ას-45-2022
15 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ დირექტორის მიერ სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 09 ოქტომბერს ბ.ქ–მა (შემდეგში: მოსარჩელემ, კერძო საჩივრის ავტორმა) სარჩელი აღძრა ა.გ–ის (შემდეგში: მოპასუხის) მიმართ, დირექტორის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.1. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ.ქ–ი 2012 წლამდე იკავებდა შპს ,,დ“-ის დირექტორის პოზიციას. 2012 წლის 6 აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე, რომელიც სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 14 თებერვალს, საწარმოს დირექტორად დაინიშნა მოპასუხე ა.გ–ი.
1.2. შპს ,,დ“-ის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს კომერციული ფართების გაქირავების შედეგად მიღებული თანხები. შპს ,,დ “-ს იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სს ,,ვ.პ.ჯ–თან“ ბენზინგასამართი სადგურის ქირავნობასთან დაკავშირებით, საიდანაც მიღებული შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 5 310 აშშ დოლარს. ასევე კომერციული ფართები გაქირავებულია შპს ,,წ–ზე“, საიდანაც ყოველთვიურად მიღებული შემოსავალი შეადგენს 1400 აშშ დოლარს.
1.3. მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე 2014 წლიდან განზრახ ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებას და აღნიშნული თანხები არ შეაქვს საწარმოს ანგარიშზე, შესაბამისად, არ ასრულებს სამეწარმეო კანონმდებლობით ნაკისრ ფიდუციურ ვალდებულებებს, მოითხოვა მოპასუხე ა.გ–ისათვის შპს ,,დ “-ის სასარგებლოდ 418 770 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით) გადახდის დაკისრება.
1.4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი კეთილსინდისიერად უძღვება საწარმოს ხელმძღვანელობით საქმიანობას. სს ,,ვ.პ.ჯ–ა“ და შპს „წ–თან“ დადებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხები კი მოხმარდა საწარმოს სხვადასხვა ხარჯებსა და მიმდინარე გადასახადებს.
1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.ქ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ბ.ქ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის საქმის დასრულებამდე გადავადება ითხოვა.
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ბ.ქ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.ქ–ს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა 07 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
2.2. 2021 წლის 08 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და მისი გადახდის გადავადება ითხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბ.ქ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის საქმის დასრულებამდე გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.ქ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 07 დღით და დაევალა 07 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
2.4. 2021 წლის 06 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა და ამჯერად უკვე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 01 თვის ვადით, რაც საკმარისი დრო იქნებოდა მის გამოსაჯანმრთელებლად.
2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ბ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ბ.ქ–ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2021 წლის 29 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა კი დაიწყო 2021 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 06 დეკემბერს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არამედ მხარემ სააპელაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის 01 თვით გადავადების თაობაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულვებელყოფა, არამედ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ობიექტური საფუძვლით. აპელანტს _ ბ.ქ–ს კი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიეცა გონივრული ვადა ხარვეზის შესავსებად და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ განახორციელა.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ფინანსური და საყოფაცხოვრებო პირობები და მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, იგი არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაათავისუფლა, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადა (თუნდაც ნაწილობრივ) და არც მისი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
3.2 კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არამართლზომიერად უთხრა უარი მისთვის ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელებაზე, მაშინ, როდესაც მას არ დაუკარგავს ინტერესი საქმის განხილვის მიმართ, არამედ შექმნილი საყოფაცხოვრებო მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით წაერთვა სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, კერძო საჩივრის ავტორისადმი სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ბ.ქ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.ქ–ს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა 07 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2021 წლის 08 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და მისი გადახდის გადავადება ითხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბ.ქ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.ქ–ს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 07 დღით და დაევალა 07 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამის შემდგომ, 2021 წლის 06 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ.ქ–მა და ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის 01 თვით გაგრძელება ითხოვა. წარმოდგენილ განცხადებაში კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც, იმყოფებოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომებიც და ექიმების რეკომენდაციით იმყოფებოდა იზოლაციაში. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მან განცხადებას თან დაურთო სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N IV-100/ა _ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
8. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმ გარემოებას, რომ მას გააჩნდა საქმის განხილვის საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი, თუმცა ვერ შეძლო მისი რეალიზება შექმნილი მძიმე ფინანსური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც დაემატა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შესაბამისად, ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას არ მიეცა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების შესაძლებლობა.
9. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. ამის პარალელურად კანონმდებლობა აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როცა სასამართლოს ეძლევა დისკრეცია მისი მიხედულებისა და ე.წ. „პროპორციულობის ტესტის“ შესაბამისად, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეაფასოს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვისგან საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს შეუძლია მხარის მიმართ გარკვეული შეღავათები გამოიყენოს. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს შესაძლებლობა წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მოქალაქის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სასამართლო ხარჯები.
11. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით კი დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება - უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (ფილისი საბერძნეთის წინააღმდეგ (N 1), §59208; დე გოფრი დო ლა ფრადელი საფრანგეთის წინააღმდეგ, §28209; სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], §229210; ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], §120211). შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი.
12. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას, თუმცა რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისთვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (იხ. Weissman and Others v. Romania, №63945/00, §34, 35, 24 მაისი, 2006 წელი), მაგრამ ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა. უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობის გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ. საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, №38736/04, §41, 30 იანვარი, 2008 წელი).
13. როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორმა 2021 წლის 06 დეკემბრის განცხადებით სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის 01 თვით გაგრძელება. განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 02 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან (იხ. ს.ფ. 321) დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის პერიოდში, ჰქონდა სხვადასხვა ფორმით გამოხატული პრობლემები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბ.ქ–ს აღენიშნებოდა მათ შორის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, ბრონქოპნევმონია, ქვედა კიდურების თრომბოფლებიტი, ვენური უკმარისობა და პოსტკოვიდური მდგომარეობა. შესაბამისი დაწესებულების ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება, ხველა ნახველის გამოყოფით, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა. ამ და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით კი ბ.ქ–ის ავადმყოფობის მიმდინარეობა ექიმი-სპეციალისტის მიერ შეფასდა როგორც მწვავე, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორს დაენიშნა წოლითი რეჟიმი ბინაზე, სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა და ლაბორატორული გამოკვლევები.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საფუძვლით მოთხოვნილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული საფუძვლით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 07 დღიანი ვადა გაუგრძელა კვლავ 07 დღით. ამის შემდგომ, ხარვეზის შესავსებად დადგენილი პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელეს გამოუვლინდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ამ გარემოებიდან გამომდინარე, 2021 წლის 06 დეკემბერს, ხარვეზის შევსების ვადის 01 თვით გაგრძელება ითხოვა და აღნიშნული თხოვნა ეფუძნებოდა უკვე არა მის ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც ამას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის საქმის დასრულებამდე გადავადების შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, არამედ კერძო საჩივრის ავტორმა ვადის გაგრძელება ითხოვა ახალი საფუძვლით, კერძოდ, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. ამდენად, კასატორს არ მოუთხოვია არც ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, არც მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე, რასაც იგი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე ითხოვდა, არამედ კერძო საჩივრის ავტორმა ვადის გაგრძელება ითხოვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მისთვის მიცემულ ვადაში შეევსო.
15. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა ახალი საფუძველი ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსების შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე, სააპელაციო სასამართლომ ერთხელ ჩათვალა, რომ არსებობდა ხარვეზის შესავსებად მოსარჩელისთვის დაწესებული ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი (სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ხარვეზის შევსების ვადა 07 დღით გაუგრძელა), რითაც მიზანი, რომ მოსარჩელეს მოეხდინა მისი სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზება, უპირატესად მიიჩნია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ნამდვილად განხორციელდა რიგი მოქმედებები სამართლიანი სასამართლოს უფლების დასაცავად, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის პერიოდში მკვეთრად გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს ბ.ქ–ის 2021 წლის 06 დეკემბრის განცხადებაზე და მისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 01 თვით ან თუნდაც 01 თვეზე უფრო ნაკლები, გონივრული ვადით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას, რათა სრულყოფილად იყოს უზრუნველყოფილი მხარისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, აღნიშნულით კი დაცული იქნება ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის ხელახლა შესამოწმებლად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ქ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე