Facebook Twitter

საქმე №ას-220-2022 28 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ს–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–კო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ს–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–კოს (შემდგომ – მოპასუხე, არასრულწლოვნების ბებია, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მისთვის სამი არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ალიმენტის (ყოველთვიურად თითოეულისათვის 500 ლარის) დაკისრება მათი სრულწლოვანების მიღწევამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვების მამა პატიმარია და, ვინაიდან მას შემოსავალი არ გააჩნია, ბავშვების ბებიას - მოპასუხეს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ დასტურდება მშობლებისგან არასრულწლოვანთა მიერ სარჩოს მიღების შეუძლებლობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1198-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 1225-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ არ არსებობს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვებს ჰყავთ ჯანმრთელი და შრომისუნარიანი დედ-მამა. ამასთან, მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს აღძრული ბავშვების მამის მიმართ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის მოთხოვნით. ამ ეტაპზე საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და, შესაბამისად, არც ბავშვების მამის გადახდისუუნარობაა დადასტურებული. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ ბავშვების მამამ სასჯელაღსრულების დაწესებულება (იხ. 07.12.2021 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:18:29 წთ.) დატოვა და მშობლის ვალდებულების შესრულების დროებითი შეუძლებლობის გარემოება აღარ არსებობს.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ მშობლებისგან მიიღონ სარჩო და იქამდე, სანამ არ გადაწყდება მამის მიმართ აღძრული სარჩელის ბედი, არასრულწლოვნებისთვის მოპასუხისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი შემადგენლობა არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ (აპელანტმა) შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. კასატორის მითითებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მამის მიმართ აღძრული სარჩელის წინააღმდეგ ამ უკანასკნელმა შემოსავლის არქონაზე მიუთითა და უარი განაცხადა ალიმენტის გადახდაზე. აქედან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის დაკისრების ყველა წინაპირობა ვლინდება.

11. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არა ბავშვების მამის საპატიმროში ყოფნა-არყოფნა, არამედ ის გარემოება, რომ იგი უარს აცხადებს შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

15. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1225-ე (პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისგან), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) მუხლები.

16. კასატორი სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარისათვის (არასრულწლოვნების ბებიისათვის) ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმას და მიიჩნევს, რომ ბავშვების მამა რაკი უარს აცხადებს თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდაზე, ბავშვების ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების წინაპირობები ვლინდება.

17. საკასაციო პალატა საქმის გარემოებებიდან და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და მსჯელობას ასახულს ამ განჩინების მე-7-მე-8 პუნქტებში და დამატებით მიუთითებს, სსკ-ის 1212-ე მუხლის (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ) დანაწესი აწესებს მშობლების ვალდებულებას, არჩინონ საკუთარი შვილები. რჩენის ეს ვალდებულება წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის ვალდებულებას - მშობლებს ეკისრებათ არა მხოლოდ შვილის პიროვნებაზე ზრუნვა, არამედ ასევე მისთვის სარჩოს მიცემა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები სრულწლოვანებამდე. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. მშობლები თუ ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე დავას გადაწყვეტს სასამართლო. სსკ-ის 1214-ე მუხლში მოცემულია ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას. ამ მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა დადგინდეს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ბავშვის, ისე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა. სასამართლოს უმთავრესი ამოსავალი წერტილია ბავშვის საჭიროებები და მისი საუკეთესო ინტერესები. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი წესის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები გადაწონის ყველა სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის თუ მესამე პირთა ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლის რეალურ შემოსავალს, როგორც უკვე აღინიშნა, თავად შემოსავლის არარსებობა არ განაპირობებს საალიმენტო ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია მყარი ფინანსური მდგომარეობა და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. ამ თვალსაზრისით შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და თუკი მშობელი შრომისუნარიანია, მას ყოველთვის გააჩნია შვილის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის ვალდებულება. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

18. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 1225-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში) შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას შვილიშვილების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და, ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას, ანუ პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულება არის სუბსიდიური და წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ შვილიშვილს არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისგან (იხ. მუხლის კომენტარი).

19. საკასაციო პალატის განმარტებით, ქართული კანონმდებლობა, ცალკე დანაწესს არ ითვალისწინებს საალიმენტო მოთხოვნათა რანგისთვის. ეს წესი შესაბამის კონკრეტულ მოთხოვნებთანაა მიბმული. მაგალითად, როგორც აღინიშნა, პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილის რჩენის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, თუ მას არ შეუძლია მიიღოს ალიმენტი საკუთარი მშობლებისგან, რაც წარმოადგენს მათი მოთხოვნის რიგის განმსაზღვრელ დათქმას. ზოგადად, საალიმენტო მოთხოვნათა რანგის მიხედვით, აღმავალი ხაზის ნათესავების რიგითობას მშობელთა საალიმენტო ვალდებულება წინ უსწრებს პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულებას. თუ წინა რიგის ალიმენტის მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ან მის მიმართ შეუძლებელია სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელება, მას ანაცვლებს შემდეგი რიგის მოვალე, რისი გათვალისწინებითაც გამოდის, რომ ბებია და პაპა მხოლოდ მაშინ არიან პასუხისმგებლები, როდესაც მშობლებს სარჩოს მიცემა შვილებისათვის არ შეუძლიათ. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოსარჩელეზეა და მან უნდა წარმოადგინოს სსკ-ის 1225-ე მუხლით განსაზღვრული კუმულაციური პირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).

20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ, მშობლებისგან მიიღონ სარჩო. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ბავშვების მამის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვების მამას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 270 ლარი, 2021 წლის 14 აპრილიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, შესაბამისად, ბებიისათვის საალიმენტო ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა მოცემულ ეტაპზე არ არსებობს. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ბავშვების მამისათვის დაკისრებული ალიმენტის აღსრულების შეუძლებლობაზე, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კანონიერია. ნიშანდობლივია, რომ ბავშვების მამამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და მისი, როგორც მშობლის ვალდებულების შეუსრულებლობის გარემოება არ არსებობს და შვილებისადმი არსებული თავისი კანონიერი თუ მორალური ვალდებულებების გათვალისწინებით, მისთვის შვილების რჩენა ხელმისაწვდომი და ობიექტურადაც შესაძლებელია. ამასთან, ეს უკანასკნელი ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში სწორედ იმ გარემოებას მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო, ალიმენტის გადახდას ვერ შეძლებდა, თუმცა დასძენდა ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულების სრულად შეგნებაზეც. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების დედაც სრულიად ჯანმრთელი და შრომისუნარიანია. ამჟამად, უმუშევარია, თუმცა ეს არ გამორიცხავს მისი მხრიდან სამომავლოდ დასაქმებისა და შვილებზე ზრუნვის მოვალეობის სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობას, რისი გათვალისწინებითაც, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს მოპასუხისათვის (ბებიისათვის) საალიმენტო ვალდებულების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან გამოვლენილი არ არის სსკ-ის 1225-ე მუხლის წინაპირობა - ბავშვების მიერ მშობლებისგან სარჩოს მიღების შეუძლებლობა.

21. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტს, რომ ბავშვების მამა უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია, არ იზიარებს. ამ გარემოების არსებობის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატის მითითებით, პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბავშვების მამისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისას, გადაწყვეტილების აღსრულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის ფარგლებში მოხდება, ამასთან, სსკ-ის 1225-ე ნორმა გულისხმობს არა იმ შემთხვევას, როცა მშობელი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას, არამედ - როცა მისგან ალიმენტის მიღება შეუძლებელია.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1641-1631-2011, 2012 წლის 20 იანვრის განჩინება; №ას-74-407-09, 2009 წლის 23 ივლისის განჩინება).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე