Facebook Twitter

№ას-674-674-2018 9 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლ. მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ქ–ი (შემდეგში - მამკვიდებელი) გარდაიცვალა 2009 წლის 13 თებერვალს.

2. გარდაცვალების მომენტისათვის მას დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილი - ლ.ქ–ი (შემდეგში - მოპასუხე, მამკვიდრებლის შვილი) და 2003 წლის 25 ივნისს გარდაცვლილი შვილის, ე.ო–ის შვილები, ლ. (შემდეგში - მოსარჩელე, მამკვიდრებლის შვილიშვილი) და ლ.ქ–ები (შემდეგში - მოსარჩელის ძმა, მამკვდირებლის შვილიშვილი). მამკვიდრებელი მეუღლესთან, ყ.ო–თან (შემდეგში - მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლე, მოპასუხის მამა) განქორწინებული იყო 1986 წლიდან.

3. მამკვიდრებლის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ...... #20-ში მდებარე ბინა N171 (შემდეგში - სადავო/სამკვიდრო ქონება). უძრავი ნივთის შეძენის საფუძველია 2000 წლის 12 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

4. 2015 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხემ, როგორც მამკვიდრებლის შვილმა, საკუთრებაში სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება, რის საფუძველზეც სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე. მითითებულ სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადება მოპასუხემ წარადგინა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში.

5. 2016 წლის 11 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს მამამ აჩუქა თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების კუთვნილი ½ ნაწილი, რაც საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.

7. მოსარჩელის მოთხოვნა:

7.1. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და სადავო საკვიდრო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე, რძალსა და შვილიშვილებთან ერთად თბილისში, ....... მდებარე ბინაში ცხოვრობდა, სადაც განთავსებული იყო, მამკვიდრებლის მიერ შეძენილი მოძრავი ნივთებიც. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მან მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების (კერძოდ, ე.წ. ,,დესაუს“, ,,გორკის“, მაგიდის, 4 სკამის, 2 საწოლის, ტანსაცმლის ორი კარადის, 2 ტუმბოს, 2 დივნის, ჭაღისა და ზოგიერთი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების) ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო სამკვიდრო ქონება.

8. მოპასუხის პოზიცია:

8.1. მოპასუხემ ერთდროულად მოთხოვნის გამომრიცხველი და შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია სამკვიდრო - არც მოძრავი და არც უძრავი ქონება, რამდენადაც სარჩელში მითითებული ქონება არ წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას. მოპასუხის მითითებით, თბილისში, ....... მდებარე ბინაში განთავსებული ავეჯი და მოძრავი საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი სახლის მესაკუთრე ყ.ო–ს მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, ხოლო ნაწილი თავად მოპასუხემ შეიძინა. მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოსარჩელე სადავო სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1336-ე,1421-ე–1451-ე მუხლებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე, როგორც პირადად, ასევე, კანონიერი წარმომადგენლის, დედის - ვ.ჟ–ას საშუალებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას - ქ.თბილისში, ....... განთავსებულ მოძრავ, საყოფაცხოვრებო ნივთებს.

10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:

10.1 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები:

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დავაზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

11.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით, დადასტურებული იყო გარდაცვალებამდე მამკვიდრებლის რეგისტრაციის ფაქტი თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონების მისამართზე. ამ ფაქტზე დაყრდნობით, პალატამ ივარაუდა, რომ მამკვიდრებლის საცხოვრებელს წარმოადგენდა სწორედ მისი რეგისტრაციის ადგილი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მამკვიდრებლის რეგისტრაციის ადგილი მის მუდმივ საცხოვრებელს არ წარმოადგენდა, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს დავაზე არ წარმოუდგენია. პალატამ მამკვიდრებლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გაითვალისწინა მოწმეების - ზ.პ–სა და ე.კ–ას ჩვენებებიც. პალატის მითითებით, მამკვიდრებელი დასაქმებული იყო და ჰქონდა შემოსავალი, შესაბამისად, ამ გარემოებისა და რეგისტრაციის მისამართზე მამკვიდრებლის 14 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტზე დაყრდნობით, სავარაუდო იყო, რომ ის მოძრავი ნივთები, რომელთაც მამკვიდებლის გარდაცვალების შემდეგ იმავე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები მოსარჩელე დაეუფლა, მამკვიდრებელს ეკუთვნოდა. პალატის განსჯით, მართალია, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ......... ბინაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები მამკვიდრებელმა შეიძინა, საქმეში არ მოიპოვებოდა, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა არც ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთების მესაკუთრეს მოპასუხე ან ყ.ო–ი წარმოადგენდნენ.

11.3. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოცემულ დავაზე უნდა გავრცელებულიყო 1450-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სპეციალური - 2-თვიანი ვადა. სააპელაციო პალატამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ სამკვიდროს დასაკუთრების შესახებ შეიტყო 2016 წლის 9 იანვარს, ხოლო მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების დავა წამოიწყო 2016 წლის 12 იანვრიდან, სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით იყო შეტანილი.

12. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:

12.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12.2. საკაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

12.2.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მამკვიდრებლის კონკრეტული ქონების მისამართზე რეგისტრაციის ფაქტის საფუძველზე არასწორად დაადგინა, მამკვიდრებლისა და მოსარჩელის ერთად ცხოვრებისა და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. კასატორის განმარტებით, ამა თუ იმ პირის რეგისტრაციის მისამართი შესაძლებელია, განსხვავდებოდეს მისი ფაქტობრივი საცხოვრებლისგან და მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტზე დაყრდნობით, არ შეიძლება სასამართლომ დაადგინოს პირის კონკრეტულ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების ფაქტი. კასატორის განმარტებით, მისი მშობლები განქორწინებული იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებელი რეგისტრირებული იყო ყოფილი ქმრის საკუთრებაში რიცხული ქონების მისამართზე - ...... მდებარე ბინაში, ფიზიკურად მამკვიდრებელი (კასატორის დედა) მასთან (კასატორთან) და არა მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა.

12.2.2. კასატორის განსჯით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ მამკვიდრებელი ფაქტობრივად ცხოვრობდა იურიდიული რეგისტრაციის მისამართზე, მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ....... მდებარე ბინაში (რეგისტრაციის მისამართზე) გარკვეული ნივთების მამკვიდრებლის საკუთრებაში ქონა და სამკვიდროს სახით მოსარჩელის მიერ ამ ნივთების დაუფლება, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ მტკიცდება. კასატორის განმარტებით, თბილისში, ......... მდებარე საცხოვრებელი ბინა მამკვიდრებლის ყოფილმა მეუღლემ მიიღო მემკვიდრეობით და იქ არსებული ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების 90% სწორედ მამკვიდირებლის ყოფილ მეუღლეს ეკუთვნოდა, ხოლო ნაწილი თავად კასატორის მიერ იყო შეძენილი.

12.2.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად აითვალა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაც. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2015 წლის 22 დეკემბერს იცოდა მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში 2016 წლის მარტში, სსკ-ის 1450-ე მუხლით გათვალისწინებული 2 თვიანი ვადის დარღვევით წარადგინა.

12.2.4. სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა სადავო ქონების ½ წილი, მაშინ, როდესაც, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და ითხოვდა ¼ წილს, გარდა ამისა, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, როდესაც გადაწყვეტილებით დაადგინა ქონების ½ წილის მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვა. მოსარჩელეს ასეთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაუყენებია.

12.2.5. კასატორი მოითხოვს მტკიცებულების (საჯარო რეესტრის ამონაწერის, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ ლ.ქ–მა 2015 წლის 22 დეკემბერს იცოდა ლ.ქ–ის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე) მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმებას და საქმისათვის მტკიცებულებების დართვას.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,ა'' და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

15. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იმ საკითხის გარკვევა, მოსარჩელემ მიიღო თუ არა სამკვიდრო ქონება მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლებით, რა მიზნითაც განსაკუთრებულ სამართლებრივ დატვირთვას იძენს მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მამკვიდრებლის საკუთრებაში მოძრავი ქონების არსებობისა და მათი მოსარჩელის მიერ დაუფლების ფაქტის დადგენა. კასატორის განცხადებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რომ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე არ დაუდგენია მამკვიდრებლისა და მოსარჩელის (მემკვიდრის) თანაცხოვრებისა და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს კანონით განსაზღვრულ ვადაში მიღების ფაქტი. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორის ეს პრეტენზია ნაწილობრივ გასაზიარებელია, რასთან დაკავშირებითაც ამ განჩინების ფარგლებში პალატა დეტალურად იმსჯელებს.

16. უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.I-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები . . . ), 1421.2-ე (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1421.3-ე (თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები. სწორედ მითითებულ ნორმათა შემადგენლობის განხორციელებაზეა დამოკიდებული ხელყოფილი საკუთრების უფლების რესტიტუცია.

17. სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედებების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება.

18. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

19. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2009 წელს, მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე და მისი ძმა წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლებით მამის წილზე. მემკვიდრეთა შორის სადავო არაა ის ფაქტი, რომ ნოტარიუსისადმი მიმართვის გზით სამკვიდრო ქონება მხოლოდ მოპასუხემ მიიღო, არასრულწლოვანი მოსარჩელის სამკვიდრო წილის მისაღებად მის კანონიერ წარმომადგენელს (დედას) ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს.

20. განსახილველი დავის მთავარ ქვაკუთხედს მამკვიდრებლის სამკვიდროს მასის განსაზღვრა და მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების დადგენა წარმოადგენს. მოსარჩელე სამკვიდროს მიღებას მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების ფაქტობრივ დაუფლებას უკავშირებს, თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა, როგორც მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ისე იმ მოძრავი ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების ფაქტი, რომელთა დაუფლებასაც მოსარჩელე სამკვიდროს მიღებისაკენ მიმართული ცალმხრივი ნების გამოვლენას უკავშირებს. ამ საკვანძო გარემოების გამორკვევის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

● მამკვიდრებლის ქონებას და, აქედან გამომდინარე, სამკვიდრო მასას შეადგენს - ქ.თბილისში, ......... მდებარე ბინა N171;

● მოსარჩელე მშობლებთან და ძმასთან ერთად, როგორც მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრობდა თბილისში, ..... მდებარე ბინაში, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ირიცხებოდა მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში;

● მამკვიდრებელი მეუღლესთან 1986 წელს განქორწინდა, თუმცა განქორწინების შემდგომ 1995 წლიდან რეგისტრირებულია ყოფილი მეუღლის საკუთრებაში რიცხული ბინის იურიდიულ მისამართზე.

20.1. საკასაციო პალატა ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმეზე გამორკვეული გარემოებები არ ქმნის მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრის შესაძლებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელი მეუღლესათან განქორწინებული იყო, გარკვეულწილად აქარწყლებს ყოფილ მეუღლეთა შემდგომი ერთობლივი თანაცხოვრების პრეზუმფციას. განქორწინების შემდგომ, მამკვიდრებლის მიერ მის მეუღლესთან ფაქტობრივი თანაცხოვრების აღდგენის ფაქტი კი, რაც ახსნიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მამკვიდრებლის ცხოვრებას, სასამართლოს დავაზე არ გამოურკვევია. საკასაციო პალატის შეფასებით, დავის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლო მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნებისათვის არასწორად დაეყრდნო თბილისში, ......... მდებარე მისამართზე მისი რეგისტრაციის ფაქტს. პირს გააჩნია უფლებამოსილება, რეგისტრაცია განახორციელოს როგორც საცხოვრებელ, ისე სხვა ადგილზე. რეგისტრაციის ადგილის განსაზღვრა პრაქტიკულ დანიშნულებას, უპირველეს ყოვლისა, საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების დროს პოვებს... რეგისტრაციის განხორციელება ავტომატურად არ წარმოშობს პირის საცხოვრებელი ადგილის დაფუძნებას. (სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის კომენტარი, სერგი ჯორბენაძე. 16-165 გვ; http://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-civil_code_comm_I_Book.pdf ).

20.2. წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების დასადგენად, აპრიორი, სამართლებრივი დატვირთვა აქვს მამკვიდრებლის უკანასკნელი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, რომელიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს რეგისტრაციის მისამართისაგან. შესაბამისად პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ემთხვევა თუ არა მისი რეგისტრაციის მისამართს, ესეც სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებათა წრეს განეკუთვნება. საკასაციო პალატის განსჯით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მამკვიდრებელი რეგისტრირებული იყო კონკრეტულ მისამართზე, არ იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს სწორედ ეს ბინა წარმოადგენდა.

20.3. უშუალოდ მოსარჩელის მიერ დასახელებული მოძრავი ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფაქტს მასზედ, რომ სადავო მოძრავი ნივთები მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლის (მოსარჩელის ბაბუის) საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 151 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მის საკუთვნებელს (საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.). სასამართლოს განმარტებით, საკუთვნებლის თვისება ისაა, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. მოსარჩელის მტკიცებით, ის დაეუფლა შემდეგ ნივთებს: ე.წ. ,,დესაუს“, ,,გორკას“, მაგიდას, 4 სკამს, 2 საწოლს, ტანსაცმლის ორი კარადას, 2 ტუმბოს, 2 დივანს, ჭაღსა და ზოგიერთ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. საკასაციო პალატის შეფასებით, თავად ამ ნივთების ჩამონათვალთა რაობა, ფუნქციური (საერთო სამეურნეო) დანიშნულებაც კი, მეტყველებს მის სამართლებრივ დატვირთვაზე. მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას განთავსებული მოძრავი ნივთები განკუთვნილია მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. მოსარჩელემ ამ ნივთების გარდა მიუთითა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დაუფლებაზეც, თუმცა არ დაუკონკრეტებია მათი დასახელება, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია შესაძლებელია თუ არა ამ ნივთებს შორის ყოფილიყო ისეთი მოძრავი საგნებიც, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო მიგვეჩნია მამკვიდრებლის პირად/ინდივიდუალურ საკუთრებად. ამრიგად, მოძრავი ნივთების მესაკუთრის პრეზუმფცია ბინის მესაკუთრის -მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლის სასარგებლოდ მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით შემცილებელი პირი გააქარწყლებს ამ პრეზუმფციას და დაადასტურებს კონკრეტულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების არა ბინის მესაკუთრის, არამედ სხვა პირის მიერ ქონას. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში განმტკიცებული მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, მოსარჩელეს ევალებოდა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების (ბებიასთან თანაცხოვების, მამკვიდებლის საკუთრებაში მოძრავი ნივთების არსებობისა და მათი სამემკვიდრეო სამართლით დადგენილი წესების დაცვით მოსარჩელის მიერ დაუფლების) დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებებისა წარმოდგენა და ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლება, სააპელაციო სასამართლოს კი, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სამკვიდროს მიღება/არმიღების ფაქტის დადგენა და სამართალურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა.

20.4. მოძრავ ნივთებზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლების დადასტურების თვალსაზრისით, ცალკე აღნიშვნის ღირსია საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებები, რომელიც წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, ერთ-ერთი მოწმის მონათხრობით, ის შეესწრო გარკვეული ავეჯის გადმოტვირთვას და ......... მდებარე ბინაში შეტანას, თუმცა მოწმე ვერ ადასტურებს მამკვიდრებლის მიერ ამ ნივთების შეძენის ფაქტს, სხვა მოწმის მითითებით კი, სადავო ნივთები მოპასუხემ შეიძინა, თუმცა მოწმე დაზუსტებით ვერ აკონკრეტებს, თუ სად (რომელ ბინაში) უნდა განთავსებულიყო შეძენილი ქონება. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს და მათ საფუძველზე სადავო საკითხს სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს. საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა გამოაქვს.

20.5. სადავო საკითხის სრულყოფილად გასაანალიზებლად, უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მეუღლის ბინაში მამკვიდრებლის გარკვეული დროით/პერიოდულად დარჩენის/ცხოვრების ფაქტს მოპასუხე არ თვლის სადავოდ. რა თქმა უნდა, გარკვეული სიხშირით მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას ბებიის მისვლისა და, დარჩენის/ცხოვრების პირობებშიც სავარაუდოა, რომ მამკვიდრებელს მის „პერიოდულ საცხოვრებელ ადგილას“ ჰქონოდა პირადი მოხმარების მოძრავი ნივთები განთავსებული (რამდენადაც ეს ქმედება არ იყო ერთჯერადი და ჰქონდა პერიოდული ხასიათი გარკვეული სიხშირით), რომელთა დაუფლება განიხილება სამკვიდროს მიღებად, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რა სახის მოძრავი ნივთების დაუფლებაზე აპელირებს მემკვიდრე. ძნელად წარმოსადგენია მამკვიდრებელს სოლიდური ღირებულების საერთო-სამეურნეო დანიშნულების მოძრავი ნივთები განეთავსებინა არა საკუთარ, არამედ ყოფილი მეუღლის ბინაში, სადაც ის გარკვეული პერიოდულობით რჩებოდა, ხოლო სულ სხვა საკითხია, როდესაც პირი გარკვეული სიხშირით და დროით ცხოვრობს სხვის საკუთრებაში რიცხულ ბინაში, სადაც სავარაუდოა, რომ მას განთავსებული აქვს გარკვეული პირადი ნივთებიც. ასეთი ნივთების დაუფლებაზე მოსარჩელის მითითება საქმის მასალებით არ დასტურდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მამკვიდრებლის ყოფილმა მეუღლემ ბინა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო, რა დროსაც პრეზუმირებულია, რომ მემკვიდრემ ბინა, რომელშიც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა მასში განთავსებულ ავეჯთან ერთად მიიღო, რაც კიდევ უფრო ართულებს და მამკვიდრებლის მიერ სამეურენო დანიშნულების ნივთების მესაკუთრეობის დასადგენად მტკიცების მაღალ სტანდარტს მოითხოვს.

20.6. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს ზემოთ განხილული (იხ. წინამდებარე განჩინების 20.1-20.5 პუნქტები) იურიდიული ნიუანსების გათვალისწინებით, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში რიცხულ ბინაში განთავსებული სადავო მოძრავი ნივთები ეკუთვნოდა თუ არა მამკვიდრებელს.

21. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ სამკვიდროს გახსნისა და მიღების 6-თვიან დროის ინტერვალში მოსარჩელე, ისევე როგორც სამემკვიდრეო უფლების მქონე მისი ძმა არასრულწლოვან (12 და 9 წლის) პირებს წარმოადგენდნენ. ასეთ შემთხვევაში კი, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების თანახმად, მემკვიდრე სამკვიდროს იღებს მისი კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით (სსკ-ის 1422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით). სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების საკითხის ხელახლა გამოკვლევისას სწორედ ამ საკანონმდებლო დანაწესით უნდა იხელმძღვანელოს და გამოარკვიოს არამხოლოდ მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი და მის საკუთრებაში მოძრავი ნივთების არსებობის ფაქტი, არამედ მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელის სამემკვიდრეო უფლებების დაცვისაკენ მიმართული ღონისძიებები (ქონების ფაქტობრივი დაუფლება). სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ დროში მომჩივანი პირის არსრულწლოვანების ფაქტის არსებობის პირობებში, სამკვიდროს დაუფლების კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შემოწმება სამართლის საკითხია.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი მემკვიდრის ინტერესების დაცვასთან მიმართებით სამოსამართლო სამართლის ფარგლებში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, (იხ. სუსგ. საქმე Nას-283-268-2017, 7.07.17; Nას-4-4-2016, 11.07.16; Nას-177-167-2011; 7.07.11წ.) კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის სამკვიდრო ქონებისადმი გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადა სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან აითვლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დავა კომპლექსურად უნდა განიხილოს, რა დროსაც ზემოხსენებული ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს.

22. საკასაციო პალატის განსჯის საგანს განეკუთვნება სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელის მოთხოვნისა და დავის მიმართ იურიდიული ინტერესის ფარგლების განსაზღვრაც. სადავო არაა, რომ მამკვიდრებელს დარჩა სამი მემკვიდრე, მოპასუხე და გარდაცვლილი შვილის შვილები წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლებით. შესაბამისად, სამკვიდრო მასიდან მოსარჩელემ და მისმა ძმამ მოიპოვეს სამკვიდრო ქონების ½-ის კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით მიღების უფლება, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა დამოკიდებული იყო სამკვიდროს მიღებისაკენ მიმართულ მემკვიდრის ნების გამოვლენაზე, არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში კი, მათი კანონიერი წარმომადგენლის ქმედებებზე. თავის მხრივ, გარდაცვლილი მემკვიდრის ქონებაზე თანაბარი უფლებები წარმოეშვათ მის მემკვიდრეებს, შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო პრეტენზია გამოეთქვა მამის სამკვიდრო წილზე მის მიერ მისაღები წილის სამკვიდრო ქონების ¼-ის მიკუთვნების თაობაზე. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს და მემკვიდრის მოთხოვნა მისი დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს მოთხოვნის ფარგლების და იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდრო მიღების 6-თვიანი ვადის განმავლობაში მოსარჩელეს და მის ძმას მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით და არა დამოუკიდებლად, საკუთარი ნების გამოვლენის საფუძველზე შეეძლოთ მიეღოთ სამკვიდრო, მოსარჩელის მიერ ამ წესით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების სასამართლოს მიერ დადგენის შემთხვევაში, თავისთავად ცხადია იგივე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება მოსარჩელის ძმაზეც, თუმცა რამდენადაც მოსარჩელის ძმა განსახილველი დავის სუბიექტი არ არის მის წილ სამკვიდრო ქონებაზე (1/4 ნაწილი) უფლების საკითხი ღიად უნდა დარჩეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ სამკვიდრო ქონების მთლიანად მიღებით, მაშინ როდესაც მან კარგად უწყოდა იმავე რიგის არასრულწლოვანი მემკვიდრეების არსებობის თაობაზე, უკანონოდ განიკარგა მოსარჩელის მამის მიერ მისაღები ½ სამკვიდრო წილი.

23. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დარღვევის თაობაზე საკასაციო განაცხადს, საკასაციო პალატის განმარტებით სსკ-ის 1450-ე მუხლი (სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი) ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა - სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ №ას-111-104-2015, 2015 წლის 30 ოქტომბერი, სუსგ №ას-72-68-2013, 2013 წლის 8 აპრილი, სუსგ №ას-43-43-2016, 2016 წლის 23 მარტი). ამ ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მაშინ, თუ დავის საგანი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობა (სუსგ №ას-655-621-2015, 2015 წლის 15 დეკემბერი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ამ ფაქტს, არამედ მოითხოვს სამკვიდროს მიღების სასამართლოს მიერ დადგენას და სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესაკუთრედ ცნობას. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მემკვიდრეს აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის - იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც საკუთრების უფლება დაირეგისტრირეს. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (შდრ. სუსგ. საქმე Nას-351-2019,15.10.2020წ). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელი მიმართულია მისი საკუთრების უფლების დაცვისკენ, რაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის.

24. საკასაციო პალატის განმარტებით, მტკიცებულების დაშვების თაობაზე კასატორის მოთხოვნას, არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი. ჯერ ერთი, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს ახალი მტკიცებულებების კვლევის პროცესუალური შესაძლებლობა და, მეორეც, სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხზე იმსჯელა განჩინებაში და საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს, ამ მტკიცებულების მიუღებლობის პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას (სსსკ-ის 104.1 მუხლის თანახმად, კი სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მტკიცებულებები, რომელთაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ).

25. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

26. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე