3გ-ად-16-გ-02 27 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ვაკე_საბურთალოსა და დიდუბე_ჩუღურეთის სააღსრულებლო ბიუროს 2001 წლის 13 დეკემბრის ¹01/04-71 საინკასო დავალების ბათილად ცნობა და, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის, 30-ე მუხლის პირველი ნაწილისა და «სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საინკასო დავალების მოქმედების შეჩერება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ¹000102599 ანგარიშზე ვაკე_საბურთალოსა და დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი საინკასო დავალება ¹01/04-71, შპს «ს-ის» სასარგებლოდ 631999,5 ლარის ჩამოჭრის შესახებ, 2001 წლის 13 დეკემბერს გახდა ცნობილი. საინკასო დავალების საფუძველს საარბიტრაჟო სასამართლოს 2000 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს, რომლის თანახმად მოვალე საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. მოსარჩელის აზრით, საინკასო დავალება მთელი რიგი ნორმატიული აქტების დარღვევითაა შესრულებული. კერძოდ, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, «სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს_სახელმწიფო დაწესებულებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ». აღსრულების სხვა საბიუჯეტო სახსრების მიმართულებით წარმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს. მოსარჩელე თვლის, რომ დარღვეულია, ასევე, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 921 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, იძულებითი აღსრულება ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ შეიძლება დაიწყოს. ასევე, აღსრულება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიშიდან უნდა განხორციელდეს, რომლის წინააღმდეგაც არის გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალური ხარჯების ანგარიშიდან.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და 921 მუხლზე დააფუძნა.
კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დიდუბე_ჩუღრეთისა და ვაკე_საბურთალოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ¹000102599 ანგარიშზე წარდგენილი ¹01/04-71 საინკასო დავალების მოქმედების თაობაზე იმ საფუძვლით დაკმაყოფილდა, რომ არსებობდა დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების თაობაზე.
შპს «ს-ის» წარმომადგენელმა კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 დეკემბრის განჩინების თაობაზე კერძო საჩივარი შეიტანა. მოსარჩელის აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ, თითქოს, სააღსრულებო ბიურომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 921 მუხლის მოთხოვნები დაარღვია. სააღსრულებო ბიუროს მოქმედების კანონიერება საქმეში არსებული 2000 წლის 18 დეკემბრის ¹412/5-06 წერილით დასტურდება, რომლითაც ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებს ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის 1 თვიანი ვადა მიეცათ. მოგვიანებით კი, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის 2001 წლის 4 იანვრის ¹01/03-825 წერილით ეს ვადა სამ თვემდე გაიზარდა. ამდენად, მოსარჩელის აზრით, სააღსრულებო ბიუროს კანონით გათვალისწინებული ვადა არ დაურღვევია. «ს-ის» წარმომადგენლის მითითებით, აღსრულება საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ანგარიშიდან, კერძოდ, ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო დეპარტამენტის ¹... ანგარიშიდან უნდა მოხდეს. ასევე, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა სასამართლოში შეტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შეტანილ უნდა იქნეს დასაბუთებული განცხადება, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. «ს-ის» წარმომადგენელმა თავისი მოთხოვნა ზემოთაღნიშნულ გარემოებებზე დააფუძნა.
თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად საქმესთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 18 თებერვლის განჩინებით აღნიშნული საქმე და შპს «ს-ის» კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეცა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სააღსრულებლო ბიუროს საინკასო დავალება ადმინისტრაციულ აქტად არ მიიჩნია, რადგან სასამართლოს აზრით, იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ_სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს.
შპს «ს-ის» პრეზიდენტი განცხადებით დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 18 თებერვლის განჩინებას და კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საინკასო დავალება ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს და სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ უნდა გამოეყენებინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის ვითარებას, მოისმინა მხარეთა განცხადებები და მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიური საჯარო ფუნქციებს ასრულებს, აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოა, ხოლო მისი საინკასო დავალება _ ადმინისტრაციული აქტია და მისი ბათილობის შესახებ სარჩელი ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 3 მაისის განჩინებით შპს «ს-ის»-ის კერძო საჩივარი სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წ. 18 თებერვლის განჩინების, ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 მაისის განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 თებერვლის განჩინება და შპს «ს-ის» კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ამავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ სააღსრულებო ბიუროს საინკასო დავალება ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს, რადგან იგი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი არ არის, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტი). საყ-დღებოა ისიც, რომ ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად «ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: «სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან.» ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიურო ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს, კერძოდ, სააღსრულებო სამსახური წარმოადგენს სააღსრულებო დაწესებულებას და შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია სააღსრულებო ბიუროები, რომლებიც სასამართლო აღმასრულებელთა მეშვეობით აღასრულებენ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს (ამ კანონის 1-ლი, მე-4, მე-5 მუხლები).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააღსრულებო ბიუროს და აღმასრულებლის საინკასო დავალება, ისევე როგორც სააღსრულებო ბიუროსა და აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად განხორციელებული ყველა ქმედება, მართალია, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, მაგრამ ამასთან, არის ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიაყენოს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი). «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილი უშვებს სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრებას სასამართლოში, კერძოდ, «კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, დაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «ს-ის» კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეცეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იზელმძღვანელა საქართველოს ამინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-286-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 18 თებერვლის განჩინება.
2. შპს «ს-ის» კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაექვემდებაროს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.