხი გადაწყვიტა „გადაწყვეტილების განმარტებას კი, ახდენს ის სასამართლო, რომელმაც იგი გამოიტანა“ (იხ: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.375).

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსთვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ განცხადება, ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული (იხ: სუსგ საქმე Nა-1994-გან-9-2021, 2021 წლის 23 აპრილის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის განცხადება, ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქალაქ სტოლბცის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ

კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე