საქმე №ას-582-2020 27 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ.ა–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 14 ნოემბრის #1633-კ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპანიის ანგარიშსწორების დეპარტამენტის საოპერაციო მხარდაჭერისა და კონტროლის სამსახურის ოფიცრის თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 16 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის სახით თვეში 1 120 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2003 წლიდან მოსარჩელე სხვადასხვა თანამდებობაბზე მუშაობდა კომპანიაში. ბოლოს დაკავებული ჰქონდა ანგარიშსწორების დეპარტამენტის საოპერაციო მხარდაჭერისა და კონტროლის სამსახურის ოფიცრის თანამდებობა. დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა 1 400 ლარს (დაუბეგრავი). მოსარჩელეს არასდროს დაურღვევია შრომის შინაგანაწესი და არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი. კომპანიიდან აქვს აღებული იპოთეკური სესხი, რომლითაც იპოთეკით აქვს დატვირთული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. მოპასუხემ იგი გაათავისუფლა სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განუმარტა, რომ რეორგანიზაციამდე მისი სამსახურის საშტატო ერთეული განისაზღვრებოდა 27-ით, რეორგანიზაციის შედეგად კი დარჩა 21 ერთეული. მოსარჩელის წერილზე, თუ რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მან, დასაქმებულს პასუხი არ მიუღია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოიშალა და რეორგანიზაციის შედეგად, რამდენადაც მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამსახურში დატოვოს თანამდებობისათვის შესაფერისი, მეტნაკლებად საუკეთესო კანდიდატურები, ანგარიშსწორების დეპარტამენტის საოპერაციო მხარდაჭერისა და კონტროლის სამსახურში შემცირდა 6 ოფიცრის შტატი, რის გამოც მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნულის თაობაზე მას დეტალურად განემარტა 2018 წლის 27 ნოემბრის წერილით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე კომპანიის ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის #1633-კ ბრძანება და დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 14 000 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე 2003 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში. ბოლოს მას, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაკავებული ჰქონდა ანგარიშსწორების დეპარტამენტის საოპერაციო მხარდაჭერის და კონტროლის სამსახურის ოფიცრის თანამდებობა. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1 400 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
1.2.2. დამსაქმებლის 2018 წლის 14 ნოემბრის #1633-კ ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ანგარიშსწორების დეპარტამენტის საოპერაციო მხარდაჭერისა და კონტროლის სამსახურში, რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა 6 ოფიცრის შტატი (ოფიცრის 27 პოზიცია შემცირდა 21-მდე). გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილი აღარ არსებობს;
1.2.3. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა არ დაკისრებია;
1.2.4. შრომითი ურთიერთობის მოშლის შემდგომ მოსარჩელე არ დასაქმებულა;
1.2.5. დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება. რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რის საფუძველზე მიიჩნია დამსაქმებელმა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები, გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების პირობებში. არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა დამატებითი მოთხოვნები წაეყენა ანგარიშსწორების დეპარტამენტის საოპერაციო მხარდაჭერისა და კონტროლის სამსახურის ოფიცერს რეორგანიზაციის შედეგად და კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 408-ე და 412-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს მხარეთა შრომით ურთიერთობაზე, რეორგანიზაციის მოტივით მის მოშლასა და დასაქმებულის გათავისუფლების არამართლზომიერებაზე, რაც შეეხება მოპასუხეს, მას ევალება ამტკიცოს, როგორც განხორციელებული რეორგანიზაციის კანონიერება, ისე _ ხსენებული მოტივით შრომითი ურთიერთობის მოშლისას საკუთარი, როგორც დამსაქმებლის უფლების განკარგვის პროპორციულობა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სარჩელის ელემენტებიდან სადავოა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერების საკითხი, რომლის მტკიცების ვალდებულება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დააკისრეს დამსაქმებელს. არც ქვემდგომი წესით საქმის განხილვისას და არც საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული მტკიცებულებებზე და არ არის მოყვანილი წონადი არგუმენტები, რომლებიც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერებას დაადასტურებდა და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, შეეფასებინა მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე მომუშავე სხვა პირებთან შედარებით რატომ, იყო გამართლებული კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლა და დაცული იყო თუ არა ამ პროცესში დასაქმებულის ინტერესები. ამ პირობებში კი, თავად სადავო ნება ეწინააღმდეგება მის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ კანონის მოთხოვნას და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია, შესაბამისად, სახეზეა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის აუცილებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად კომპანიაში შემცირდა შტატები, ხოლო, მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა აღარ არის ვაკანტური, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენა და არამართლზომიერი გათავისუფლებით გამოწვეული ზიანის ფულადი ანაზღაურების წინაპირობები აღარ არსებობს, რის გამოც, გამართლებულია კომპენსაციის დაკისრება, რომლის ოდენობაც ერთი წლის ხელფასითაა განსაზღვრული და საკასაციო საჩივარი არც ამ მხრივ არის დასაბუთებული. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ დამსაქმებელი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 14.04.2020წ. #29276 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 700 ლარის 70% _ 490 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.ბ–ს“ (ს/კ #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 14.04.2020წ. #29276 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 700 ლარის 70% _ 490 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი