Facebook Twitter

საქმე №ას-730-2019 26 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ვა (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე), ნ.ც–ძე (მოპასუხე)

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ი.ჯ–ა“ (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ასევე, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის თაობაზე განჩინებების გაუქმება 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოწინააღმდეგე მხარეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი.ჯ–ასა“ (შემდეგში: კომპანია) და ნ.ც–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, მსესხებელი ან პირველი კასატორი) შორის 2011 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №482 (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის ტრანშების სახით კრედიტების გამოყოფის საკითხი. კრედიტების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ხაზის ოდენობას. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50 000 ლარით ან მისი ეკვივალენტით სხვა ვალუტაში, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ვადა - 60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1; ს.ფ. 24-26).

2. კომპანიასა და გ.კ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, მესამე კასატორი) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №590, რომლის თანახმად, 15 იპოთეკარსა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული №482 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მესაკუთრემ დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, .........., ქუჩა №90, ბინა 6. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ პირობითად შეფასებულია 30 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ. 1, ს.ფ. 27-31, ტ. 3, ს.ფ. 56-60; ტ. 1, ს.ფ. 32-33).

3. კომპანიასა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1445. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 464 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტ. 1, ს.ფ. 34-36, ტ. 3, ს.ფ. 45-47).

4. კომპანიასა და მოპასუხეს შორის, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1452. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 310 აშშ დოლარი, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტ. 1, ს.ფ. 37-39 ტ. 3, ს.ფ. 48-50).

5. კომპანიასა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 28 სექტემბერს კვლავ გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1454. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 303 აშშ დოლარი, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტ. 1, ს.ფ. 40-42 ტ. 3, ს.ფ. 42-43, 44).

6. კომპანიასა და მსესხებელს შორის 2012 წლის 9 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №1845. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3 449 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 24 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36% (ტ. 1, ს.ფ. 43-45 ტ. 3, ს.ფ. 39-40, 41).

7. მხარეთა შორის გაფორმებული, მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, პირველმა მოპასუხემ კომპანიისგან 2011 წლის 24 სექტემბერს მიიღო - 15 000 აშშ დოლარი, 2011 წლის 27 სექტემბერს - 10 000 აშშ დოლარი, 2011 წლის 28 სექტემბერს - 4 173 აშშ დოლარი, 2012 წლის 09 თებერვალს - 3 345 აშშ დოლარი (ტ. 3; ს.ფ. 62-65).

8. კომპანიასა და ლ.კ–ვას (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) შორის 2011 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №486. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად კრედიტორი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის ტრანშების სახით კრედიტების გამოყოფის საკითხი. კრედიტების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ხაზის ოდენობას. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით ან მისი ეკვივალენტით სხვა ვალუტაში, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ვადა - 60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ. 3, ს.ფ. 30-32).

9. კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის 2011 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №1459. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 აშშ დოლარი, მიზნობრიობა - სამომხმარებლო, ვადა - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36%. აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად გ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №594. (ტ. 3, ს.ფ. 36-38).

10. კომპანიასა და მოსარჩელეს შორის 2011 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №594, რომლის თანახმად, იპოთეკარსა და მეორე მოპასუხეს შორის 2011 წლის 23 სექტემბერს შორის გაფორმებული №486 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მესაკუთრემ დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ქუჩა №90, ბინა 6. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ პირობითად შეფასდა 12 000 აშშ დოლარად (ტ. 3, ს.ფ. 52-55).

11. მხარეთა შორის გაფორმებული ზემოთ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 30 სექტემბერს, მეორე მოპასუხემ კომპანიისგან მიიღო 11 640 აშშ დოლარი (ტ. 3, ს.ფ. 61).

12. ნოტარიუსმა, 2012 წლის 16 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი №121122650, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს გააჩნია კომპანიის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება, გამომდინარე 21.09.2011 წლის №482 საკრედიტო ხაზით მომსახურების და მისგან გამომდინარე 27.09.2011 წლის №1452 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. აღსასრულებელი ვალდებულება, 2012 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 7 534.87 აშშ დოლარით, საიდანაც, 5 931.22 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 567.45 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 1 036.2 აშშ დოლარი - ჯარიმა; ამასთან, 2012 წლის 15 ოქტომბრიდან, ძირითად თანხაზე დარიცხული საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულების დაწყებამდე, ასევე, ძირითად თანხაზე დასარიცხი კრედიტით სარგებლობის პროცენტი, ძირითადი თანხის ლიური 36%-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ადვოკატის მომსახურების ღირებულება საერთო დავალიანების - 7 534.87 აშშ დოლარის 5%. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .......... №90, სართული 3, ბინა 6, ს/კ: ........., რეალიზაცია.

13. აღმასრულებელმა, №121122650 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, პირველ მოპასუხეს, 2012 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც პირადად ადრესატმა 31.10.2012 წელს ჩაიბარა. მანამდე, 2012 წლის 24 აგვისტოს წერილით, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს აცნობა, რომ რამდენადაც მას ერიცხებოდა კომპანიის მიმართ დავალიანება და ირღვეოდა კრედიტის დაფარვის ყოველთვიური გრაფიკი, წერილის მიღებიდან 7 დღის ვადაში უზრუნველეყო დავალიანების დაფარვა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება ან იპოთეკის საგნის შეცვლა. აღნიშნული წერილიც პირადად ადრესატს ჩაბარდა (ტ. 1, ს.ფ. 49-53 ტ. 1, ს.ფ. 47-48; 54; 58).

14. ნოტარიუსმა 2012 წლის 10 სექტემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი N120957686, სადაც, მოვალედ მითითებულია - მეორე მოპასუხე, კრედიტორად - კომპანია, ხოლო, სავარაუდო მოვალე მესამე პირად - მოსარჩელე. შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება გამომდინარეობდა 23.09.2011 წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების N486 და მისგან გამომდინარე 30.09.2011 წელს გაფორმებული N1459 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ, 2012 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, დაეკისრა 15 656.2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 11 008.14 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 2 062.47 აშშ დოლარი - დარიცხული პროცენტი, 2 585.50 აშშ დოლარი - ჯარიმა. ამასთან, 2012 წლის 7 სექტემბრიდან ძირითად თანხაზე საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულების დაწყებამდე, ასევე, ძირითად თანხაზე დასარიცხი კრედიტით სარგებლობის პროცენტი - ძირითადი თანხის წლიური 36%-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ადვოკატის მომსახურების ღირებულება საერთო დავალიანების - 15 656.2 აშშ დოლარის 4%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, .......... 90, სართული 3, ბინა 6, ს/კ: ........, რეალიზაცია.

15. აღმასრულებელმა, N120957686 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეორე მოპასუხეს 2012 წლის 12 სექტემბერს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც მისთვის გადასაცემად ჩაიბარა შვილმა 2012 წლის 17 სექტემბერს. მანამდე, 2012 წლის 24 აგვისტოს, მოსარჩელემ, მეორე მოპასუხეს წერილით აცნობა, რომ რამდენადაც მას ერიცხებოდა კომპანიის მიმართ დავალიანება და ირღვეოდა კრედიტის დაფარვის ყოველთვიური გრაფიკი, წერილის მიღებიდან 7 დღის ვადაში უზრუნველეყო დავალიანების დაფარვა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება ან იპოთეკის საგნის შეცვლა. აღნიშნული წერილი ასევე ჩაბარდა მეორე მოპასუხეს (ტ. 3, ს.ფ. 89-95 ტ. 3, ს.ფ. 97; 98).

16. კომპანიასა და მოსარჩელეს შორის 2012 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება 2012 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირადი მოვალის ფულადი დავალიანების არაპირადი მოვალის მიერ შესრულებისა და გადახდის პირობების დადგენის შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, სადაც მოსარჩელე/არაპირადი მოვალე, მეორე მოპასუხესთან ერთად მითითებულია მოვალედ, საიდან გამომდინარე მოსალოდნელი იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოხდა შეთანხმება.

17. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება კრედიტორისათვის გადაეხადა ჯამში 16 501.8 აშშ დოლარი, რომელიც შედგებოდა შესაბამის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფულადი დავალიანებისგან - 15 656.2 აშშ დოლარისგან და 2012 წლის 8 სექტემბრიდან - 2012 წლის 12 სექტემბრამდე, სესხის ძირითად თანხაზე - 11 008.14 აშშ დოლარზე დარიცხული 5 დღის სარგებლის - 54.25 აშშ დოლარის და ამავე 5 დღის განმავლობაში დარიცხული 5 დღის საურავისაგან - 165.1 აშშ დოლარისაგან, აგრეთვე იურისტის მომსახურების სახით გაწეული ხარჯის - 626.25 აშშ დოლარისგან, კერძო აღმასრულებლის მიერ გაწეული სააღსრულებო მომსახურების დაწყებისათვის კრედიტორის მიერ გადახდილი 407.8 ლარისაგან, რაც შეეხება კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორზე დაკისრებული საზღაურის შევსებას 407.8 ლარით, მას მოვალე გადაიხდიდა აღმასრულებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ან კიდევ, მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, თუ ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს დასრულებული იქნება სამუშაო საათები. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა შეთანხმებული თანხის გადახდის გრაფიკი (ტ.1,ს.ფ. 85-90).

18. კომპანიასა და მოსარჩელეს შორის 2012 წლის 29 ოქტომბერს, გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გადაიხადა 1 900 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ.85-90).

19. კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული 10.09.2012 წ. და 16.10.2012 წ. გაცემული №120957686 და №121122650 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე (კრედიტორი: კომპანია, მოვალეები: მოსარჩელე და მოპასუხეები): 1. აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობამ შეადგინა: 8 667.81 აშშ დოლარი და 15 710.02 აშშ დოლარი; 2. აღსრულებული მოთხოვნა - კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის ოდენობა: 8 100.76 19 აშშ დოლარი და 14 682.26 აშშ დოლარი; 3. გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა: 378.18 ლარი და 65.53 ლარი; 4. საფასური, რომელიც ექვემდებარებოდა ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვას - 443.71 ლარი; 5. თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა კრედიტორისათვის გადარიცხვას - 38 555.92 ლარი; 6. თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა კერძო აღმასრულებლისათვის გადარიცხვას - 2 089.24 ლარი, 7. თანხა, რომელიც ექვემდებარებოდა მოვალისათვის დაბრუნებას - 163 354.84 ლარი (ტ. 1; ს.ფ. 49-53, 54, ს.ფ. 66-67, ს.ფ. 71-74).

20. პირველი აუქციონი დაიწყო 16.01.2013 წელს და დასრულდა 24.01.2013 წელს. აღნიშნულ აუქციონზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გაიყიდა 204 000 ლარად. შემძენი გახდა დავით გვენეტაძე (შემდეგში: მყიდველი), რომელმაც სრულად გადაიხადა მითითებული თანხა (ტ. 1; ს.ფ. 49-53, 54 ს.ფ. 66-67 ს.ფ. 71-74).

21. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მყიდველსა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 18 მარტს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსაჩელემ გამოისყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... ქ. 90, ბინა 6. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 145 000 აშშ დოლარით. ამ ხელშეკრულებით შეძენილი უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (ტ. 1; ს.ფ. 221-222; 223).

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2013 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნები მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 14 682.26 აშშ დოლარის, 1 900 აშშ დოლარის და 1 631.21 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მეორე მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში და მათზე გაცემულია სააღსრულებო ფურცლები (ტ. 3; ს.ფ. 99, 100-111, ს.ფ. 112, 113-117).

23. სარჩელის მოთხოვნა

23.1 თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ მოითხოვა:

23.1.1 პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 8 100 აშშ დოლარის დაკისრება;

23.1.2 პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 27 152.06 ლარის დაკისრება;

23.1.3 პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების საფასურის და აუქციონის ხარჯის ანაზღაურება 901 ლარის დაკისრება;

23.1.4 მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 46 546.25 ლარი;

23.1.5 პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 750 ლარის ოდენობით.

24. მოპასუხეთა შესაგებელი

24.1 მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებებით სესხის მიმღებად კი იყვნენ მითითებული, თუმცა რეალურად მათ თანხა არ მიუღიათ.

25. მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

25.1 შეგებებული სარჩელით, მეორე მოპასუხემ, კომპანიასა და მას შორის 2011 წლის 23 სექტემბერს #486 სესხის/საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული #594 ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

26. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

26.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8 100 აშშ დოლარი, 27 152 ლარი და 901 ლარი, ხოლო მეორე მოპასუხეს 46 546.3 ლარი დაეკისრათ. მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

27. მოპასუხეების სააპელაციო მოთხოვნა

27.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

28.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.2, 1.4 ქვეპუნქტები და მე-3, მე-4 პუნქტები და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

28.1.1 პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 381.7 ლარის გადახდა;

28.1.2 მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 084.8 ლარის გადახდა;

28.2 სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის წინა დავაში მოსარჩელის სარჩელის საფუძვლებსა (2011 წლის 23 სექტემბერს, კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა N486 საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 12 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 36%-ს დარიცხვით. მხარეთა შორის ასევე შეთანხმდა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ს ოდენობით; - 2011 წლის 23 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის 23 სექტემბერს, კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, .......... ქ. N90, ბინა N6. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად. - მეორე მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადააცილა სესხის დაფარვის ვადები. - ნოტარიუს ნ.ჯ–ის მიერ 2012 წლის 10 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორმა წარადგინა კერძო აღმასრულებელთან. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მეორე მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 11 008,14 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 2 062,47 აშშ დოლარის, 2012 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 2 585,59 აშშ დოლარის გადახდა. მეორე მოპასუხეს ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 0,3%-ს ოდენობით 2012 წლის 7 სექტემბრიდან აღსრულების დაწყებამდე, საპროცენტო სარგებლის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 36%-ს გადახდა 2012 წლის 07 სექტემბრიდან აღსრულების დაწყებამდე და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 15 656,20 აშშ დოლარის 4%-ს ოდენობით. მეორე მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება. 2012 წლის 12 სექტემბერს, კერძო აღმასრულებელმა ნ.ბ–მა მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება 2012 წლის 10 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. 2012 წლის 29 ოქტომბერს, კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება 2012 წლის 10 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხა 15 656,20 აშშ დოლარი, ასევე, 2012 წლის 8 სექტემბრიდან 2012 წლის 12 სექტემბრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 54,25 აშშ დოლარი, ამავე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო - 165,1 აშშ დოლარი და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი 626,25 აშშ დოლარი, სულ 16 501,8 აშშ დოლარი კომპანისთვის გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, არაუგვიანეს 2012 წლის 19 დეკემბრისა. - აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 2012 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელემ კომპანიას გადაუხადა 1 900 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ვერ შეძლო 2012 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2012 წლის 3 დეკემბერს, კომპანიის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ნ.ბ–ს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება. - 2013 წლის 24 იანვარს, იძულებით აუქციონზე განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების რეალიზაცია. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ნაწილით - 14 682,26 აშშ დოლარით დაიფარა კომპანიის მიმართ არსებული მეორე მოპასუხის დავალიანება. ამონაგები თანხიდან ასევე დაიფარა აუქციონის ხარჯი, საიდანაც მეორე მოპასუხეს დავალიანების პროპორციული თანხა შეადგენდა 1 633 ლარს. - ვინაიდან იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 900 აშშ დოლარის, 14 482,26 აშშ დოლარის და 1 633 ლარის გადახდა) და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე (ამ გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების რეალიზაცია. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან 14 682,26 აშშ დოლარით დაიფარა მეორე მოპასუხის დავალიანება კომპანიის მიმართ, ხოლო 2 532,95 ლარით დაიფარა სააღსრულებო წარმოების ხარჯი. ამასთან, დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით აღსრულდა სხვა პირის მიმართ არსებული მოთხოვნაც, მეორე მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნა შეადგენდა საერთო მოთხოვნის 64,4%. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისთვის გაწეულ ხარჯში მეორე მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის პროპორციული წილი შეადგენდა 1 631,21 ლარს (2 532,95 ლარის 64,4%). ამდენად, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ, იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, მეორე მოპასუხის ნაცვლად დააკმაყოფილა კრედიტორი კომპანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს), მოსარჩელეს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე, გადავიდა კომპანიის მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, მეორე მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისთვის 14 682,26 აშშ დოლარის და 1 900 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება), რის შედეგად, პალატა მიიჩნევს რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2013 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს განსახილველ დავაში მეორე მოპასუხის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელსა და მეორე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ); კერძოდ, იმ ფაქტებთან მიმართებაში, სადაც მეორე მოპასუხე მიუთითებს 2012 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებით (თვალთმაქცურ) ხასიათსა და იმ გარემოებაზე, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მას არ მიუღია და ამდენად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იპოთეკის საგნის რეალიზაციით გამოწვეულ ზიანზე (ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილია, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს, მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს ჩაბარდათ კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წინადადება 2012 წლის 10 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შესაბამისად, მითითებული პერიოდიდან მოსარჩელეს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოეშვა უფლება ნებაყოფლობით დაეკმაყოფილებინა კრედიტორი კომპანია. 2012 წლის 29 ოქტომბერს, კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 10 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების იპოთეკის საგნის მესაკუთრის, მოსარჩელის, მიერ შესრულების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პირადი მოვალის - მეორე მოპასუხის ნაცვლად დაეკმაყოფილებინა კრედიტორი კომპანია. 2012 წლის 30 ოქტომბერს, მეორე მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულების ანგარიშში, მოსარჩელის მიერ კომპანიის სასარგებლოდ გადახდილია 1 900 აშშ დოლარი. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული შეთანხმების და მის მიერ კომპანიის თანხის გადახდის შესახებ ეცნობებინა მეორე მოპასუხისთვის. თუმცა თავის მხრივ, მეორე მოპასუხისთვის 2012 წლის 17 სექტემბერს ცნობილი გახდა კომპანიის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილია, რომ 2011 წლის 23 სექტემბერს კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობები. ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია, მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალეს, რომელსაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კრედიტორის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება იკისრა მეორე მოპასუხემ, რაც დადასტურდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. შესაბამისად, ვალდებულებითი, ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობიდან გამომდინარე, კრედიტორი კომპანია უფლებამოსილია მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალეს ანუ მეორე მოპასუხეს. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვა პირის მიერ იყო თუ არა აღებული და გახარჯული სესხის თანხა, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აიღეს და მოიხმარეს მესამე პირებმა, აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს მოპასუხე მხარის ვალდებულებას) მეორე მოპასუხის მიმართ აღძრულ სარჩელთან მიმართებაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია რომ ზემოთ მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხისთვის დაკისრებული 14 682,26 აშშ დოლარი წარმოადგენს იმ თანხას, რომელიც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან მეორე მოპასუხის დავალიანების ანგარიშში გადაეცა კომპანიას. დადგენილია ის ფაქტიც, რომ განსახილველ საქმეში, სამოქალაქო კოდექსის 292.2 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მოთხოვნა დაყენებული აქვს მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ (8 100 აშშ დოლარი).

28.3 სააპელაციო სასამართლომ დამატებით გაამახვილა ყურადღება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებზე და განმარტა, რომ 2013 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს 145 000 აშშ დოლარი სებ-ის კურსით შეადგენდა 240 932 ლარს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს მისთვის აუქციონიდან ნამეტი თანხის სახით გადარიცხული 163 354.84 ლარი, შესაბამისად, ზიანის თანხა შეადგენს 77 577.16 ლარს. ამ თანხიდან, მოსარჩელე მხარე პირველი მოპასუხისგან ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 27 152.06 ლარს, რაც წარმოადგენდა 77 567.16 ლარის 35%-ს; მეორე მოპასუხისგან - ზიანის ანაზღაურებას 46 546.25 ლარს, რაც წარმოადგენდა 77 567.16 ლარის 60%-ს. მოსარჩელე მოპასუხეებისაგან ზიანის ანაზღაურების სახით, ჯამში, 73 698.31 ლარს მოითხოვდა, რადგან ზიანის ანაზღაურების თანხას - 77 577.16 ლარს, მოსარჩელის მითითებით, უნდა გამოკლებოდა კომპანიისთვის მოსათხოვი თანხა - 3 878.85 ლარი. რაც შეეხებოდა სარჩელით მოთხოვნილი 8 100 აშშ დოლარს და სააღსრულებო წარმოების დროს გაწეულ 901 ლარს, მოსარჩელის მითითებით, მისი ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე პირველ მოპასუხეს წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის საფუძველზე.

28.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ დავაში მოსარჩელეს მეორე მოპასუხისგან 14 682.26 აშშ დოლარი აღარ მოუთხოვია, ვინაიდან აღნიშნული თანხა სხვა დავის ფარგლებში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული იყო.

28.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 1.3 პუნქტების (მოპასუხე ნ.ც–ძეს მოსარჩელე გ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 100 აშშ დოლარის გადახდა) (მოპასუხე ნ.ც–ძეს მოსარჩელე გ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 901 ლარის გადახდა) გაუქმების საფუძველი.

28.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მიმართ 8 100 აშშ დოლარისა და 901 ლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ვინაიდან, კრედიტორი კომპანია, მოსარჩელემ, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, ამავე საგნის რეალიზაციის შედეგად დააკმაყოფილა.

28.7 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის განმარტება, რომ მას ვალდებულება არ წარმოეშვა, ვინაიდან სესხის თანხა არ გამოუყენებია, აღნიშნულის საპირისპიროდ კი განმარტა, რომ მიუხედავად სესხის მიზნობრიობისა, აგრეთვე იმ გარემოებისა თუ ვინ გამოიყენა აღნიშნული თანხა, სწორედ პირველ მოპასუხესთან იყო ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულება გაფორმებული, რის გამოც თავადვე იყო პასუხისმგებელი კრედიტორის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა პრეტენზია, რომ პირველი მოპასუხისთვის ცნობილი არ იყო სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მას გაეგზავნა და ჩაბარდა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

28.8 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 (მოპასუხე ნ.ც–ძეს გ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 27 152 ლარის გადახდა) და 1.4 (მოპასუხე ლ.კ–ვას მოსარჩელე გ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 46 546.3 ლარის გადახდა) პუნქტების ნაწილში უნდა გაუქმებულიყო და ამ ნაწილებში მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება.

28.9 სასარჩელო განცხადებით, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხისთვის - 27 152 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხისთვის - 46 546.3 ლარის დაკისრება იყო. სარჩელის მიხედვით, ეს იყო ის ზიანი, რაც მოსარჩელეს (იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, რომელიც არ არის კრედიტორის პირადი მოვალე) მიადგა მოპასუხეების მიერ კრედიტორი კომპანიის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობით. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ პირველი მოპასუხის შემთხვევაში ეს ვალდებულება 8 100.76 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოპასუხის შემთხვევაში 14 682.26 აშშ დოლარი იყო.

28.10 სააპელაციო სასამართლომ, ზიანის დაკისრების შესახებ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, თუმცა, ამავე ზიანის ოდენობის შესახებ განმარტა, რომ ზიანის ოდენობად ის თანხა უნდა განსაზღვრულიყო, რაც მოსარჩელემ დახარჯა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად (ანუ აუქციონზე რეალიზებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასაბრუნებულად), რასაც უნდა გამოაკლდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელისთვის გადაცემული „ნამეტი თანხა“ (163 354.84 ლარი).

28.11 ზიანის ოდენობის გამოთვლისთვის სააპელაციო სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

28.11.1 კომპანიასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი მოპასუხეების ფულადი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

28.11.2 მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე 204 000 ლარად, საიდანაც ამ უკანასკნელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდა 163 354.84 ლარი;

28.11.3 აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 8 100.76 აშშ დოლარი (პირველი მოპასუხის ნაწილში) და 14 682.26 აშშ დოლარი (მეორე მოპასუხის ნაწილში);

28.11.4 მოგვიანებით მოსარჩელემ მოახდინა ქონების გამოსყიდვა შემძენისაგან 145 000 აშშ დოლარად, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 240 932 ლარს;

28.11.5 შესაბამისად, მოსარჩელის პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად ანუ აუქციონზე რეალიზებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასაბრუნებულად დასჭირდა დამატებით 77 577.16 ლარი (240 932 ლარს - 163 354.84 ლარი), სწორედ 77 577.16 ლარია მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა.

28.11.6 შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ აღნიშნული შეადგენს მის ზიანს, რასაც უნდა გამოკლებოდა მის მიერ მომავალში კომპანიისთვის მოსათხოვი თანხა - 3 878.85 ლარი.

28.11.7 ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონების რეალიზაციის შემდეგ კრედიტორს გადაერიცხა 38 555.92 ლარი, საიდანაც დაფარულია პირველი მოპასუხის ფულადი დავალიანება 13 706.62 ლარი (8 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), მთლიანი დავალიანების 35.55% და 24 849.3 ლარით, 14 682.26 აშშ დოლარის ექვივალენტით, მთლიანი ვალის 64.45%, მეორე მოპასუხის დავალიანება.

28.11.8 კომპანიის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა - 3 878.85 ლარი, ანუ მთლიანი ზიანის 5% (77 577.16 ლარის 5%).

28.11.9 შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 27 152.06 ლარი (77 577.16 ლარის 35%), ხოლო მეორე მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 46 546.25 ლარი (77 577.16 ლარის 60%).

28.12 ზემოაღნიშნულთან ერთად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, საქალაქო სასამართლომ, ზიანის გამოთვლისას არ გაითვალისწინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას წინამდებარე დავაზე, მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ სხვა დავის ფარგლებში უკვე ჰქონდა დაკისრებული 14 682.26 აშშ დოლარი, ხოლო, პირველ მოპასუხეს 8 100 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხები კი უნდა გამოკლებოდა ზიანის საერთო ოდენობას, რომელიც დაეკისრებოდათ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

28.13 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო, მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრება მოპასუხეების ხარჯზე 8 100 და 14 682.26 აშშ დოლარით, პირველ მოპასუხეს 5 381.7 ლარი, ხოლო მეორე მოპასუხეს 7 084.8 ლარი უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ.

28.14 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელესა და კრედიტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.

29. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

29.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ნაწილის გაუქმებისა და ამ ნაწილში მოპასუხეებისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

29.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან ზიანის გამოთვლისას იხელმძღვანელა არა აღსრულების ეტაპზე არსებული კურსით ლარის მიმართ, არამედ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული კურსით, რის გამოც მოპასუხეებს იმაზე ნაკლები თანხა დაეკისრათ ვიდრე უნდა გადახდილიყო მოსარჩელისთვის.

30. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

30.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც უკანონო და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, აგრეთვე, წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების მიღებასა და საქმეზე დართვაზე შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

30.2 კასატორების განმარტებით, ისინი ხელშეკრულებაში მითითებული არიან სესხის მიმღებებად, თუმცა, რეალურად მათ თანხა არ მიუღიათ.

30.3 კასატორების მტკიცებით საეჭვო გარემოებაში მოხდა აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების მოსარჩელის მიერ გამოსყიდვა, ამასთან საგულისხმოა, რომ უძრავი ქონების აუქციონზე შემძენის განმარტებით, გამოსყიდვა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, ნასყიდობის ფასი კი მოსარჩელეს სრულად არ გადაუხდია, რაც კიდევ უფრო აბსურდულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის შესახებ.

30.4 კასატორების განმარტებით, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მითითება ზიანის შესახებ, ამასთან, არ იყო წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეების მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენდა დამდგარი ზიანი.

31. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

31.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით მოპასუხეთა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრები, წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33. უპირველესყოვლისა საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მესამე კასატორის სასარჩელო მოთხოვნებზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე პირველი მოპასუხისთვის 8 100 აშშ დოლარის, ზიანის ანაზღაურების მიზნით 27 152.06 ლარისა და აუქციონის ხარჯის 901 ლარის, ხოლო, მეორე მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 46 546.25 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.

34. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრის დაცვის მიზანს ემსახურება სსკ-ის 292-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. მითითებული დანაწესი იმპერატიულია. მხარეებს არ შეუძლიათ, ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებით შეცვალონ ნორმის სანივთოსამართლებრივი შედეგები (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 2). ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. აღნიშნული დებულება კანონისმიერი ცესიის (cessio legis) შემთხვევაა, რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების სამართლებრივი შედეგია. მესაკუთრე უნდა მოქმედებდეს საკუთარი ნივთის იპოთეკისაგან გამოხსნის განზრახვით (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, 91-92; გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 13,14; Lieder, in Muko BGB, 7 Aufl., 2017, §1143, Rn.8.). უძრავი ქონების მესაკუთრეს სწორედ მოვალემ უნდა აუნაზღაუროს ის ფინანსური ხარჯი, რასაც იგი პირადი მოვალის ვალდებულების შესასრულებლად გაიღებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ მსესხებლის ვალდებულების შესრულება მოსარჩელეს სსკ-ის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სწორედ მოპასუხეების მიმართ წარმოუშობს თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ №ას-363-339-2017, 16.06.2017წ.).

35. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, პირველი მოპასუხის მიმართ 8 100 აშშ დოლარის თაობაზე სსკ-ის 292.2 მუხლს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როდესაც მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

36. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო კვლავ გაამახვილებს ყურადღებას, რომ კრედიტორ კომპანიასა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორი კომპანია თანახმა იყო გარკვეული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად მსესხებელზე გაეცა ტრანშეები. ამავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელესა და კრედიტორ კომპანიას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პირველი მოპასუხის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისში, .........., ქუჩა №90, ბინა 6. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ პირობითად შეფასდა 30 000 აშშ დოლარად. დასახელებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, კრედიტორ კომპანიასა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულება (ვრცლად იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტები).

37. პირველ მოპასუხესა და კრედიტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებებით (იხ. 35-ე პუნქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2012 წლის 16 ოქტომბერს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც პირველი მოპასუხის ვალდებულება 7 534.87 აშშ დოლარი იყო, ამავე სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. დასახელებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით წინადადებით მიმართა პირველ მოპასუხეს, ამავე საკითხზე, პირველ მოპასუხეს მოსარჩელემ აცნობა 2012 წლის 24 აგვისტოს წერილით. აღსანიშნავია, რომ ორივე შეტყობინება მიიღო ადრესატმა.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველ მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულებების მსგავსად, მეორე მოპასუხესთანაც გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ასევე რამდენჯერმე გაიცა სესხი მეორე მოპასუხეზე, ამასთან, აღნიშნული ვალდებულებების უზრუნველსაყოფადაც, კრედიტორ კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე შეთანხმება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 8-11 პუნქტები).

39. პირველი მოპასუხის მსგავსად, მეორე მოპასუხის მიმართაც, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულება 15 656.2 აშშ დოლარი იყო, ამასთან დადგინდა მოსარჩელის უძრავი ქონების რეალიზაცია, ვალდებულების დაფარვის მიზნით. ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა მეორე მოპასუხეს გაუგზავნა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, მანამდე, თავად მოსარჩელემ შეატყობინა დავალიანების შესახებ და მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების გათავისუფლება ვალდებულებისგან (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 14-15 პუნქტები).

40. მეორე მოპასუხის ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელესა და კრედიტორ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება არაპირადი მოვალის მიერ (მოსარჩელის) პირადი მოვალის (მეორე მოპასუხის) ვალდებულების შესრულების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მხოლოდ 1 900 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო, დანარჩენ ნაწილზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მეორე მოპასუხესთან ერთადაა მითითებული.

41. ამდენად, დავალიანებისა და ვალდებულების დარღვევისთვის დარიცხული პროცენტის საბოლოო ჯამში, აღსასრულებელი მოთხოვნა წარმოადგენდა 8 100 აშშ დოლარსა და 14 682.26 აშშ დოლარს. აუქციონის შედეგად კრედიტორს 38 555.92 ლარი გადაერიცხა, კერძო აღმასრულებელს 2 089.24 ლარი, ხოლო, ზედმეტად ამოღებული თანხა 163 354.84 ლარი დაუბრუნდა მოსარჩელეს.

42. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუქციონში გამარჯვებული პირისგან, რომელმაც უძრავი ქონება 204 000 ლარად შეიძინა, აღნიშნული ქონება თავდაპირველმა მესაკუთრემ (მოსარჩელემ) გამოისყიდა 145 000 აშშ დოლარად რაც იმდროინდელი ლარის დოლართან მიმართების კურსით 240 932 ლარი იყო. შესაბამისად მესამე კასატორის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში (8 100 აშშ დოლარისა და 14 682.26 აშშ დოლარის), სწორედ მოპასუხეების მიერ სესხად მიღებული და სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისი იყო, ხოლო, ზიანის ანაზღაურების მიზნით მოთხოვნილი თანხა - 77 577.16 ლარი, ის ნამეტი თანხა იყო, რომელიც მოსარჩელემ საკუთარი უძრავი ქონების გამოსასყიდად გადაიხადა, ამასთან, დასახელებული თანხა მოსარჩელემ 73 698.31 ლარამდე შეამცირა, ხოლო, სხვაობა კრედიტორი კომპანიის ვალდებულებად განსაზღვრა რასაც სხვა დავაში მოითხოვდა.

43. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოპასუხეების მიერ სესხად აღებული თანხებისა და უძრავი ქონების გამოსყიდვისას ნამეტი თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების საკითხი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მოპასუხეს, სხვა დავის ფარგლებში, მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე დაეკისრა 14 682.26 აშშ დოლარი, რაც წინამდებარე განხილვის საგანი ვერ იქნება, ხოლო, პირველი მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხა 8 100 აშშ დოლარი, ზუსტად იმავე საფუძვლებიდან გამომდინარეობს რაც, წინა დავაში, პირველი მოპასუხის აღსასრულებელი ვალდებულების საფუძველი იყო.

44. პირველი მოპასუხის ვალდებულების შესახებ ძირი თანხის მოსარჩელისთვის გადახდის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ, როგორც არაპირადმა მოვალემ, პირადი მოვალის ნაცვლად შეასრულა კრედიტორის წინაშე ვალდებულება (მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზებით მოხდა ვალდებულების შესრულება), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის სხვა დავაში ამავე საფუძვლით დაეკისრა მეორე მოპასუხეს ძირი თანხის გადახდა, ამდენად, წინამდებარე დავაში, იმავე პირობით, სწორედ პირველი მოპასუხე იყო პირადი მოვალე, რომელსაც სესხად ჰქონდა თანხა აღებული, შესაბამისად თავადვეა პასუხისმგებელი ვალდებულების შესრულებაზე კრედიტორის წინაშე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით, ხოლო, ვინაიდან, კრედიტორის წინაშე არაპირადი მოვალის, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზებით მოხდა ვალდებულების შესრულება, კრედიტორს სწორედ მოსარჩელე ჩაენაცვლა ურთიერთობაში და ამ უკანასკნელს წარმოეშვა ძირი თანხის მოთხოვნის უფლება პირველი მოპასუხის, როგორც მოვალის მიმართ.

45. საკასაციო სასამართლო ორივე მოპასუხის მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად სსკ-ის 412-ე მუხლზე მიუთითებს „ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს“ და განმარტავს, სსკ-ის 412-ე მუხლი „უშუალო მიზეზობრიობის“ გარდა, განამტკიცებს ზიანის განჭვრეტადობის კრიტერიუმსაც. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს, რომ მხოლოდ ზიანის შესაძლებლობის დაშვება მიზეზობრივი კავშირის დადგენისათვის საკმარისი არ არის. მითითებული ნორმა მოითხოვს, რომ ზიანი მაღალი ალბათობით იყოს განჭვრეტადი, თუმცა კონკრეტული შედეგის განჭვრეტა აუცილებელი არ არის. მოვალეს დაუშვებელია დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, ვერ დაამტკიცა, მოპასუხეების ქმედების უშუალო შედეგად დამდგარი ზიანის არსებობის ფაქტი რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მტკიცებით ნამეტი თანხის გადახდით, უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებული ახალი მესაკუთრისგან გამოსყიდვამ, ზიანი მიაყენა, თუმცა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონის მეშვეობით ტარდება, ამასთან, მესაკუთრისთვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ და არ იყო შეზღუდული თავადაც მიეღო აუქციონში მონაწილეობა.

46. საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა საკასაციო პრეტენზიების პასუხად, კვლავ მათ მიერ სესხად აღებული თანხის დაბრუნების შესახებ დასაბუთებას მიუბრუნდება და განმარტავს, რომ ის გარემოება მათ უშუალოდ გამოიყენეს სესხის თანხა თუ სხვა პირს გადასცეს, ვერ გახდება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში უშუალო მოვალისთვის თანხის დაკისრების გამომრიცხავი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხი უშუალოდ აქვთ მიღებული, სააღსრულებო ფურცლებიც მოპასუხეების სახელზეა გაცემული, ხოლო, ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ მტკიცებულებები არ წარუდგენიათ სასამართლოსთვის.

47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

48. საკასაციო სასამართლო მოპასუხეების პრეტენზიის შესახებ წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის საოქმო განჩინებებზე უთითებენ, თუმცა, დამატებით არ უთითებენ, თუ რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რა გავლენას ახდენენ საქმის სწორად გადაწყვეტაზე, რატომ ვერ მოხდა საქმის შესაბამის ეტაპზე მათი წარდგენა და ა.შ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპებზე მხარე ვალდებულია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით თავად და დროულად წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მის მიერ დაყენებული მოთხოვნების დასადასტურებლად, თუ მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების გასაქარწყლებლად. ამდენად, მოცემულ ეტაპზე შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მხარის მიერ ზოგადად მითითებული მტკიცებულებების საქმეზე დართვასა თუ მათ შეფასებაზე.

49. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

50. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, იმ მოთხოვნების პროპორციულად, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებმა სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა გადაუხადონ სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, პირველმა მოპასუხემ უნდა გადაიხადოს 511.04 ლარი და 729 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ - 570 ლარი. ამასთანავე, ვინაიდან, პირველ ინსტანციაში, მოსარჩელის მოთხოვნების მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 358 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ.ც–ძისა და ლ.კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3.1. გ.კ–ის სარჩელი მოპასუხე ნ.ც–ძისთვის 27 152 ლარის დაკისრებისა და ლ.კ–ვასთვის 46 546.3 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ.ც–ძისა და ლ.კ–ვას საკასაციო მოთხოვნა დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე აპელანტების შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

5. ნ.ც–ძეს, გ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ნაწილი - 358 ლარი;

6. ნ.ც–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 511.04 ლარისა და 729 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

7. ლ.კ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 570 ლარის გადახდა;

8. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე