საქმე №ას-456-2021 22 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ–ი, ხ.წ–ნი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.12.2019 წლის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ის და ხ.წ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე", „მეორე მოსარჩელე", ერთად მოხსენიებული როგორც „მოსარჩელეები“ ან „დასაქმებულები“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან "კასატორი") 23.02.2018 წლის ბრძანებები მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის კომპენსაციის, 28 000 ლარის და გამოუყენებელი შვებულების - 2800 ლარის ანაზღაურება. სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. პირველი მოსარჩელე 2009 წლიდან 2018 წლამდე უწყვეტად მუშაობდა მოპასუხესთან სხვადასხვა პოზიციაზე. 2013 წლიდან, კონკურსის საფუძველზე, იგი დაინიშნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების იურისტის, ხოლო 12.08.2016 წლიდან - სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. 02.10.2017 წლის ბრძანებით პირველი მოსარჩელე დაინიშნა სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 26.01.2018 წლის N260.011802616 ბრძანებით მის თანამდებობად განისაზღვრა სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი). თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 2800 ლარს. სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსის შვებულების პერიოდში პირველი მოსარჩელე ასრულებდა განყოფილების უფროსის მოვალეობას.
1.2. მეორე მოსარჩელე 02.08.2007 წლიდან 23.02.2018 წლამდე უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 14.05.2009 წლიდან მეორე მოსარჩელეს - არქიტექტურის სამსახურის მარჯვენა სანაპიროს სანებართვო განყოფილების სპეციალისტს, დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლეგალიზების განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება. 24.11.2009 წლის ბრძანებით იგი დაინიშნა ლეგალიზების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 26.01.2018 წლის ბრძანებით მის თანამდებობად განისაზღვრა განყოფილების უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი). თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 2800 ლარს.
1.3. მოსარჩელეები გაფრთხილებულები იყვნენ სამსახურში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებისა და შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
1.4. 23.02.2018 წლის Nბ60.011805411 და Nბ60.011805423 ბრძანებებით, მიმდინარე რეორგანიზაციის (საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) საფუძვლით, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და მიეცათ კომპენსაცია ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 20.11.2017 წლის N43.03.841 განკარგულებით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.11.2017 წლის N44.15.865 განკარგულებით, საკრებულოს წინადადება წარედგინა მოპასუხის რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 05.12.2017 წლის N52 განკარგულებით საკრებულომ გადაწყვიტა: მოპასუხის რეორგანიზაციის დაწყება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მოპასუხის უფროსის 12.12.2017 წლის N60გ.01173461 ბრძანებით, დასაქმებულ პირებს ეცნობათ რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
1.6. მოსარჩელეებს, გათავისუფლებამდე არ უსარგებლიათ 2018 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით.
1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 26.01.2018 წლის N260.01180261 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, არქიტექტურის სამსახური დაკომპლექტდა 147 საშტატო ერთეულით, მათ შორის გათვალისწინებული იქნა: ა) სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება, 5 შტატით - განყოფილების უფროსის (პირველი მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა) 1 და უფროსი სპეციალისტის 4 შტატი, ბ) სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება - 12 შტატით, 1 - განყოფილების უფროსი, 1 - ჯგუფის უფროსი და 10 - უფროსი სპეციალისტი. გ) ლეგალიზაციის განყოფილების 8 შტატით - 1 განყოფილების უფროსი (მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა) და 7 უფროსი სპეციალისტი. საშტატო ნუსხის დამტკიცებიდან ერთ თვემდე ვადაში, მოპასუხის უფროსის 23.02.2018 წლის ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა სულ 93 შტატი, ანუ შტატები შემცირდა 54 ერთეულით. თანამდებობრივი სარგო 260 450 ლარიდან შემცირდა 87 850 ლარით და განისაზღვრა 172 600 ლარით. აღნიშნული საშტატო ნუსხით, სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება გაერთიანდა, შეიქმნა იურიდიული განყოფილება, რომლის საშტატო ერთეულთა რაოდენობა ჯამში განისაზღვრა 12-ით, მათ შორის, 1 - განყოფილების უფროსის, 1 - ჯგუფის უფროსის და 10 - უფროსი სპეციალისტის შტატით. ლეგალიზების განყოფილების უფლება-მოვალეობების განხორციელება დაევალა ახლადშექმნილ საინჟინრო განყოფილებას, რომლის საშტატო ერთეულთა რაოდენობა ჯამში განისაზღვრა 9 ერთეულით, მათ შორის, 1 - განყოფილების უფროსისა და 8 - უფროსი სპეციალისტის შტატით.
1.8. სასამართლომ გამოიკვლია მოპასუხის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014 წლის და 16.02.2018 წლის დადგენილებებში ასახული გაუქმებული, ასევე ახლადშექმნილი განყოფილებებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებები, ფუნქციები და დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე ლეგალიზების განყოფილება, რომელთა უფროსის თანამდებობებს იკავებდნენ მოსარჩელეები, ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული არ არის, თუმცა ამ განყოფილებების ფუნქციები გადაეცა სასამართლოებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილებისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ნაცვლად შექმნილ იურიდიული განყოფილებას და ლეგალიზების განყოფილების ნაცვლად შექმნილ საინჟინრო განყოფილებას.
1.9. იურიდიული განყოფილების და საინჟინრო განყოფილების უფროსის თანამდებობები არ არის ვაკანტური.
1.10. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ რეორგანიზაცია არის დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, მოყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი. ამასთან, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. რეორგანიზაციის რეალურად განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია დაასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა.
1.11. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას, ფინანსური მდგომარეობის, ან/და სხვა გარემოების გათვალისწინებით, აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის შემცირება განპირობებული იყო ფინანსური მდგომარეობით ან სხვა აუცილებლობით, თუ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციას. დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ მიღებული იქნა ამგვარი ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული კონკრეტული განყოფილებების გაუქმება და მათ ნაცვლად ახლის შექმნა, მით უფრო, ისეთ პირობებში, რომ სამსახურს ისევ გააჩნია ის ფუნქციები, რომლის განხორციელება გაუქმებული განყოფილების უფლებამოსილებებს განეკუთვნებოდა და ამ ფუნქციების შესრულება ახალი სახელწოდებით შექმნილ განყოფილებებს დაევალა. დამსაქმებელი ვალდებულია საფუძვლიანად დაასაბუთოს დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობა, დამაჯერებლად დაამტკიცოს, რომ დასაქმებულების შემცირება კონკრეტული ობიექტური აუცილებლობით არის გამოწვეული, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
1.12. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობების არსებობისას, უნდა დასტურდებოდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებს, ქცევის წესს ან კვალიფიკაციას, დამსაქმებლის მიერ არჩევანის გაკეთებისას გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით ხელმძღვანელობას, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს. მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს დაწესებულების თუ სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.
1.13. მოპასუხემ მეორე მოსარჩელესთან მიმართებაში განმარტა, რომ საინჟინრო განყოფილების ჩამოყალიბების შემდეგ დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, საინჟინრო განყოფილების უფროსს მოეთხოვება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი: სპეციალობა-მშენებლობა, კვალიფიკაცია - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა. მეორე მოსარჩელეს, რომელიც სპეციალობით არქიტექტორია, არ აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო მიმართულებით, რაც გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი 23.02.2018წ. ბრძანების დანართით N1 ირკვევა, რომ საინჟინრო განყოფილების უფროსს, სხვადასხვა სამართლებრივი აქტების ცოდნასთან ერთად, მოეთხოვება სპეციალური საგანმანათლებლო ხარისხი: მშენებლობის სპეციალობა, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის კვალიფიკაცია. ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის, რომელთა რიცხვი საშტატო ნუსხის თანახმად, განსაზღვრული იქნა 8 ერთეულით, დასაშვებია როგორც მშენებლობის, ისე არქიტექტურის სპეციალობა, კვალიფიკაციით როგორც ინჟინერი ასევე არქიტექტორი. ასეთ პირობებში კი, როდესაც ლეგალიზების განყოფილების ფუნქციების განხორციელება საინჟინრო განყოფილებას გადაეცა, არ დგინდება, რა აუცილებლობით იყო განპირობებული საინჟინრო მიმართულებით სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება, ან მოსარჩელის კვალიფიკაციისა და მისი ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, რატომ იყო შეუძლებელი განყოფილების საქმიანობის წარმართვა.
1.14. სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი, თუ იგი დასაბუთებული არ არის კონკრეტული მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით დასაქმებულთა შერჩევა, მოსარჩელეთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, არაკომპეტენტურობა, რის გამოც, ისინი ვერ დააკმაყოფილებდნენ დაწესებულ მოთხოვნებს. დამსაქმებელს კვალიფიციური, ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებისთვის შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით არ შეუთავაზებია სხვა, თუნდაც უფრო დაბალ პოზიციაზე დასაქმება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიული გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელეთა გათავისუფლების კანონიერება და ბათილად ცნო მოპასუხის 23.02.2018 წლის ბრძანებები მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ.
1.15. სასამართლომ სშკ-ის 38.8 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მხარე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს. აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე გადადის მტკიცების ტვირთი, მიუთითოს და დაამტკიცოს, თუ რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა. ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ამ გარემოების მტკიცების ტვირთი დასაქმებულებს ეკისრებათ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვენ ტოლფას თანამდებობაზე, პირველი მოსარჩელე - იურიდიული განყოფილების უფროსის, ხოლო მეორე მოსარჩელე - საინჟინრო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენას. მოპასუხე ადასტურებს და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობები თავისუფალი არ არის. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა ისე, რომ არ შეილახოს სხვა პირის უფლებები, რომელიც შესაბამის პოზიციას იკავებს ლეგიტიმურად, არ არსებობს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაუშვებელია დამსაქმებლის იძულება, შექმნას დამატებითი საშტატო ერთეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელების მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან, მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, მათ უნდა აუნაზღაურდეთ შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ ოდენობად საქმის ფაქტობრივი გარემოებების - ხელფასის ოდენობის, მოსარჩელეთა კვალიფიკაციისა და დასაქმების პერსპექტივის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს მიღებული აქვთ ერთი თვის კომპენსაცია, განისაზღვრა თითოეულისათვის 10 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის შესაბამისი თანხა, 28 000 ლარი.
1.16. სშკ-ის 21-ე მუხლი ადგენს დასაქმებულის უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 კალენდარული დღით. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელეებს წარმოშობილი ჰქონდათ ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება. მოსარჩელეებს 2018 წელს არ ჰქონდათ გამოყენებული კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2018 წელს გამოუყენებელი შვებულების, 24 სამუშაო დღის ფულადი ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისათვის 2800 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ბრძანებების ბათილად ცნობის და კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხის რეორგანიზაციის და მოსარჩელეების მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდნენ თუ არა მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობებიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
9. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება მის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
10. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ. №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
11. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაანაწილეს მტკიცების ტვირთი.
12. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
13. დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელეების განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელეების გათავისუფლების თაობაზე.
14. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-955-2020, 09.12.2021წ.; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელეთა გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
16. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; Nას-395-2019, 27.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. Nას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია - 28 000 ლარი, როცა მოსარჩელეთა ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2 800 ლარს, გონივრულია.
17. „ევროპის სოციალური ქარტია“ (საქართველოში ძალაშია 01.10.2005წ.-დან) აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა, შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, უფლებას შვებულებაზე და სხვა. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის (ILO N52 კონვენცია (შემდეგში კონვენცია)) (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995 დადგენილებით, ძალაშია 22.06.1997წ.-დან) დებულებების თანახმად, ყოველ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით. კონვენციის მე-6 მუხლი ასევე ითვალისწინებს დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულისთვის გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციით ანაზღაურების წესს (სუსგ №ას-836-1122-09, 26.03.2010წ.).
18. სშკ-ის 21-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელეებს ჰქონდათ ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება, თუმცა ეს უფლება არ გამოუყენებიათ. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2800 ლარის ოდენობით.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით) შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3080 ლარს. კასატორის მიერ გადახდილია 3272,40 ლარი. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი 192.4 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 3080 ლარის 70% – 2156 ლარი, საერთო ჯამში – 2348.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ: 2052700..) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3272.40 ლარიდან (საგადახდო მოთხოვნა №00537, გადახდის თარიღი 29.04.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 192.4 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 3080 ლარის 70% – 2156 ლარი, საერთო ჯამში – 2348.4 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე