Facebook Twitter

საქმე №ა-2185-ბ-7-2022 6 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექცია (შუამდგომლობის ავტორი)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების და ამავე განჩინების აღსრულების მიზნით 2021 წლის 30 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: „GEOAVTATRANS LTD“-ს (საქართველო, თბილისი, 0154, .. ქუჩა 19) დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით.

2. აღნიშნული განჩნების აღსრულებისათვის 2021 წლის 30 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 2022 წლის 4 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს „ჯ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების და ამავე განჩინების აღსრულების მიზნით 2021 წლის 30 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.

4. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ა) შპს „ჯ–ი“ არ იყო ინფორმირებული საქმის წარმოების შესახებ, კომპანიას არ ჩაბარებია უზენაესი სასამართლოს შეტყობინება მის წინააღმდეგ დაწყებული წარმოების თაობაზე, არ მიუღია შუამდგომლობის ასლი, რათა წარედგინა თავისი შესაგებელი. ამასთან, კომპანიისთვის ასევე არ იყო ცნობილი ქ. გომელის ოლქის ეკონომიკურ სასამართლოში საქმის წარმოების და 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების მიღების შესახებ;

ბ) საქმის წარმოების შესახებ შპს „ჯ–ისათვის“ ცნობილი გახდა საბანკო დაწესებულებიდან მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ყადაღა დაედო კომპანიის საბანკო ანგარიშს;

გ) შპს „ჯ–ს“ არ ეცნობა საქმის წარმოების შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით მის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ....., ბ. 19) და არ არსებობდა ამავე კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება საჯარო შეტყობინების გავრცელებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წარდგენის წანამძღვრები.

7. ამავე კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც სსსკ-ის LII თავშია დადგენილი.

8. სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

9. სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების და ამავე განჩინების აღსრულების მიზნით 2021 წლის 30 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას. ამასთან, განჩინების ბათილად ცნობა მოთხოვნილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ქვეპუნქტზე ვრცელდება სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

11. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

12. განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ წარმოდგენილია საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით იმპერატიულად განსაზღვრული 5 წლიანი ვადის დარღვევით, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, რამდენადაც დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს; აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას; აღარ ადგენს ვადას განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

14. ვინაიდან განცხადება განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად, მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

15. სსსკ-ის 399-ე მუხლით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ–ის“ წარმომადგენლის განცხადება დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ჯ–“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს ა. ტ–ის (პ/ნ ........) მიერ 2022 წლის 2 მაისს N13205642727 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური