საქმე №ას-217-2022 21 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ. ა.
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის და 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება ი. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ა-ნს, დამატებით, დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის -…. წლის…… დაბადებული დ. ა-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 18 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. 2021 წლის 13 დეკემბერს, ი. ლ-ის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ყადაღის დადება მოითხოვა გ. ა-ის სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, საიდენტიფიკაციო ნომრით...... მარკა: ....., მოდელი: ......, სახელმწიფო ნომრით ........
3. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გ. ა-ი 2020 წლიდან არ უხდის ი. ლ-ს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხას, რის გამოც აპელანტი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს დაუგროვდა გადასახადი სოლიდური თანხა. განმცხადებლის მტკიცებით, გ. ა-ი აპირებდა კუთვნილი ავტომანქანის გაყიდვას და საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლას, შესაბამისად იმისათვის, რათა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა არ დაკარგულიყო, მხარემ მოითხოვა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სახით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი. ლ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ა-ს აეკრძალა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების, საიდენტიფიკაციო ნომრით......მარკა: ....., მოდელი: ......, სახელმწიფო ნომრით ...... ნებიმიერი ფორმით გასხვისება და დაგირავება.
5. თბილისის სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც განმცხადებელს გააჩნდა, კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მოპასუხისთვის მოძრავი ნივთის გასხვისებისა და დაგირავების აკრძალვა, საკმარის და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა. შესაბამისად, არ არსებობდა მოძრავი ნივთის სრულად დაყადაღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი რადგან, გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, ამიტომ, თუ ამ ქონებაზე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სრულად გავრცელდებოდა, ე.ი. მოპასუხეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება და შესანახად გადაცემაც აეკრძალებოდა, ამ ქმედებას არა მხოლოდ შეეძლო მოპასუხისთვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა, არამედ მისი საქმიანობის შეწყვეტაც კი გამოეწვია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმცხადებლის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
6. 2021 წლის 21 დეკემბერს, გ. ა-ის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა. საჩივარში აღნიშნულია, რომ განმცხადების მითითება, თითქოს გ. ა-ი მასზე დაკისრებულ ალიმენტს არ იხდის და დაუგროვდა დავალიანება, სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ი. ლ-ს სასამართლოსთვის წარდგენილი არ ჰქონია. შესაბამისად, ვინაიდან გ. ა-ს არანაირი დავალიანება არ გააჩნდა საჩივრის ავტორის მიმართ, არ არსებობდა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საჩივრის ავტორი აცხადებდა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების საგანს წარმოადგენდა ისეთი მოძრავი ნივთი, რომელიც დროთა განმავლობაში ცვეთას განიცდის, ანუ დროთა განმავლობაში მცირდება მისი საწყისი ღირებულება ამიტომ, გადაწყვეტილების აღსრულების დროს სატრანსპორტო საშუალების ღირებულება, ცვეთის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუმართლებელიც კი აღმოჩენილიყო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მტკიცებულებები მომჩივანს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მათზე, ამიტომ ვერ დგინდებოდა დავალიანების არარსებობისა და ალიმენტის გადახდის ფაქტი. სასამართლომ დასძინა, რომ ქონების ცვეთას და მისი ღირებულების შემცირებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიზნებისთვის. პალატის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მხოლოდ, მოვალის ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა, სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო გახდა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენება, რომლის გაუქმებისთვის საჭირო და რელევანტური მტკიცებულებებიც, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია, რის გამოც მისი მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
8. ამავე განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებების მართლზომიერების საკითხზე, რომლებითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, გ. ა-ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების, საიდენტიფიკაციო ნომრით....., მარკა: ....., მოდელი:....., სახელმწიფო ნომრით .... ნებიმიერი ფორმით გასხვისებისა და დაგირავების აკრძალვის შესახებ.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის, თუ არა, შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
15. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად, მოსარჩელის წინაშე დავალიანების არარსებობას და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდის შესახებ ვალდებულების შესრულებას მიუთითებდა. ამ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება, რომელიმე მხარეს დაეკისროს ნეგატიური გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან ობიექტურად შეუძლებელია იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორი მასზე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა და დავალიანება არ გააჩნდა, სწორედ მას უნდა დაემტკიცებინა, რაც არ განუხორციელებია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ხსენებულ არგუმენტს არადამაჯერებლად მიიჩნევს იმის გათვალისწინებითაც, რომ განსახილველ დავაზე წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხე განქორწინებამდე იხდიდა გარკვეულ თანხებს ალიმენტის სახით, თუმცა განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, იგი ფაქტობრივად უმნიშვნელო თანხას იხდის შვილის დასახმარებლად. ამავე საქმეზე გ. ა-ის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მხარემ პრეტენზია გამოხატა მხოლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობაზე და მიზერული თანხების გადახდის ან/და თანხის გადაუხდელობის შესახებ არგუმენტის საწინააღმდეგო შედავება არ განუხორციელებია, ამასთან არც შესაბამისი თანხების გადახდის შესახებ მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც საკასაციო პალატას აფიქრებინებს, რომ საჩივრის ავტორის აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა.
16. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მითითება, მოძრავი ნივთის ცვეთის და იმ გარემოების შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისას ქონება შეიძლება იმაზე ნაკლები ღირებულების აღმოჩნდეს, ვიდრე დავალიანების ოდენობაა, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. მეტიც, უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ქონების ცვეთა, მოსარჩელის რისკია, რადგან თუ ქონების ღირებულება იმდენად შემცირდება ან გაუქმდება, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას არ ეყოფა, ამით უმთავრესად მოსარჩელე დაზარალდება. ამიტომ, სასამართლო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
17. გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერების საკითხსაც და განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი.ლ-ის წარმომადგენლის
ა. გ-ს განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ.ა-ს აეკრძალა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების, საიდენტიფიკაციო ნომრით...., მარკა:....., მოდელი: ....., სახელმწიფო ნომრით....... ნებიმიერი ფორმით გასხვისება და დაგირავება. ამავე განჩინებით ცხადი გახდა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, რომელიც თავისთავში არა მხოლოდ გასხვისების და დაგირავების აკრძალვას, არამედ დაყადაღებული ქონებით ყოველგვარი სარგებლობის შესახებ შესაძლებლობის აკრძალვასაც მოიაზრებს, არ გამოყენებულა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ გ.ა-ი უზრუნველყოფის საგანს სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა და ამიტომ, სასამართლომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის მხოლოდ ის შინაარსი გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, რომელიც ყველაზე ნაკლებად დააზარალებდა მოპასუხის სამეწარმეო ინტერესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გ. ა-ის ინტერესები სათანადოდაა დაცული და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება თანაზომიერი და პროპორციულია იმ შესაძლო შედეგისა (მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა), რაც შეიძლება დადგეს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი შედავება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდის დაშვებისათვის, რომ საქმეზე არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის და 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე