Facebook Twitter

საქმე#ას-304-2022

31 მარტი 2022 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, თმენის კომპენსაციის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

შპს "ვ-მა" სარჩელი აღძრა შპს „ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, თმენის კომპენსაციის დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ჯ-ს“ დაეკისრა შპს „ვ-ის“ სასარგებლოდ თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის სახით ერთჯერადად - 10 800 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა შპს „ვ-ის“ მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ-….,….., გამავალი შპს „ჯ-ის“ კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დემონტაჟის შესახებ.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ-ის“ წარმომადგენელმა დ. ხ-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯ-ის“ მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს "ჯ-ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თუმცა, საკასაციო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო აგვიანებს გადაწყვეტილების მომზადებას, ამიტომ ასაჩივრებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საფუძვლებზე მითითების გარეშე, კონკრეტულ საფუძვლებს დააზუსტებს მას შემდეგ, როცა შესაძლებლობა ექნება გაეცნოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები - მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. "მხარეში" იგულისხმება ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება/განჩინება (მაგალითად: მოსარჩელე, რომლის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული (იხ. სუსგ №ას-55-2020, 27 იანვარი, 2020 წელი; №ას-458-437-2015, 28 მაისი, 2015 წელი).

საკასაციო პალატა, ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, (სუსგ Nას-286-274-2015), რომ მართალია, დასახელებული მუხლი(სსსკ-ის 391-ე მუხლი) არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა, ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება, რის თაობაზეც მხარემ სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს.

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ისეთი ვითარება, როცა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაც არის გადაწყვეტილება მიღებული, რაც დაუშვებელია.

კერძოდ, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ვ-ის“ სარჩელი შპს „ჯ-ის“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, ზიანის ანაზღაურების, თმენის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დაევალა ,,ჯ-ს" საკუთარი სახსრებით განახორციელოს შპს ,,ვ-ის’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული მაღალი ძაბვის ელ. ხაზების დემონტაჟი, ასევე დაეკისრა სს ,,ჯ-ს" შპს ,,ვ-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან თმენის ვალდებულებისათვის თანხის დაკისრება 153 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, შპს „ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შპს ,,ჯ-ის“ თმენის ვალდებულებისთვის კომპენსაციის სახით 10800 ლარის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ვ-ის“ სარჩელი შპს ,,ჯ-ის“ მიმართ კომპენსაციის დაკისრების ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი ვერ იქნება საკასაციო საჩივრის საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. (საქმე №ას-1296-2021 სუსგ 16 დეკემბერი, 2021 წელი).

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შპს „ჯ-ის“ პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილ შედეგზე არ გააჩნია, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონედ ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 2591-ე და 391-ე მუხლების მიზნიდან გამომდინარე, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი